ახალი ამბები

თავისუფალი ჭიდაობა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

11 მარტი, 2016 • 3206
თავისუფალი ჭიდაობა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია.

61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დაამარცხა (6:1) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ხინჩეგაშვილმა ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა (4-2), მანამდე კი სომხეთის ნაკრების წევრს ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ევროპის ჩემპიონის ტიტული კი მან მეორედ მოიპოვა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ამ ეტაპისათვის 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ბრინჯაოს პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე ( 97 კგ) და დავით მარსაგიშვილი (86 კგ) გახდნენ. 11 მარტს მედლებისათვის 70 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი