ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” უკანონო თვალთვალის გასაპროტესტებლად ახალ კამპანიას იწყებს

13 მარტი, 2016 • 1658
“ეს შენ გეხება” უკანონო თვალთვალის გასაპროტესტებლად ახალ კამპანიას იწყებს

“სამართლიანი არჩევნების” კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კამპანია “ეს შენ გეხება” განახლდება და გახდება უფრო მასშტაბური, ვიდრე ადრე იყო.

საპროტესტო მსვლელობა 19 მარტს არის დაგეგმილი.

ლომჯარიას განცხადებით, მზად არიან, პროცესში ჩართონ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომელთაც ეს საკითხი აღელვებთ, რათა კამპანია უფრო მასშტაბური გახდეს.

“ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მომავალ შაბათს, 13:00 საათზე იქნება საპროტესტო მსვლელობა, სადაც გავაპროტესტებთ იმ პრაქტიკას, რაც არსებობდა საქართველოში და რაც დღესაც არსებობს. აქვე მინდა გავამახვლო ყურადღება იმაზეც, რომ ეს არ შეეხება ნამდვილად მხოლოდ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ საჯარო პირებს. ეს პრობლემა შეიძლება შეეხოს თითოეულ მოქალაქეს. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, უღებდნენ და უთვალთვალებდნენ არა მხოლოდ კაბინეტებსა თუ სხვა კონსპირაციულ ადგილებში, არამედ ეს პრაქტიკა ხორციელდებოდა არაერთ სასტუმროში, რომლის სტუმარიც, ალბათ, იყვნენ რიგითი მოქალაქეებიც. შესაბამისად, ნურავინ იფიქრებს, რომ აღნიშნული პრობლემა შეეხება მხოლოდ კონკრეტულ პირებს, ან კონკრეტულ პოლიტიკოსებს. ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იყოს და დღესაც გახდეს მსგავსი თვალთვალის და პირად ცხოვრებაში ჩარევის მსხვერპლი,”- განაცხადა მან ‘რუსტავი 2″-ის ეთერში.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც, ავტორის მითითების თანახმად, ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კადრების გავრცელება არის დარტყმა სახელმწიფოზე და ამ დარტყმაზე პასუხი უმკაცრესი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი