ახალი ამბები

პოროშენკო მზადაა ნადია სავჩენკოს დასაბრუნებლად რუსეთს სამხედრო ტყვე გადასცეს

10 მარტი, 2016 • 1198
პოროშენკო მზადაა ნადია სავჩენკოს დასაბრუნებლად რუსეთს სამხედრო ტყვე გადასცეს

რადიო თავისუფლების” ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა, რომ რუსეთში დაპატიმრებული ნადია სავჩენკოს დასაბრუნებლად რუსეთს ტყვე გადასცეს.

“თუ მკითხავთ, რომ შესაძლებელია თუ არა ტყვეების გაცვლა, მე გიპაუხებთ, რომ “დიახ”, გამოვიყენებ პირველად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ 9 მარტს ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ დათანხმდება ნებისმიერ დამაკმაყოფილებელ ინიციატივას ტყვეების გაცვლის თაობაზე.

tass.ru-ს ცნობით, 10 მარტს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანამ სასამართლო ნადია სავჩენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე შეუძლებელია გავცვლაზე საუბარი.

ნადია სავჩენკოს საქმეზე გადაწყვეტილება რუსულმა სასამართლომ 21-22 მარტს უნდა გამოიტანოს. სავჩენკო 3 მარტიდან შიმშილობს.

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია 9 მარტს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც გაიმართა.

სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი