ნეტგაზეთი | რუსთაველზე უნივერმაღის ყოფილ შენობაში ახალი სავაჭრო ცენტრი 2017 წელს გაიხსნება რუსთაველზე უნივერმაღის ყოფილ შენობაში ახალი სავაჭრო ცენტრი 2017 წელს გაიხსნება – Netgazeti
RU | GE  

რუსთაველზე უნივერმაღის ყოფილ შენობაში ახალი სავაჭრო ცენტრი 2017 წელს გაიხსნება

თანაინვესტირების ფონდის ცნობით, რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” 2017 წელს გაიხსნება.

11 თებერვალს პროექტის წარდგენისას ავტორებმა განმარტეს, რომ სავაჭრო ცენტრში “წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო ნაზავი.”

თანაინვესტირების ფონდის ცნობით, „გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. „გალერია თბილისი“ ვიზიტორებს ვაჭრობის მრავალფეროვან საშუალებას მისცემს.

პროექტის მიხედვით, საკვები ზონა განთავსდება სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრი ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე – ვერანდა.

ავტორების აზრით, ვერანდა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტი იქნება, საიდანაც სტუმრებს განტვირთვისა და თბილისის ლამაზი ხედების ნახვის საშუალება მიეცემათ.

შენობის სამხრეთ ნაწილში უნდა მოეწყოს 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. „გალერია თბილისის“ არქიტექტურულ დიზაინი ეკუთვნის ცნობილ ებრაულ კომპანია Moshe Tzur Architects, რომელსაც, ფონდის ცნობით, ევროპის დედაქალაქებში მრავლი არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული.

იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრი განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი აქტიურად მუშაობს ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. 2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი საცალო მოვაჭრეები 80%-თან თანამშორმლობის ოფიციალურად გაფორმება, აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.

საქართველოს ვიცე პრემიერის, კახა კალაძემ, რომელიც პროექტის წარდგენაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ “გალერია თბილისი” ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი იქნება.

„ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი დღეს განახლებულია და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით შეემატება თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში. „გალერია თბილისის“ პროექტი დიდ როლს ითამაშებს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხითაც. ფონდის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გადასახადების სახით ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანს გრძელვადიან შემოსავალს”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ბაჩიაშვილის თქმით, ფონდმა უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში ჰოლანდიური კომპანია „Doryphore Investment B.V.“-სგან შეიძინა.

ბაჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აქტიურ სამშენებლო სამუშაოებს იწყებს, ხოლო ინვესტიციის 100%-ს ფონდი დებს, რომლის ღირებულება 77 მილიონი ამერიკული დოლარია.

„გვეამაყება, რომ სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით დედაქალაქის მთავარი პროსპექტის ეს ნაწილი გაცოცხლდება და აღიდგენს მის ისტორიულ, ტრადიციულ დანიშნულებას. ეს იქნება თბილისში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი. „გალერია თბილისის“ პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, „გალერია თბილისის“ პროექტის ფარგლებში წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ძირითადი კონტრაქტორი კომპანიის ასარჩევად ჩატარებულ ტენდერში სამშენებლო კომპანიამ „ანაგი“ გაიმარჯვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com