ახალი ამბები

სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია

20 ივნისი, 2011 • 1223
სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი სტიქიის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს კი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე ითვლიან.

შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის, ნათია ომაძის თქმით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„რიკოთზე ღამემ უნალექოდ ჩაიარა და ახლაც არ წვიმს. მოღრუბლულია მხოლოდ“, –ამბობს ნათია ომაძე.

ხარაგაულის რაიონის გამგებელი, თორნიკე ავალიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

„აქ არ არის მხოლოდ ერთი და ორი სოფლის ზარალზე ლაპარაკი. სტიქიამ ორ ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე სოფელი დააზარალა“, –ამბობს ხარაგაულის რაიონის გამგებელი.

თორნიკე ავალიშვილის თქმით, ოჯახს, რომელსაც ხარაგაულის ერთ–ერთ სოფელში სტიქიის შედეგად სახლი მთალიანად დაუზიანდა, სახელმწიფო დაეხმარება.

რაც შეეხება ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, ხარაგაულის რაიონის გამგებელი ამბობს, რომ ამ წუთებშიც წვიმს და სავალ გზაზე წყალმა რომ არ იდინოს, სამუშაოები სანიაღვრე არხებზე მიმდინარეობს.

„მოძრაობა კი უკვე აღდგენილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, თუმცა, ჯერჯერობით,  ცალმხრივად. ამ გზაზე ძირითადად სატვირთო მანაქანები დადიან. რაც შეეხება აღმოსავლეთიდან მომავალ მანქანებს, ისინი გომი–საჩეხერე–ჭიათურის გზით გადაადგილდებიან“, –აღნიშნავს თორნიკე ავალიშვილი.

18 ივნისს, საღამოს, რიკოთის მონაკვეთზე საავტომობილო გზის ნაწილი ძლიერი წვიმის გამო მეწყერმა ხევში ჩაიტანა, რის შედეგადაც რესტორან „რიკოთის“ ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. რესტორნის კიდევ ორ თანამშრომელს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი