საზოგადოება

განცხადებას ლგბტ ადამიანთა უფლებებზე საქართველო შეუერთდა

24 მარტი, 2011 •
განცხადებას ლგბტ ადამიანთა უფლებებზე საქართველო შეუერთდა

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე 85 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, შეუერთდა ერთობლივ განცხადებას, სახელწოდებით „სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის და ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმოფხვრა“.
2006 წელს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ განცხადებას მხარი გაეროს 54–მა ქვეყანამ დაუჭირა, 2008 წელს კი – 67–მა
წელს განცხადების წარდგენის ინიციატორ ქვეყანათა ჯგუფს, რომელთა რიცხვშიც სლოვაკეთი და კოლუმბიაც შედიან, ამერიკის შეერთებული შტატები თავმჯდომარეობდა. 30–ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი  აქტიურ  დისკუსიებს ატარებდა გაეროს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებთან და  მათგან ამ განცხადებისთვის ხელმოწერებს აგროვებდა.

ეს სახელმწიფოებია: ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩილე, კოსტა–რიკა, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა , დანია, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ–სალვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი , ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მაკედონია, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნაურუ, ნეპალი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუანდა, სამოა, სან–მარინო, სერბია, სეიშელის კუნძულები, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ტიმორი, ტუვალუ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ურუგვაი, ვანუატუ და ვენესუელა.

განცხადება ათი პუნქტისგან შედგება:

1. ვეხმაურებით 2006 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ წინა ერთობლივ განცხადებას ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ.

2. გამოვხატავთ შეშფოთებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ყველა რეგიონში ჩადენილი ძალადობრივი აქტების, მათ შორის მკვლელობის, გაუპატიურების, წამების, და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების გამო.

3. ვეხმაურებით ერთობლივ განცხადებას, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის 18 დეკემბერს მიიღო ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირეს ხუთივე რეგიონული ჯგუფის სახელმწიფოებმა და მოვუწოდებთ ქვეყნებს, შეუერთდნენ ამ განცხადებას.

4. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამ საკითხებს ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო დეკლარაცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, გამონაკლისების გარეშე და როდესაც ადამიანს თავს ესხმიან ბოროტად, მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.

5. მივესალმებით ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო სამი წლის მანძილზე ყველა რეგიონში მომხდარ დადებით მოვლენებს, კერძოდ, ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ რეზოლუციების მიღებას და მრავალ პოზიტიურ საკანონმდებლო და პოლიტიკურ ინიციატივას.

6. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ უნდა ითამაშოს დიდი როლი თავისი მანდატის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

7. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული საკითხები ბევრისთვის, მათ შორის ჩვენი საზოგადოებებისთვისაც საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენ ვადასტურებთ დიალოგის მნიშვნელობას და გვჯერა, რომ ყველა ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომლის მიხედვითაც არავინ უნდა იყოს სტიგმას, ძალადობისა და უხეში მოპყრობის მსხვერპლი. ამ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს არადისკრიმინაციული და უნივერსალური პრინციპებით.

8. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, გააგრძელოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების განხილვა და მხარდაჭერისა და კონსტრუქციული დიალოგის გაღრმავების შესაძლებლობების შესწავლა, რათა ხელი შეუწყოს ამ საკთხების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას ადამინის უფლებათა ჭრილში.

9. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს გაზრდილ პასუხისმგებლობას, რომ უნდა დამთავრდეს მარგინალიზებული ადამიანის უფლებების დარღვევა და ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ განვაახლოთ ჩვენი ვალდებულებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გამოვლენის წინააღმდეგ.

10. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ ბოლო მოუღონ ძალადობას, კრიმინალურ აქტებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი