საზოგადოება

სიტუაცია ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით

31 მარტი, 2011 •
სიტუაცია ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით

აღსაზრდელთა მიმართ ძალადობის შემთხვევები; მათი განვითარებისათვის შეუფერებელი და ჯანმრთელობისათვის საზიანო გარემო პირობები– სიცივე, დაზიანებული და არასაკმარისი ავეჯი, ყაზარმული ტიპის საძინებლები (16 საწოლი 1 ოთახში), ასაკისთვის შეუფერებელი მოკლე საწოლები, ანტისანიტარია კვების ბლოკში,  დაუცველი ტერიტორია, ბავშვთა დისკრიმინაცია, არასაკმარისი კვება, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ამ და სხვა ტიპის დარღვევებს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში დაახლოებით 90 გვერდი დაეთმო.

ანგარიში ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა 31 მარტს გაუგზავნა პარლამენტს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მონიტორინგი განახორციელა. რა დროსაც ჯგუფმა თბილისის, რუსთავის, წყნეთის, საგურამოს, კოჯრის, თელავის, ლაგოდეხის, სურამის, ტაშისკარის, ასპინძის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, სააღმზრდელო დაწესებულებები „მომავლის სახლი“, „სათნოება“ და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამტრედიის N15 საჯარო სკოლა მოინახულა.

„ძალადობა უმეტეს ბავშვთა სახლებში ხანგრძლივად დამკვიდრებული პრაქტიკაა. ძალადობის არსის შესახებ დაბალი ცნობიერება და ძალადობის აღზრდის მეთოდად გამოყენება ამ პრობლემის ძირითად სათავეს წარმოადგენს“, –ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის „ბავშვთა შრომის“ ნაწილში კი ნათქვამია, რომ დაფიქსირებულია საპირფარეშოებისა და სამზარეულოების დალაგება; ცივ წყალში სარეცხის რეცხვა ; ასევე, ციტრუსის კრეფა; მასწავლებლების სახლების დალაგება; აღნიშნულია ასევე, რომ ბავშვები მასწავლებლების სახლებს ალაგებენ მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ – ტანსაცმლის ჩუქება, 5–10 ლარი. ბავშვების გადმოცემით, ისინი  იაფ მუშახელს წარმოადგენენ.

რაც შეეხება „ბავშვთა კვებას“–აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს ბავშვთა სახლებისათვის საკვები პროდუქტის მიწოდების დაგვიანებას ან გაფუჭებული პროდუქტის მიწოდებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულებებში აღინიშნება სუიციდის მცდელობებიც, რაც ადეკვატური ფსიქოლოგიური დახმარების არარსებობითაა გამოწვეული.

სახალხო დამცველის აპარატი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში აღმოჩენილ სერიოზულ ხარვეზებზეც მიუთითებს–დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ბავშვები დაბრუნდნენ ოჯახებში, სადაც მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტი, საკვები, შეიზღუდა მათი განათლების უფლება; ოჯახებში რეინტეგრაციის შემდეგ, რამდენიმე ბავშვი მათხოვრობით ირჩენს თავს.

თავის ანგარიშში სახალხო დამცველი ყველა ჩამოთვლილ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას დეტალურად ეხება და მოყავს ბავშვთა უფლების დარღვევის კონკრეტული მაგალითები.

„მომავლის სახლის 4–მა აღსაზრდელმა მონიტორინგის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა ერთ–ერთი აღმზრდელის ნატო მ.–ს მიერ 5 ბავშვის ფიზიკური დასჯის ინციდენტის შესახებ. აღნიშნულმა პირმა 5 აღსაზრდელი გოგონა (10-დან 12 წლამდე ასაკის), იმის გამო, რომ ისინი ღამე არ იძინებდნენ, ლოგინებიდან ააყენა და ისე, რომ ერთმა მათგანმა ჩაცმაც კი ვერ მოასწრო, მეორე სართულიდან პირველზე უბრძანა ჩასვლა, რის შემდეგაც დერეფანში მუხლებზე დააყენა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფა დაახლოებით ნახევარი საათიდან – ერთ საათამდე, შემდეგ ბოდიში მოახდევინა და დაძინების პირობით საძინებელში გაუშვა. ბავშვები აღწერენ შემთხვევის ზუსტ დეტალებს: მუხლებზე დგომის ადგილისა და დამსწრე პირების ჩათვლით“, –აღწერილია ანგარიშში.

სახალხო დამცველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  რეკომენდაციათა ვრცელ ნუსხას აწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი