რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალი და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები იქნება დღეს მთავრობის სხდომაზე განსახილველი ერთ–ერთი მთავარი საკითხი.
18 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
გუშინ, გვიან ღამით, რიკოთის გვირაბის მისასვლელი გზის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, ყოფილი რესტორანი “რიკოთის” პირდაპირ, ასფალტის საფარი გაიჭრა და სანიაღვრე მილები ჩამონტაჟდა. აღნიშნული მილების საშუალებით, მთიდან წამოსული ქვა-ღორღიანი წყლის ნაკადი მდინარე სურამულასკენ იქნა მიმართული, რის შედეგადაც, გზა წყლისგან გაიწმინდა. გზის მონაკვეთი სურამიდან რიკოთის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ ხევამდე 25 ადგილზეა დაზიანებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ორ დღეში 21 მონაკვეთის აღდგენა დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით წამოსული სატვირთო ავტომობილების უპრობლემოდ გადაადგილება გახდა შესაძლებელი. მსუბუქი ავტომობილები კი, ამ ეტაპზე საჩხერე-ჭიათურის გავლით მოძრაობენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ გზის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში მოხდეს, 360 ერთეული ტექნიკა და 1100 ადამიანი მუშაობს.
გუშინვე, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უამინდობის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა სრული ინფორმაცია მოითხოვა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის დეტალებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველოში ტურისტების დიდი რაოდენობით შემოსვლაა მოსალოდნელი და თუ კი გზა არ აღდგება, ბევრი ოჯახი დაკარგავს შემოსავალს.
„უკვე საკურორტო სეზონი და, შესაბამისად, თბილისიდან და მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან ინტენსიური მოძრაობა იწყება. დაუშვებელია, რომ ეს გზა არ აღდგეს, რადგან უამრავ ოჯახს დაეკარგება შემოსავალი. ძალიან კარგია, რომ სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. დიდი სტიქია დაგვატყდა თავს, რასაც მსხვერპლიც მოყვა. კარგია, რომ დროზე მივუსწარით და რიკოთის გზა მთლიანად არ ჩამოგვეშალა. იმ პირობებში, როდესაც გვირაბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ გზის ჩამოშლა მოძრაობის გაჩერებას გამოიწვევდა. ეს კი, წარმოუდგენელი კატასტროფა იქნებოდა. აი, რას ნიშნავს, რომ გვაქვს რესურსი, ყველგან მშენებლობაა, გვყავს ხალხი და გვაქვს ტექნიკა. ამან გაგვატანინა თავი. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება – ამინდმა ყველგან აურია. გარშემო მობილიზებულმა ტექნიკამ მთავარი კატასტროფა აგვაცილა. მართალია, ის პროექტები ცოტა ხნით შევაჩერეთ, რომლებიც განხორციელების პროცესში იყო, მაგრამ უფრო დიდ უბედურებას ავცდით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ რეგიონებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებით, ასევე იქ მცხოვრები ოჯახების მატერიალური მდგომარეობით დაინტერესდა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დახმარება, რომლებსაც სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა. როგორც მან აღნიშნა, მოახლოებული საკურორტო სეზონის წინ სახელმწიფო ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, შესაძლოა, მთელი შემოსავალი დაკარგონ.
ზარალის დასათვლელად ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს, რის შემდეგაც დაზიანებული ინსფასტრუქტურის აღდგენა მოხდება. სურამსა და ჩუმათელეთშიც მიმდინარეობს ზიანის დათვლა. ადგილზე გარემოს მდგომარეობის შესასწავლად იმყოფებიან გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგები.
ამავე თემაზე:








