ახალი ამბები

ბაქრაძე: ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

10 მარტი, 2016 • 1529
ბაქრაძე: ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის 9 მარტის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი თანამიმდევრულია იმ პოლიტიკაში, რომელსაც მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში ახორციელებს.

“საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. დაემატება ძალიან მალე კიდევ ერთი –  უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება. ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი და დაფასება იმ შრომისა და იმ შედეგისა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ იმ რეფორმებით, რაც ქვეყანაში განხორციელდა, მიიტანა ევროკავშირის ყურადღებამდე,” -აცხადებს დავით ბაქრაძე.

ეს განცხადება ბაქრაძემ 10 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომლებიც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესისი დასრულებამდეა დარჩენილი.

“ევროკომისიის ფარგლებში განსაზღვრული პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც ევროკომისიამ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს. გამომდინარე პროცედურებიდან, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს, პარალელური პროცესები წავა როგორც ევროპარლამენტში, ისე ევროკავშირის საბჭოში. ევროპარლამენტში წინადადების შესვლის შემდეგ აღნიშნული საკითხი გადავა ერთ-ერთი კომიტეტის კომპეტენციაში ამ საკითხის პარლამენტში განსახილველად მსამზადებლად. ეს კომიტეტი არის შინაგან და იუსტიციის საკითხთა კომიტეტი, რომელიც შესაბამის მომხსენებელს, თავის კომიტეტის წევრს დაავალებს, რომ მოამზადოს საკითხი. თავდაპირველად ეს საკითხი გავა უშალოდ კომიტეტზე, რომელიც კენჭს უყრის და უბრალო უმრავლესობით მიიღებს პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს, ხოლო შემდგომ ეს წინადადება წავა პლენარულ სხდომაზე, სადაც ასევე უბრალო უმრავლესობით მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

პარალელურად ევროკავშირის საბჭოში შესაბამის სხვადასხვა დონეზე, ეს იქნება როგორც მუდმივი წარმომადგენლების დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ეს იქნება ასევე მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების და მუდმივი წარმომადგებლობის, ასევე მინისტრების საბჭოს დონეზე საკითხების განხილვა.

საბოლოო გადაწყვეტილებამდე ეს საკითხი განიხილულ იქნება იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მას შემედეგ, რაც საკითხი უკვე იქნება მიღებული საბჭოს მიერ, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მარტივია მისი საბოლოო ფორმით და გულისხმობს რეგულაციაში 539/2001, პირველი დანართიდან საქართველოს ამოღებას და მეორე დანართში საქართველოს დამატებას. ანუ დანართში, რომელიც განსაზღვრავს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებული არიან შენგენის ქვეყნებში სავიზო მოთხოვნებისგან.

ეს სახელმწიფოებია ევროკავშირის შენგენის წევრი ქვეყნები, ასევე 4 კანდიდატი  ქვეყანა, როგორიც არის ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია და კვიპროსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ეს არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. თუმცა ემატება ევროკავშირის არაწევრი, მაგრამ შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოები:  შვეიცარია, ნიორვეგია, ისლანდია და ლიხტენშეინი. ეს არის განსაზღვრული საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისთვის და მოიცავს პერიოდს 90 დღის ჯამური რაოდენობით ნებისმიერი 180 დღიდან,”- აცხადებს დავით ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი