ნეტგაზეთი | სარვამარტო მსვლელობა და აქცია თბილისში სარვამარტო მსვლელობა და აქცია თბილისში – Netgazeti
RU | GE  

სარვამარტო მსვლელობა და აქცია თბილისში

დღეს, 16 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. დღესვე, 15:00 საათზე დაგეგმილია სარვამარტო მსვლელობა.

პარლამენტის შენობასთან კვოტირების ღონისძიების ორგანიზატორი “ქალთა მოძრაობაა”.

“8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.  ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას (უფლება იყო არჩეული) მოითხოვს.

“დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს.

სწორედ ამიტომ, შარშან, 2015 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვეთ სავალდებულო კვოტები – საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების 25% წარმომადგენლობას პარლამენტში.

სწორედ ამიტომ, წელს, 2016 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს.

ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რომელი დეპუტატი დაუჭერს მხარს კვოტებს – გვინდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში.

8 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბებით და ას ორმოცდაათ პარლამენტარს მოგწერთ წერილებს და მოგთხოვთ, მხარი დაუჭიროთ კვოტების კანონპროექტს.

ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს”, – ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

აქციაზე სიტყვით გამოვლენ ქალთა უფლების დამცველი აქტივისტები და კვოტების მხარდამჭერი პოლიტიკოსები.

აქციას მუსიკით მხარს დაუჭერენ ქეთათო და ერეკლე დეისაძე.

“აქციაზე გაგიმასპინძლდებით ცხელი სასმელებით. დარიგდება სამახსოვრო საჩუქრები და შეგროვდება შემოწირულობები, რომელიც გადაერიცხება ფონდს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად”.

დღესვე, 15:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართლებით გაიმართება მსვლელობა სახელწოდებით: “8 მარტი – ღირსეული შრომითი პირობებისთვის”.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი Independent Group of Feminists
“ახალგაზრდა მწვანეები” Georgian Young Greens
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)
“ქალთა ფონდი საქართველოში” Women’s Fund in Georgia
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, Women’s Initiatives Supporting Group
“ქალის მზერა”, ქალთა მზერა / Women’s Gaze
“ვეგან ჯორჯია”, Vegan Georgia Vegan.ge
“ლგბტ საქართველო”, LGBT Georgia | ლგბტ საქართველო
“ანარქაფემინისტები”,
“რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი”

მსვლელობით უერთდება 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტური 8 მარტი შრომით უფლებებს 2014 წელსაც მიეძღვნა, ვთვლით, რომ გაუსაძლისი შრომითი პირობებისა და მუშათა გაფიცვების ფონზე 8 მარტს არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ასეთ მტკივნეულ საკითხს. მით უმეტეს, რომ თავდაპირველი ფორმულირებით 8 მარტს „საერთაშორისო მშრომელ ქალთა დღე“ ერქვა, რაც ნიშნავს, რომ ის უმეტესწილად სწორედ შრომით უფლებებს უკავშირდება.

2016 წლის 8 მარტს „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ უძღვნის მარგინალიზებული ჯგუფების შრომით უფლებებს, როგორებიც არიან უმძიმეს შრომით პირობებში მყოფი მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული მუშები (როგორც ქალები, ასევე კაცები), ლბტ ქალები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და სხვ.

წინა წლების მსგავსად, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ მსვლელობით გამოხატავს პროტესტს იმ პრობლემების მიმართ, რაც ჩამოთვლილ ჯგუფებს ექმნებათ დასაქმებამდე თუ დასაქმების შემდეგ. მაშინ, როდესაც მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები არაადამიანურად დაბალ ხელფასებს იღებენ და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებს თანხმდებიან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობები ფაქტიურად არ არსებობს. რთულ მდგომარეობაში არიან ლბტ ქალებიც, მათ შორის კი განსაკუთრებულ დაბრკოლებებს ტრანსგენდერი ქალები აწყდებიან – იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანის პროცედურის ფაქტიურად არარსებობის გამო ისინი ან უმუშევრებად რჩებიან, ან თანხმდებიან ისეთ სამსახურს, სადაც პირადობის საჭიროება არ იქნება. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს დაბალ ანაზღაურებას, შრომის მძიმე პირობებსა და ხშირად, სიცოცხლის საფრთხესაც კი.

იმისთვის, რომ თანასწორობა მხოლოდ კანონში გაწერილ დაპირებად არ დარჩეს, აუცილებელია მოვითხოვოთ ღირსეული შრომითი პირობები ყველა ჯგუფისთვის!

თანამედროვე სახელმწიფო არ უნდა უშვებდეს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების დამატებით ჩაგვრას შრომით ბაზარზე!

შემოგვიერთდით ფილარმონიასთან 15:00 საათზე და ერთად გავემართოთ პარლამენტისაკენ”, – ნათქვამია მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com