ახალი ამბები

პრემიერი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე: ეს არის ჩვენი ხელისუფლების დიდი შრომის შედეგი

10 მარტი, 2016 • 1354
პრემიერი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე: ეს არის ჩვენი ხელისუფლების დიდი შრომის შედეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის საკანომდებლო ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

პრემიერმა ეს განცხადება 10 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის გააკეთა.

“ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, ძალიან დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგი. ეს არის ასევე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი და ამისთვის ყველას მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო და მინდა მოგილოცოთ,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკომისარსა და ევროკომისიას  ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

“ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ეს არის არის მნშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის მართლაც ასე პოზიტიურად წარმართვაში. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში, ეს არის ევროკავშირის საბჭო და ევრპარლამენტი, და ალბათ რამდენიმე თვეში პროცესი წარატებით დასრულდება. ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავიუხადო ასევე ევროკომისარს იმ საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისათვის საქართველოს მიერ მიღწეული პროცესის საფუძველზე. და, რა თქმა უნდა, ევროკომისიას, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის ამ პროცესში. საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ პროცესში,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გუშინ, 9 მარტს, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი  ევროკომისიის ვებგვერდზე არის ატვირთული. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი