ახალი ამბები

კუბლაშვილი: კადრების გავრცელების მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა

14 მარტი, 2016 • 1286
კუბლაშვილი: კადრების გავრცელების მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა

პარლამენტის წევრი, პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევაა. მისი თქმით, პროცესების უკან რუსეთი დგას:

‘მთავარია, ვეძებოთ მიზანი, რა მიზნით შეიძლება ქვეყნდებოდეს ასეთი ჩანაწერები, აქ არ არის საუბარი რამდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა. ამის მცდელობები წინა წლებშიც არაერთხელ იყო. დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან მოდის. ”

დეპუტატის თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის:

“ასეთ საკითხებთან მედიასაც და პარტიებსაც ძალიან განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, მაგრამ პირველი, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, არის ხელისუფელბა, რომელმაც ძალიან მოკლე ვადაში უნდა გახსნას ეს დანაშაული, თუ გვინდა რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები და სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყნის შიგნით,”- აღნიშნავს “ახალი პოლიტიკური ცენტრის – “გირჩის” წევრი პავლე კუბლაშვილი.

პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ შეწყვეტენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი ასეა განმარტებული: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პარასკევს, 11 მარტს,  უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელშიც ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ასახულია ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი