ახალი ამბები

ილია ელოშვილი: უახლოეს პერიოდში გვექნება ქარის 20-მეგავატიანი ელექტროსადგური

9 მარტი, 2016 • 1519
ილია ელოშვილი: უახლოეს პერიოდში გვექნება ქარის 20-მეგავატიანი ელექტროსადგური

“ენერგეტიკის სამინისტრომ იბიარდთან ერთად დაიწყო საპილოტე პროექტი  და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება  ქარის პირველი,  20-მეგავატიანი ელექტროსადგური,” – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშს ისმენდნენ.

ელოშვილის თქმით, ეს იქნება  “ნიშანი ინვესტორებისთვის” :

” შემდგომში დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა ინვესტორების მიერ  უკვე 500 მეგავატზე მიმდინარეობს კვლევები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ”.

ილია ელოშვილის მტკიცებით, როცა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზეა საუბარი,  ინვესტორი მათგან მის მიერ წარმოებული ენერგიის შესყიდვას ითხოვს:

“ფასებს როცა ვეკითხებით, მზის ენერგია 14-დან 10 ცენტამდე მერყეობს, ხოლო ქარს ორი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის მაინც შედარებით ძვირი რესურსია და მეორე, ვერ შევძლებთ 15% -ზე მეტი შევიყვანოთ ჩვენს სისტემაში იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სისტემა ხდება არასტაბილური. ჩვენი რესურსი, რაც ქარის ათვისების კუთხით გაგვაჩნია, არის რამდენიმე ასეული მეგავატი.”

გარდა ამისა, ელოშვილის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტრო არ არის მოტივირებული, რომ “მაინცდამაინც რომელიმე ერთი მიმართულებით განვვითარდეთ, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ რეალობას. ჩვენი საკუთარი რესურსები უნდა განვავითაროთ. ”

ენერგეტიკის მინისტრის მოსმენას “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციები დიდი ხანი ითხოვდნენ.  ნაციონალურ მოძრაობას აინტერესებდა ენერგეტიკის სამინისტროს  მოსმენა “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალურად ცნობილი 2016 წლის დასაწყისში გახდა. მანამდე ამ ინფორმაციას სამინისტრო უარყოფდა.

2016 წლის 4 მარტს მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ “სოკართან” ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრის მოწოდებაზე და მინისტრმა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს აღარ სჭირდება დამატებითი გაზის შესყიდვა “გაზპრომისგან”.

დამატებითი გაზის გარდა საქართველო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტისგან მიღებულ 10% ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.  საქართველოს ხელისუფლების ცნობით “გაზპრომი” დაჟინებით ითხოვდა ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციას, თუმცა საქართველოს მოთხოვნა ხელშეკრულების ძველ პირობებზე – ტრანზიტის საფასურის ნატურით/ბინებრივი აირის მიღება იყო. შაბათს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” მიაღწიეს შეთანხმებას და ხელშეკრულება გაფორმდება ძველი პირობებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი