ახალი ამბები

სტიქიისგან დაზარალებული რეგიონები და დაუთვლელი ზარალი

21 ივნისი, 2011 • • 2045
სტიქიისგან დაზარალებული რეგიონები და დაუთვლელი ზარალი

საქართველოში ივნისის თვეში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზარალი ათეულობით მილიონ ლარს აჭარბებს. ზიანის ზუსტი ოდენობა კი საზოგადოებისთვის ხვალ, გუბერნატორების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს რეგიონებში ზარალის დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სახნავ-სათესი მიწები, წყალდიდობის შედეგად დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი. მოვარდნილმა წყალმა, ასევე, დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. საქართველოს რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. წყალდიდობებსა და ღვარცოფს ბოლო ერთი თვის მანძილზე მინიმუმ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 დაიღუპა რიკოთის უღელტეხილზე 18 ივნისს მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად. ღვარცოფმა მთლიანად წალეკა კვების ობიექტი ”რიკოთი”. ხუთივე დაღუპული ამ ობიექტის თანამშრომელი იყო, კიდევ ერთ თანამშრომელს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მეექვსე გარდაცვლილი კი ფშავიდანაა. აქ მოვარდნილმა წყალმა 12 წლის გოგონა გაიტაცა, რომელიც ოჯახის წვერებთან ერთად მდინარეზე საცალფეხო ხიდით გადადიოდა. ის ნათესავებმა მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

უეცრად მოვარდნილმა წყალმა ფშავის რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები წალეკა, ასევე, დატბორა სახნავ-სათესი მიწები, რამდენიმე სახლს კი საძირკველი გამოაცალა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა.  მოსახლეობას დაეხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი. სტიქიამ ასევე დააზარალა თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის რაიონები. სხვა რეგიონების მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები აქაც განადგურებულია.

კალაპოტიდან  გადმოსულმა მდინარემ 14 ივნისს სამეგრელოში მნიშვნელოვნად დააზარალა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონები. სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედი ინტერნეტ–გამოცემა livepress.ge ადგილობრივ გამგეობებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხობსა და მის ხუთ სოფელში ზარალმა ჯამში 400 ათას ლარს გადააჭარბა. ჩხოროწყუში წვიმისგან გამოწვეული ზარალი 100 ათას ლარს აჭარბებს, წალენჯიხაში – 45 ათასს, მარტვილში – 68 ათასს, აბაშაში კი – 5 ათასს. გამოცემის ინფორმაციით, თანხის ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გაიღებენ, ნაწილს კი – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ზარალის საბოლოო ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის შიდა ქართლის რეგიონში. პრეზიდენტის რწმუნებული პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ომაძის წინასწარი ინფორმაციით, ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად მინიმუმ 1500 ოჯახი დარჩა საოჯახო ნივთების, ნათესების, ასევე შინაური ფრინველებისა და ცხოველების გარეშე. ნათია ომაძის ინფორმაციით, სპეციალისტები დადიან რეგიონის ყველა დაზარალებულ უბანში და ზარალის აღრიცხვას აგრძელებენ. მისი თქმით, ზარალის შესახებ ზუსტი მონაცემები 22 ივნისს საღამოს, ან 23-ში დილით, გახდება ცნობილი.

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ასეევ დააზარალეს კახეთის რეგიონი (სოფელი ალავერდი და საგარეჯო) და იმერეთი (ხარაგაულის რაიონი). ზარალის შესახებ საბოლოო მონაცემები ხვალ, გუბერნატორების თათბირზე გახდება ცნობილი.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მეწყერი ორჯერ ჩამოწვა თბილისი-ცხვარიჭამიას გზის მონაკვეთზე. მეორეჯერ ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის გაწმედაზე მომუშავე ტექნიკაც ქვეშ მოიყოლა, თუმცა, არავინ დაშავებულა. მეწყერის გამო მოძრაობა შეფერხდა კობი-გუდაურის გზის რამდენიმე მონაკვეთზე.

უეცრად მოვარდნილმა წყალმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას. თბილისის დიდი ნაწილი რამდენიმე დღის მანძილზე წყლის გარეშე იყო დარჩენილი, მიზეზი კი წყლის მომწოდებელი სათავე ნაგებობის დაზიანება იყო.

დღეს, 21 ივნისს, გამართული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ სტიქიური უბედურებები და ამით გამოწვეული ზარალის განხილვა იყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, აღდგენითი და გზის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოში სულ 25 ადგილზე მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, აქ საავტომობილო გზა და ინფრასტრუქტურა მეწყერამდელ მდგომარეობას 10 დღეში დაუბრუნდება. მინისტრის თქმით, რიკოთის უღელტეხილი რეგიონში ტვირთბრუნვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, ამიტომ აქ აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გზის აღდგენაზე აქ 1400 ადამიანი და 400 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს.

ჯერჯერობით, მთავრობაში არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია,  ჯამში რამდენს შეადგენს საქართველოს რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზარალი. ამის შესახებ ხვალ, გუბერნატორების თათბირის შემდეგ გაირკვევა. ნიკა გილაურის ინფორმაციით, გუბერნატორთა შეხვედრას ფინანსთა ახალი მინისტრი – დიმიტრი გვინდაძეც დაესწრება, რათა აღდგენითი სამუშაოებისა და ზარალის აღმოფხვრისთვის ფინასების გამოყოფაზე იმუშაოს.

 

ამავე თემაზე:

14 მილიონი დაზიანებული გზის აღსადგენად

სტიქიის შედეგები მთავრობის სხდომაზე განიხილება

ემილ წერეთელი: რიკოთზე სტიქია ანომალური მოვლენა იყო

სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი