საზოგადოება

თბილისი, მე-13 რაიონი

27 თებერვალი, 2016 • 4283
თბილისი, მე-13 რაიონი

მე-13 რაიონი – პიერ მორელის მძაფრსიუჟეტიან ფილმში მოქმედება პარიზში ვითარდება. საშიში რაიონები, სადაც განგსტერები ბატონობენ, ხელისუფლებამ მაღალი კედლებით შემოფარგლა. კედლის ერთ მხარეს თითქმის დანგრეულ შენობებში კრიმინალები, ნარკოდილერები და საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენა ცხოვრობს, მეორე მხარეს – ცივილიზაცია ყვავის. XIII რაიონში ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელში მასობრივი განადგურების იარაღი ჩაუვარდა. ბომბის განეიტრალება ფრანგული სპეცნაზის ოფიცერს, დამიენს დაევალა. მას ამაში ლეიტო ეხმარება, რომელიც კედლის უარეს მხარეს დაიბადა და ამ ადგილს ყველაზე კარგად იცნობს.

ავტომობილის ბორბლებითა და სხვა სიმძმეებით დამაგრებული სახურავები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ავტომობილის ბორბლებითა და სხვა სიმძმეებით დამაგრებული სახურავები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ეს კი თბილისის ე.წ მე-13 რაიონია. ეს კინო არ არის – ორხევის დასახლებაში ე.წ. მეცამეტე რაიონის გზას ყველა მიგასწავლით. გიორგი მუხაძის 17 ნომერში უკვე 15 წელია ასამდე ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს. მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ნაწილს კი მხოლოდ იმის გამო შეუჩერდათ ეს სტატუსი, რომ დამატებით სხვა მცირე შემოსავალი გაუჩნდათ.

“აქ იგივე ხდება, რაც ფრანგული ფილმის სიუჟეტში. ეგ არის, რომ ხალხი ერთმანეთს არ ვხვრეტთ და პირიქით – ტკბილად ვართ. ზემოდან რომ თვითმფრინავმა გადაგვიფრინოს, არავინ დაგვცხრილავს, მაგრამ დაინახავს, რომ ეს მეცამეტე რაიონია. აქაურობა ახდილია: სახურავი არ აქვს, ფანჯარა არ აქვს და ასე შეარქვეს ეს სახელი. ფილმი შეიძლება ნანახი არ ჰქონდეთ, მაგრამ ერთხელ რომ გავარდება ხმა, დიდი, პატარა და შუახნის ადამიანი – ყველა იმეორებს,” – ამბობს თეა ხარიტონოვი, ორხევის დასახლების ე.წ.  XIII რაიონის მაცხოვრებელი.

ეს დაზიანებული ოთახები ოფიციალურად აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ეკუთვნით. მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში ისინი თვითონ  შესახლდნენ. მოსახლეობა დედაქალაქის ხელისუფლებას დღემდე ამ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას თხოვს, თუმცა, უშედეგოდ.

გ. მუხაძის #17/ე.წ.მეცამეტე რაიონი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გ. მუხაძის #17/ე.წ.მეცამეტე რაიონი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

არ არის გაყვანილი გაზი და კანალიზაცია. ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე დროებითი ტუალეტი დგას. გაყვანილია ელექტროენერგია და წყალი. ზამთრის ცივ  დღეებში ისინი შეშის ღუმელებით თბებიან. დაზიანებული ფანჯრებიდან გამოყოფილი საკვამურის კვამლს კედლები შავად აქვს გაფერადებული. შენობების ნაწილი შიფერით არის გადახურული.

შენობების ნაწილი აზბესტის შიფერით არის გადახურული, რაც კიბოთი დაავადების რისკს ზრდის. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შენობების ნაწილი აზბესტის შიფერით არის გადახურული, რაც კიბოთი დაავადების რისკს ზრდის. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დროებითი ტუალეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დროებითი ტუალეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დასახლებაში ადამიანებთან ერთად არაერთი მიუსაფარი ძაღლი და კატა ცხოვრობს. ტერიტორიზე შესვლისას პირველი სწორედ ცხოველების სიმრავლე გხვდება თვალში. ორ ოჯახს საქათმეც აქვს მოწყობილი. საერთო ეზოს ცენტრში დიდი რკინის ჯვარია აღმართული. იქვე ერთი ნაგვის ურნაც დგას, სადაც ცხოველები რიგ-რიგობით დაძვრებიან საკვების საძებნელად. სამგორის გამგეობამ საგანგებოდ შემოღობილი ტერიტორიის კუთხეში ე.წ. ბესედკაც დადგა.

ლენტუშა თეგეტაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლენტუშა თეგეტაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლენტუშა თეგეტაშვილი ამ ტერიტორიაზე მეშვიდე წელია მარტო ცხოვრობს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბინა დაკარგა და იძულებული გახდა სადმე თავშესაფარი ეპოვნა. როგორც თვითონ ამბობს, სოციალურად დაუცველის სტატუსი იმის გამო მოუხსნეს, რომ დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა. მის ამჟამინდელ დაუკანონებელ სახლში ერთი ღუმელი დგას. შეშაც იქვე აწყვია. ფანჯრები და კარი დაზიანებულია, კედლები – გამურული. ოთახებს შორის დამაკავშირებელი კარის მაგივრობას ლურსმნებით მიჭედებული პლედები ასრულებს. საწოლთან პატარა ტელევიზორი უდგას და საინფორმაციო გამოშვებას ადევნებს თვალს.

“საბურთალოზე ვცხოვრობდი, სანამ ქმარი მომიკვდებოდა. ბინა დავკარგე და აქ ვიპოვე თავშესაფარი. ყველა შემოვიდა და მეც შემოვყევი. ახლა გავიგე, რომ შენობა მოწამლული ყოფილა და ყველაფერი ჩემს ორგანიზმში შევიდა. რამე რომ არ მტკიოდეს, არაფერი დარჩა. რომელ წუთს მოვიკლა თავი, არ ვიცი, ისეთი მდგომარეობა მაქვს. წამლებს გაჩვენებ, რამდენი მაქვს. სოციალურად დაუცველის დახმარება საჭმელსაც არ ეყოფა. შუქი გინდა, შეშა გინდა… მარტო ვტანჯულობ და ცოდო არა ვარ? ვინ არ მუშაობს? ყველა მუშაობს და ამის გამო რატომ მომიხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი?…”

ლენტუშა თეგეტაშვილი ბინაში, რომლის დაკანონებასაც მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლენტუშა თეგეტაშვილი ბინაში, რომლის დაკანონებასაც მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ტელევიზორებისთვის ანტენების ფუნქციას ჩვეულებრივი კომპაკტდისკები ასრულებს, თუმცა რამდენიმე სატელიტური თეფშიც დგას. სახლების უმეტესობა დაზიანებულია; სახურავები მანქანის საბურავებით და სხვა მძიმე საგნებით არის გამაგრებული. მიუხედავად ამისა, შენობების ნაწილში წვიმის დროს წყალი მაინც ჩადის.

დისკებით აწყობილი ტელევიზორის ანტენა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დისკებით აწყობილი ტელევიზორის ანტენა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დასახლებაში დაახლოებით 30 ბავშვი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობას გამოუდეგარი ე.წ. ბესედკის ნაცვლად ბავშვებისთვის გასართობი ადგილი რომ მოეწყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. სკოლა და ბაღი ამავე დასახელების ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა, როგორც კი ამ ადგილს გაცდები, დაახლოებით 200 მეტრში გარემო მკვეთრად იცვლება.

ხანდაზმული ქალი ბავშვს თასმას უკრავს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხანდაზმული ქალი ბავშვს თასმას უკრავს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პატარა დასახლების კუთხეში თეა ხარიტონოვი მეცხრე წელია ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ერთადერთი, რაც ამ სახლს სხვებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ დაზიანებულ ოთახში ძველი პიანინო დგას, რომელზეც თეას მეზობელი, ვიტალი ბესედინი უკრავს. ვიტალი სსმ პირია. სამსახური ვერსად ნახა და შემწეობას სამებასთან იღებს. დღეს 12 ლარი იშოვა და ორხევის დასახლებაში ფული ხანდაზმულ დედას გამოუტანა.

ვიტალი ბესედინი დედასთან ერთად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ვიტალი ბესედინი დედასთან ერთად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“დედაჩემი 50 წელი ავიაციაში მუშაობდა. სამოთახიანი ბინა აეროპორტის დასახლებაში ჰქონდა, მაგრამ სიძის გამო დაკარგა. 7 წელია აქ ცხოვრობს. ყოველ წელიწადს 6, 7, 8 კუბი შეშა მომაქვს ზამთრისთვის და ამით არსებობენ. არაოფიციალურად ცხოვრობენ აქ, მაგრამ როგორ შეაფარეს თავი, არ ვიცი. ამათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ შეშა, ბრინჯი და შაქარი,” – ამბობს ვიტალი.

მუხაძის 17-ში მცხოვრები ახალგაზრდები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მუხაძის 17-ში მცხოვრები ახალგაზრდები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნაავარიევ შენობა-ნაგებობებს, სადაც ახლა ადამიანები ცხოვრობენ, მეოცე საუკუნეში საწყობებად იყენებდნენ. კომუნისტების დროს ამ ადგილას ასევე იყო ქარხანა, რომელიც შხამქიმიკატური ნივთიერებების შემცველი მასალებით ტანსაცმელსა და ღილებს აწარმოებდა.

გ. მუხაძის #17/ე.წ. B13. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გ. მუხაძის #17/ე.წ. B13. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც თეა ხარიტონოვი ამბობს, საცხოვრებლად გაუსაძლის პირობებში ტერიტორიაზე სხვადასხვა დაავადებებიც ვრცელდება:

“გამგეობამ ჩემი შვილს გამოკვლევების ჩატარება დამიფინანსა. რომ მივედი, 380 ლარის წამლები გამოგვიწერეს. შევიტანე გამგეობაში განცხადება, მაგრამ წამლების დაფინანსებაზე უარი მივიღე. მადლობა გამგებელს, რომ ჩემი შვილი გამოვიკვლიე და გავიგე, რა სჭირს. უფრო გული გავიხეთქე, ვიდრე დავიწყნარე, იმიტომ, რომ წამლების ყიდვის საშუალება არა მაქვს – 380 ლარი როგორ მივცე წამლებში? ყველას გვყავს პატარები. ყველას რაღაცა აწუხებს: სახსრების ტკივილი და ბრონქების ტკივილი დაემართათ, ყველაფერი აწუხებთ…”

თეა ხარიტონოვი, ორხევის დასახლების ე.წ. XIII რაიონის მაცხოვრებელი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თეა ხარიტონოვი, ორხევის დასახლების ე.წ. XIII რაიონის მაცხოვრებელი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მოსახლეობის მოთხოვნები

ე.წ. მეცამეტე რაიონის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი არსებობის შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდებიან დედაქალაქის მერიასა და სამგორის გამგეობაში. ისინი გამგებლისგან ყურადღებას ითხოვენ. ხარიტონოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, მეზობლებთან ერთად გამგეობის ფოიეში დასახლდება.

“პირადად მე გამგეობას დავპირდი და თითოეული ჩვენი მეზობლის სახელით ვეუბნები – ჩვენი შვილებიანად ჩავალთ და დავსხდებით მათ ფოიეში, სადაც კარგი სითბოა. იქ გამოვიძახებთ ჟურნალისტებსაც და ყველას. წავალთ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვით. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქე რომ ჩადის, ბინით აკმაყოფილებენ და თავის შესანახად ფულს უხდიან. დაგვიავადმყოფდა შვილები… სკოლა და ბაღი კი არის, მაგრამ სკოლაში რომ წავლენ დილით და მოვლენ შუა დღისით: არც ფეჩი, არც გაზი, არც წყალი… ნორმალური პირობები ბავშვებს არ აქვთ და ცოდოები არ არიან? ერი გაამრავლეთო და რით უნდა გავამრავლოთ ერი, ამით? 7 თვის ბავშვი რომ მყავდა, იმის მერე, 9 წელია მერიაში საბუთები შემაქვს – ვიმყოფები ცუდ პირობებში და ძალიან გთხოვთ, რამე საშუალება თუ იქნება, ელემენტარული, ერთი ოთახი მაინც იყოს-მეთქი. ასთმა დავმართე ბავშვს, ახლა ანემია დაემართა მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთ პირობებში მყავს,” – ამბობს თეა.

ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთს სამგორის გამგეობაში განუცხადეს, რომ გიორგი მუხაძის 17 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები და ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და ამ ტერიტორიაზე ბინების დაკანონების ან სხვა ფორმით გასხვისების საკითხზე მოსახლეობამ სწორედ ამ უწყებას უნდა მიმართოს:

“რაც შეეხება გაზის შეყვანას და კანალიზაციის ქსელის გაკეთებას – გაზის, წყლის და ა.შ. – აბონირება ხდება მას შემდეგ, რაც კონკრეტულ კომპანიებს მიმართავს ქონების კანონიერი მფლობელი, ამ შემთხვევაში- ეკონომიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, გამგეობა აღნიშნულ პრობლემების მოგვარებაში ვერ და არ ჩაერევა. დენის შეყვანა მოხდა გამგებლის უშუალო შუამდგომლობით თელასთან. თუ ის გაინტერესებთ, ამჯერად რატომ ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება, სემეკის დადგენილებას რომ გაიცნობთ და გადახედოთ, იქ ნახავთ ყველაფერზე პასუხს.”

საქათმე ე.წ. XIII რაიონში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქათმე ე.წ. XIII რაიონში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ორხევის დასახლებაში მდებარე ე.წ. მეცამეტე რაიონში შესვლა ისეთი საშიში ნამდვილად არ არის, როგორც ეს ფრანგული ფილმის სიუჟეტშია ნაჩვენები. აქ არც მაღალი კედლებითა და სპეციალური გამშვები პუნქტებით შორდებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს. ქართული B13 უფრო გაჭირვებასთან და უმწეობასთან ასოცირდება, ვიდრე განგსტერებისა და ნარკოდილერების სამყაროსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი