ახალი ამბები

გიგი წერეთელი: სპეციალური სამსახურები ყველა ქვეყანაში აგროვებენ რაღაც მასალებს

14 მარტი, 2016 • 1477
გიგი წერეთელი:  სპეციალური სამსახურები ყველა ქვეყანაში აგროვებენ რაღაც მასალებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საკითხის კომენტირებისას ამბობს,

სპეციალური სამსახურები ყველა ქვეყანაში აგროვებენ რაღაც მასალებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “რაც არ შეიძლება, გამოქვეყნდეს”.

წერეთელი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ეფექტურად არ ჩაერევა და ზომებს არ მიიღებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით, “უნდა ველოდოთ უარესის გაგრძელებას”:

“სამწუხაროდ, კიდევ არის ახალი გაფრთხილებები, ახალი კადრები და მგონია, რომ თუ ასე არაეფექტურად გაგრძელდა ამ პროცესში ჩარევა და გარკვეულად ზომების [მიღება] ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ჩვენ კიდევ უნდა ველოდოთ უარეს გაგრძელებას.  არჩევნები მოდის და, ფაქტია, საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო გააღვივებს და გაამძაფრებს კომპრომატების ომს”.

წერეთელი ამბობს, რომ ვიდეოკადრების გავრცელება პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

“ახლა, ვინ რატომ აკეთებს ამას, ამის ანალიზი შეიძლება, მაგრამ ეს პროცესი არის შესაჩერებელი და ნუ მოვთხოვთ მხოლოდ საზოგადოებას, რომ  გამოვარდეს ქუჩაში, გადაკეტოს გზები და მოითხოვოს პროცესის შეჩერება. ეს ხელისუფლების საქმეა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. თუ სადმე რაიმე ჩანაწერები არსებობს, რომლის გამოქვეყნება არ უნდა ხდებოდეს და ეს ქვეყნდება, პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი . ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით აბსოლუტურად უუნაროა ხელისუფლება, რომ წინ აღუდგეს ამ ვითარებას”, – აცხადებს წერეთელი.

ჟურნალისტების კითხვაზე,  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები წინა ხელისუფლების დროს ხომ არ იყო ჩაწერილი, წერეთელმა უპასუხა:


“მე არ შევუდგები დეტალების ანალიზს, ამას ალბათ, თუ საჭირო იქნება, სპეციალისტები გააკეთებენ,  როდის და რანაირად, ამის მტკიცებულებებიც არსებობს, როდის, რა ფირია გადაღებული. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იღებდეს ამას და მინდა გითხრათ, რომ სპეციალური სამსახურები ყველა ქვეყანაში აგროვებენ რაღაც მასალებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც არ შეიძლება,  ის გამოქვეყნდეს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. მე არ მახსოვს არც ერთი ფაქტი, როცა ამგვარი ტიპის მასალა წინა, იმ ცხრაწლიანი ხელისუფლების დროს, რომელსაც ყველა ბრუნვაში ატრიალებენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამგვარი კადრები ვინმეზე გამოქვეყნებულიყო, არ ყოფილა ასეთი ფაქტი.”

11 მარტს youtube ზე გამოქვეყნდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელზეც ამტვირთავის განცხადებით ასახულია ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

14 მარტს youtube ზე კვლავ გამოქვეყნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელზეც პირები არ არიან იდენტიფიცირებული, თუმცა ვიდეო შეიცავს მუქარას რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ შეწყვეტენ საქამიანობას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც.

ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. ამ დრომდე დამნაშავეები გამოვლენილი არ არიან და მთავარი პროკურატურა დამატებით ინფორმაცია არ ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი