საზოგადოება

გაქცევა

13 მაისი, 2011 • 1949
გაქცევა

დიღმის ბავშვთა სახლის ეზოდან ერთ–ერთი მოზარდი იპარება
დიღმის ბავშვთა სახლის ეზოდან ერთ–ერთი მოზარდი იპარება

 

თბილისის ერთ–ერთ ბავშვთა სახლში ორი კვირის წინ გაპარული მოზარდის ადგილსამყოფელი არ იციან. სად არის ამჟამად 12 წლის ბავშვი და რას აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად ბავშვის მეურვე–სახელმწიფო?

„ორ კვირაზე მეტია, არ დამინახავს. წარმოდგენა არ მაქვს, სად არის ახლა ბავშვი. ნებისმიერი ინფორმაცია, სად ნახეს, რა მდგომარეობაში, ჩვენთვის ღირებულია“, –ამბობს დიღმის ბავშვთა სახლის დირექტორი, ლელა მერაბიშვილი, რომლის თქმით, ეს 12 წლის ლექსოს (სახელი შეცვლილია) გაპარვის პირველი შემთხვევა არ არის.

ლექსო კოჯრის ბავშვთა სახლიდან დიღმის ბავშვთა სახლში 2010 წლის სექტემბერში გადავიდა. პირველ ეტაპზე, როგორც ლელა მერაბიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ბავშვთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა, როდესაც საჯარო სკოლაში მისი ჩარიცხვის დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ ბავშვის პირად საქმეში ყოფილი სკოლის უარყოფითი დახასიათების გამო ახალ სკოლაში ის არ მიიღეს.

„არ ისმენს გაკვეთილებს, პროვოკაციულია, ზოგჯერ გაკვეთილებზე ცეკვავს–ამგვარი დახასიათების გამო ახალ სკოლაში გვითხრეს, რომ ბავშვი მათი კონტინგენტი არ იყო“,–ამბობს ბავშვთა სახლის დირექტორი, ლელა მერაბიშვილი.

ბავშვის დახმარების მიზნით, ერთ–ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა სახლმა ლექსოს იაშვილის კლინიკაში 24–საათიანი ფსიქოლოგიური დაკვირვება ჩაუტარა,  რომლის შედეგად ლექსოს მცირე გონებრივი შეზღუდვა დაუდგინეს. ფსიქოლოგიური დასკვნა რეკომენდაციასაც–სკოლაში მის ინკლუზიურ ჯგუფში ჩარიცხვას– ითვალისწინებდა, სადაც, ლელა მერაბიშვილის  თქმით, ლექსოსთვის სწავლის ინდივიდუალური გრაფიკი შეადგინეს და ფსიქოლოგები, მასწავლებელები და მანდატურები ერთიანი ძალისხმევით მისთვის ყველანაირად წამახალისებელი გარემოს შექმნაზე მუშაობდნენ.

„ბავშვი ხელიდან ხელში გადადიოდა. ყოველი წუთი გაწერილი ჰქონდა. თუ ადრე სკოლაში წასვლა არ უნდოდა, ახლა უკვე ბავშვთა სახლიდანაც სკოლაში იპარებოდა“,  –ამბობს ბავშვთა სახლის დირექტორი.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ლელა მერაბიშვილის თქმით, ლექსომ ახალი გარემოსადმი ყველნაირი ინტერესი ამოწურა და ერთ დღესაც გაკვეთილებიდან გაიპარა.

„ძებნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ინტერნეტ კაფეშია, აქვე, მეორე კვარტალში. ჩემი ნომერი დავუტოვე იქ მომუშავე გოგოს, თუ კიდევ მივიდოდა ბავშვი, მაშინვე უნდა დაერეკა ჩემთვის. დამირეკავდა ის გოგო, გადავიდოდა მასწავლებელი, გადმოიყვანდა. მერე უკვე სხვა ინტერნეტ კაფეებში დაიწყო სიარული“, –ამბობს ლელა მერაბიშვილი.

ინტერნეტი ბავშვთა სახლში მოზარდებისთვის მას შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი, რაც, როგორც დირექტორი ამბობს, შეამჩნიეს, რომ ბავშვები „ცუდ“ საიტებზე შედიოდნენ. კომპიუტერული ოთახი კი, სადაც ბავშვებს არასამეცადინო საათებში თამაში შეუძლიათ, ლელა მერაბიშვილის თქმით, ლექსოსთვისაც მუდმივად ხელმისაწვდომი იყო, თუმცა,  გაქცევას მაინც ინტერნეტ კაფეებში ცდილობდა.

დირექტორის თქმით, გაკვეთილების დროს ლექსოს  სკოლიდან გაქცევებს ვეღარც ფსიქოლოგები აკონტროლებდნენ, რადგან ინკლუზიურ კლასში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა და ლექსოსთან ინდივიდუალურად მუშაობას ვეღარავის დაავალდებულებდნენ.

„ამის გარდა, ნდობის ფაქტორიც გაჩნდა, ხელჩაკიდებული აღარ დაყავდათ და ამით სარგებლობდა. ქუჩაში სულ პროტესტის გრძნობა ჰქონდა, უნდოდა მისთვის ხელი გაეშვათ, რადგან უკვე დიდია და აღმზრდელთან ხელჩაკიდებული სიარულიც, როგორც ამბობდა, სირცხვლია. ამის შემდეგ სკოლიდან გაპარვის ფაქტებიც გახშირდა და ღამე 9–10 საათზე ბრუნდებოდა. როგორც ამბობდა, ინტერნეტ კაფეებში იყო“. –ამბობს ლელა მერაბიშვილი.

საბოლოოდ, ბავშვთა სახლში გადაწყვეტილება მიიღეს, ლექსო სკოლაში აღარ გაეშვათ.

„ბავშვის ორ–სამ დღიან დაკარგვებს ის მერჩივნა, რაღაც პერიოდი სულ არ ევლო სკოლაში“,–ამბობს ლელა მერაბიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, სკოლაში სიარულის შეზღუდვას გაპარვის რისკები არ შეუმცირებია. ბავშვთა სახლის დირექტორის თქმით, ლექსო დაახლოებით ერთი თვეა, ხშირად იპარება ბავშვთა სახლიდან. ღამეს სად ათევს, დირექტორისთვის უცნობია.

„ამას წინათ ერთმა ოჯახმა მომიყვანა, სამი დღე მათთან უცხოვრია. მოუტყუებია, რომ ცუდ პირობებში ვამყოფებდით აქ. მერე ისევ გაიპარა“,–ამბობს დირექტორი.

ლექსოს შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოშიც იციან და, დირექტორის თქმით,  პოლიციამ იმდენჯერ მიიყვანა ქალაქიდან ბავშვთა სახლში, რომ აღნიშნულ პრობლემას პატრულის თანამშრომლებიც კარგად იცნობენ. ამასთან, ლექსოზე მუდმივი ძებნაა გამოცხადებული.

ბოლო პერიოდში, ბავშვთა სახლის დირექტორის თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, დაკვირვების მიზნით, ლექსოსთვის კვლავ ფსიქოლოგები გამოგზავნა ბავშვთა სახლში, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ იგი რთული ქცევის ბავშვია და ხანგრძლივი ინდივიდუალური მუშაობა ესაჭიროება. დიღმის ბავშვთა სახლში კი, სადაც 57 ბავშვი ირიცხება, დირექტორის თქმით, ამის რესურსი ფიზიკურად არ არსებობს.

კითხვაზე, როგორია სახელმწიფოს სტრატეგია ასეთ  შემთხვევაში, ლელა მერაბიშვილი გვპასუხობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ბავშვის მცირედი გონებრივი ჩამორჩენის სტატუსის განისაზღვრა და შემდეგ მისი სხვა ინსტიტუციაში გადაყვანაა, სადაც 12 წლის ბავშვს შესაბამის პირობებს მოუწყობენ და აღმზრდელთა მეტი რაოდენობა იქნება. დღესდღეობით დიღმის ბავშვთა სახლში 15 ბავშვზე ყოველდღიურად ერთი აღმზრდელი მოდის.

„მაგრამ იმის გამო, რომ  ლექსოს ბიოლოგიურ მამას სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ მიაკვლია, სტატუსისთვის კი მისი თანხმობაა საჭირო, დედა კი შეზღუდული შესაძლებლობისაა, ეს პროცესი აქამდე გაიწელა“. –ამბობს ლელა მერაბიშვილი.

პროცესის გაწელვის გამო 12 წლის ბავშვი დაახლოებით 20 დღეა, ქალაქის ქუჩებში დადის.

ჩვენ მას შემთხვევით აღმაშენებლის ქუჩაზე 5 მაისს შევხვდით. ლექსო მობილური ტელეფონების მაღაზიაში შედიოდა. ჭუჭყიანი ტანსაცმელი, მოკლე შარვალი და ზამთრის ჩექმა ეცვა. მან ბავშვთა სახლიდან გაქცევისა და თავისი შემდგომი აქტივობების შესახებ გვიამბო:

„შენობიდან გამოვდივარ, უკანა ღობიდან ვძვრები და გავრბივარ. ვერავინ მხედავს. მერე 20 ნომერი ავტობუსით რუსთავალზე მივდივარ, იქ ინტერნეტ კაფეში შევდივარ. ფულს სამებაში მაძლევენ მამაოები. ღამეც ინტერნეტ კაფეში ვარ. მე უფასოდ მაძინებენ ხოლმე. სხვები კი იხდიან ფულს, სამ ლარს ღამეში.

ახლა უკვე რამდენიმე დღეა გამოპარული ვარ.  მასწავლებლები მეუბნებიან, აღარ გაიპაროო, მაგრამ მაინც ვიპარები. ამის გამო მათ არც ერთხელ არ დავუსჯივარ.

არ მომწონს ბავშვთა სახლი. მარტო ჭამა მიყვარს იქ. როცა მომშივა, მე თვითონ ვაჩერებ პატრულს და ვეუბნები, წამიყვანეთ–მეთქი ბავშვთა სახლში“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლექსო, რომელიც შეგვპირდა, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ პირდაპირ ბავშვთა სახლში დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, იქ არ მისულა.

„თუ ამასობაში მას რამე ცუდი შეემთხვევა, ეს ჩვენი, სახელმწიფოს იურიდიული პასუხისმგებლობაა. მათ შორის ჩემიც. ამ მხრივ, მუდმივად რისკის ქვეშ ვარ“, –ამბობს დიღმის ბავშვთა სახლის დირექტორი.

„როდესაც ბავშვი დაწესებულებაში ირიცხება, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბავშვი კარგად იქნება. ფაქტობრივად, ამ დროს სახელმწიფო სააგენტო არის ბავშვის მშობელი. ბუნებრივია, მშობელი არ გაუშვებს შვილს სადღაც, რომ არ იცოდეს, როგორ მიდის, სად მიდის“,–განმარტავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ანა აბაშიძე.

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ბავშვთა სახლების მონიტორინგის ნაწილში აღნიშნულია, რომ ბავშვთა სახლებში ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს ქცევის დარღვევისა თუ სხვა პრობლემების მქონე აღსაზრდელების ფსიქო –სოციალურ რეაბილიტაციას.

„თუ ბავშვთა სახლში ბავშვისთვის აბსოლუტურად მისაღები გარემოა, ის არ გაიქცევა. გაქცევა საბოლოო შედეგია. ასეთ ბავშვებს ჭირდებათ სპეციფიკური რეაბილიტაცია. ზუსტად უნდა იცოდნენ, რა არის ბავშვის საჭიროებები, რა აიძულებს ამ ბავშვს გაქცევისკენ“,–ამბობს აბაშიძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს ვთხოვეთ. მან  ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც არსებობს და მის აღმოსაფხვრელად გრძელვადიანი მუშაობაა საჭირო.

„ამ ბავშვებისთვის სპეციალური რეაბილიტაციის გეგმა უკვე არსებობს. აუცილებელია, მათ აღნიშნული ქცევები, ღირებულებათა სისტემა შევუცვალოთ, რათა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვთა სახლებში ყოფნა უფრო ღირებული გახდეს მათთვის, ვიდრე ქუჩაში გაქცევა. ბავშვის ქუჩაში გამოსვლა და მათხოვრობა უნდა იყოს ბავშვთა ძალადობის ფორმად აღიარებული.

მე ვიცი რამდენიმე ინტერნეტ კაფე, სადაც ბავშვბი ღამეებს ათევენ. ეს ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი. ბავშვი ქუჩაში არ უნდა იყოს, ეს სახელმწიფოსთვის თავმოყვარეობის ამბავია“, –ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი