ახალი ამბები

თოფაძე: თურქეთიდან ამდენი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? [video]

9 მარტი, 2016 • 1444
თოფაძე: თურქეთიდან ამდენი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? [video]

“ამაზე ააგეს [კრიტიკა] ,  რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. თუ ასე ვუდგებით, თურქეთიდან ამდენი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?!”- განაცხადა დეპუტატმა გოგი თოფაძემ 9 მარტს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 9 მარტს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშს ისმენდნენ.  კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ მრეწველთა პარტიის ლიდერმა  გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გაზის რაც მეტი მომწოდებელი ეყოლება, მით უკეთესია:

“როცა დაიწყო ლაპარაკი, რომ გაზპრომიდან დამატებითი აირი შეიძლება მივიღოთ, ამას სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ეკონომიკურად თუ ვლაპარაკობთ, რაც უფრო მეტი მომწოდებელი გყავს, ეს უფრო ეკონომიური იქნება, სავაჭრო გვექნება. ამაზე ააგეს, თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება და სხვადასხვა ღვინის, და თუ ასე ვუდგებით, თურქეთიდან ათასი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”

გოგი თოფაძის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა  იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი არ განაწყენდება:

“მგონი, მაინც ავცდებით ახალ გეოპოლიტიკურ შეჯახებას და კრიზისს ბატონი გოგი გამოსვლის შემდეგ. თურქეთი არ გაგვინაწყენდება და დარჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად,”- აღნიშნა წერეთელმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოსმენას “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციები დიდი ხანი ითხოვდნენ.  ნაციონალურ მოძრაობას აინტერესებდა ენერგეტიკის სამინისტროს  მოსმენა “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალურად ცნობილი 2016 წლის დასაწყისში გახდა. მანამდე ამ ინფორმაციას სამინისტრო უარყოფდა.

2016 წლის 4 მარტს მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ “სოკართან” ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრის მოწოდებაზე და მინისტრმა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს აღარ სჭირდება დამატებითი გაზის შესყიდვა “გაზპრომისგან”.

დამატებითი გაზის გარდა საქართველო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტისგან მიღებულ 10% ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.  საქართველოს ხელისუფლების ცნობით “გაზპრომი” დაჟინებით ითხოვდა ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციას, თუმცა საქართველოს მოთხოვნა ხელშეკრულების ძველ პირობებზე – ტრანზიტის საფასურის ნატურით/ბინებრივი აირის მიღება იყო. შაბათს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” მიაღწიეს შეთანხმებას და ხელშეკრულება გაფორმდება ძველი პირობებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი