ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე: მთავრობა გოგი თოფაძის მიერ თურქეთზე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება

9 მარტი, 2016 • 1228
მიხეილ ჯანელიძე: მთავრობა გოგი თოფაძის მიერ თურქეთზე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ თურქეთზე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება.  ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან. თურქეთი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი როგორც ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით, ასევე საინვესტიციო კუთხით,”- განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, “ჩვენ თურქეთთან ყოველდღიურად ვაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არის ძალიან მტკიცე და დაფუძნებულია ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე”.

გოგი თოფაძის განცხადებას დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც გაემიჯნა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით,   თოფაძის განცხადება  სრულიად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას:

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,” – აცხადებს კვაჭანტირაძე.

დღეს, 9 მარტს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  ‘მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ ოკუპაციის კონტექსტში თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს შეადარა:

“როცა დაიწყო ლაპარაკი, რომ გაზპრომიდან დამატებითი აირი შეიძლება მივიღოთ, ამას სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ეკონომიკურად თუ ვლაპარაკობთ, რაც უფრო მეტი მომწოდებელი გყავს, ეს უფრო ეკონომიური იქნება, სავაჭრო გვექნება. ამაზე ააგეს, თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება და სხვადასხვა ღვინის, და თუ ასე ვუდგებით, თურქეთიდან ათასი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”

მასალების გადაბეჭდვის წესი