ახალი ამბები

უსუფაშვილი: მხოლოდ ჩვენი წარსულით ფონს ვეღარ გავალთ

10 მარტი, 2016 • 1125
უსუფაშვილი: მხოლოდ ჩვენი წარსულით ფონს ვეღარ გავალთ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკომისიის საკანომდებლო ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ევროპული ოჯახის წევრობის ყველაზე ნათელი მაგალითია. ამის შესახებ მან პარლამენტში ზოგადი განათლების კონფერენციის დაწყებისას განაცხადა:

“გუშინ ჩვენ მივიღეთ მორიგი სასიხარულო ინფორმაცია ევროპის დედაქალაქიდან, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. სულ რამოდენიმე თვეში ჩვენს მოქალაქეებს მართლაც თავისუფლად შეეძლებათ ევროპულ სივრცეში გადაადგილება. ეს ყველაზე უფრო ნათელი მაგალითია ევროპული ოჯახის წევრობის, მაგრამ ეს სხვა რამესაც ნიშნავს.  ნიშნავს, რომ ჩვენ ვერთვებით და ჩართული ვართ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაში. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ძლიერები”

უსუფაშვილის მოსაზრებით, საქართველო მხოლოდ წარსულით ფონს ვეღარ გავა:

“ჩვენ გვაქგვს მყარი საფუძველი, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები,  ჩვენი წარსული, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვეღარ გავალთ. ჩვენ უნდა ვიყოთ განათლებული, მომზადებული ყველა სფეროში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სხვა დარგებში. სხვანაირად, თუ საიდანმე ქართველებს, ქართველობას, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან.”

გუშინ, 9 მარტს, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი  ევროკომისიის ვებგვერდზე არის ატვირთული. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი