საზოგადოება

“ჯანსაღი სკოლის” არაჯანსაღი კვება

9 მარტი, 2011 • 3912
“ჯანსაღი სკოლის” არაჯანსაღი კვება

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული „უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის“ ფარგლებში გახსნილი სასადილოები ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

თუკი ინგლისში პეპსისა და კოკა–კოლას, როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელების, გაყიდვა სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში იკრძალება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოზარდების კვების რაციონში სწრაფი კვების პროდუქტების (ჰამბურგერი, ჩიპსები და ა.შ) მკაცრად შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევა, საქართველოში ეს ყველაფერი სამთვრობო პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებში გახსნილ სასადილოებში იყიდება.

პირველი სასადილო, „უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის“ ფარგლებში, თბილისის #55 საჯარო სკოლაში გასული წლის მაისში თავად ქვეყნის პრეზიდენტმა გახსნა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალ სასადილოში სოსისი, ლობიანი, “პეპსი” და “კროასანი” შეიძინა, რაშიც, როგორც პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, 2 ლარამდე გადაიხადა. იგივე მენიუ დღესდღეობით ამ სასადილოში 4 ლარამდე ჯდება. ძვირი ფასების გარდა, მშობლები სასადილოს მიერ შეთავაზებული საკვები პროდუქტების ხარისხის გამოც ჩივიან.

„ჩემი შვილი მეორე კლასის მოსწავლეა. ორჯერ იყო შესული სკოლის სასადილოში, ჰოთ–დოგი შეჭამა და ორივეჯერ მოიწამლა ბავშვი,“ – ამბობს თბილისის 55–ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი მეორეკლასელი ბავშვის მშობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

#55 საჯარო სკოლაში სასადილო კომპანია „გოგლი–მოგლმა“ გახსნა. ამავე კომპანიას ეკუთვნის სასადილოები თბილისის 10–მდე საჯარო სკოლაში.

ლობიანი, ფენოვანი ხაჭაპური, სენდვიჩი, გამომცხვარი სოსისი, ღვეზელი, ნატურალური წვენი, ცივი ჩაი, პეპსი, კაპრიჩო, კექსი, ფუნთუშა, კროასანი, ჩაი, თურქული ყავა, რძიანი ყავა, „მარსი“, „სნიკერსი“, „ტვიქსი“, „M & M“, ჩიფსი, „ტრი კოროჩკი“, „ორბიტი“ – სულ ეს არის, რაც „გოგლი–მოგლის“ მენიუში მოიძებნება. აღნიშნული სწრაფი კვების პროდუქტი სკოლებში მზა სახით ყოველ დილით შედის. ადგილზე, სასადილოში, არანაირი კერძი არ მზადდება.

სპეციალისტების თქმით, სასურველია სასკოლო საკვები იქვე მზადდებოდეს, ვინაიდან მოტანილი საკვების შენახვისა და ტრასპორტირების პირობები შესაძლოა დარღვეული იყოს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების გამგე ლევან ბარამიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში სკოლების სასადილოებში შეტანილი საკვების ხარისხის შემოწმება არ ხდება და, შესაბამისად, მომწოდებლების კეთილსინდისიერებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

„ჩვენ რა პროდუქტსაც ვაწვდით სკოლებს, ყველაფერი აბსოლუტურად ჯანსაღია. ხორცი იქნება ეს, პური, ხაჭაპური თუ ლობიანი. საკვების ხარისხზე და პროდუქტის სიახლეზეც პასუხს ვაგებთ“, – ამბობს „გოგლი–მოგლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო მამალაძე.

კვების სპეციალისტების თქმით, ბავშვებისთვის სწრაფი კვების პროდუქტის მიღება კვირაში მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ შეიძლება, ყოველდღიურად, ერთი და იგივე საკვები, როგორი ჯანსაღიც უნდა იყოს, ორგანიზმისთვის არასასურველია.

„ისეთი საკვების ჭარბი დოზით მიღება, რომელსაც თბილისის სკოლების ყველაზე თანამედროვე სტანდარტების სასადილოები სთავაზობენ მოსწავლეებს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს იწვევს. უკვე ზრდასრულობის დროს ადამიანს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება უვითარდება.  ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, საღეჭ აპარატთან დაკავშირებული დაავადებები, კუჭ–ნაწლავისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, მხედველობის გაუარესება და ა.შ.“, –ამბობს შალვა ზარნაძე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების პროფესორი.

საქართველოს მასშტაბით არც ერთ სკოლაში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც არასრულფასოვანი კვების გამო ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუარესების რეალურ სურათს ასახავდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინათ თბილისისა და რუსთავის შვიდ სკოლაში ჩატარდა, მხოლოდ სკოლების კვების ობიექტების მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებდა.

„მას შემდეგ ბევრი გაკეთდა, თუნდაც პრეზიდენტის ინიციატივით გაკეთებული რამდენიმე სასადილო. თუმცა, ჯანსაღი კვების სრულყოფამდე მათაც ბევრი აკლიათ“, –ამბობს ლევან ბარამიძე, აღნიშნული კვლევის თანაავტორი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსი.

ადრეულ ასაკში ბავშვთა ჯანსაღი კვება მთელი სიცოცხლის მანძილზე არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კვების სპეციალისტთა რეკომენდაციით, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების დაბალანსებული ერთობლიობა, რომელიც საქონლის ხორცს, თევზს, ფრინველის ხორცს, კვერცხს, ხაჭოს, რძეს, ყველს, სოკოს, ბარდას, სოიას, ლობიოს, წიწიბურას, პურს, ბოსტნეულს, ხილს და სხვ. საკვებს მოიცავს.

ბოსტნეულის, ხილის, ხორცის, თევზისა და  იოგურტის, როგორც ჯანსაღი საკვების მიღებას ურჩევს მომხმარებლებს თავად „გოგლი–მოგლიც“, ოღონდ მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში – თავის ვებ–გვერდზე.

„დილიდან საღამომდე ჩემი შვილი სახლიდან გასულია. გაკვეთილები სამი საათისთვის უმთავრდება. მერე იქიდანვე სხვადასხვა საგანზე უწევს წასვლა. საღამოს კი ვახვედრებ ცხელ საჭმელს, მაგრამ იქამდე ორჯერ მაინც სკოლის სასადილოში ფენოვანი ნაწარმის ჭამა უწევს“, –ამბობს მეცხრეკლასელი მოსწავლის დედა, მარინა ინასარიძე.

„თუ სადილის დროს ბავშვი სკოლაში იმყოფება, ის სრულყოფილ საკვებს სწორედ სკოლაში უნდა იღებდეს. სადილზე კი ადამიანი მთელი დღე–ღამის საჭირო ენერგიის 35–40%–ს იღებს. სკოლის მოსწავლემ, რომელიც ენერგიას ხარჯავს, სრულყოფილი კვებით მისი ანაზღაურებაც უნდა შეძლოს, რადგან ამ ენერგიის მიწოდება პირდაპირ კავშირშია მის შრომიუნარიანობასთან“, – ამბობს კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების პროფესორი, შალვა (დავით) ზარნაძე.

კვების სპეციალისტების აზრით, სკოლა ცხელი საკვებითაც, თუნდაც ჩვეულებრივი სუპით, უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვებსა და მოზარდებს.

სკოლების სასადილოებში კი ამბობენ, რომ ყველაზე დიდი შესვენება 15– წუთიანია და ბავშვი ჭამას ამ დროში ვერ მოასწრებს. ამიტომაც „გოგლი–მოგლის“ სასადილოებში მაგიდები მცირე რაოდენობით დგას.

„იმიტომ არის ასე მოწყობილი სასადილო, რომ რაც შეიძლება მალე ჭამოს ბავშვმა, რათა გაკვეთილის დაწყებამდე მოასწროს“, –ამბობს 55–ე სკოლაში გახსნილი „გოგლი–მოგლის“ სასადილოს თანამშრომელი.

თავის მხრივ, 15– წუთიანი შესვენებების წინააღმდეგნი არიან ასაკობრივი კვების სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი შესვენება დაახლოებით ნახევარი საათი ან 40 წუთი მაინც უნდა იყოს იმისთვის, რომ  მოზარდმა ამ დროში აქტიურადაც დაისვენოს და ცხელი საკვებიც მიიღოს.

სასკოლო კვების საკითხებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს არც ერთი სტრატეგიული დოკუმენტი არ გააჩნია. ლევან ბარამიძე, რომელიც წლების განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კვებით საკითხებში ლაბორანტად მუშაობდა, ამბობს, რომ საქართველომ ასეთი სტრატეგიული დოკუმენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Nutrition Friendly School –ისა და ევროკავშირის სასკოლო კვების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შექმნას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგაზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სასკოლო კვების ჯანსაღი რაციონის პოლიტიკა და ამით ბავშვთა ჯანმრთელობა დაიცვას.

„ათწლეულების მანძილზე საერთოდ არანაირ კვებაზე არ იყო ლაპარაკი და სახელმწიფომ თუ მოკიდა ხელი, ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ყველაფერს ერთ წუთში ვერ მოვთხოვთ, მაგრამ „უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლა“ უნდა შეესაბამებოდეს ჯანსაღ სკოლას. იგი მხოლოდ სიგარეტის და დანის აკრძალვით არ იწყება“, –ამბობს ასაკობრივი კვების სპეციალისტი, შალვა ზარნაძე.

სკოლებში კვების საკითხების გაუმჯობესების თაობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსს ლევან ბარამიძეს საკუთარი ხედვა აქვს:

„ფინანსირებაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. ამას ვერც ერთი სკოლა დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს. იდეალური ვარიანტი კი ასე წარმომიდგენია: განათლების სამინისტრომ აიყვანოს ერთი მომწოდებელი, მას გადასცეს სახელმძღვანელო ნორმები და ამ ნორმების საფუძველზე მომწოდებელი  სკოლებს მოამარაგებს. სასურველია, სკოლებში სამზარეულო იყოს, სადაც მომზადდება ეს საკვები“, –ამბობს ლევან ბარამიძე.

„სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს კერძო კომპანიები სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფენ, რადგან როდესაც მოგებაზე ხარ ორიენტირებული, ალტრუისტი უნდა იყო, რომ სხვის ჯანმრთელობაზე იზრუნო“, –ამბობს ასაკობრივი კვების პროფესორი.

„გოგლი–მოგლი“ კომპანია „მეგაფუდმა“ სპეციალურად მას შემდეგ შექმნა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში თანამედროვე ტიპის სასადილოების მოწყობა გადაწყვიტა. ამ გზით მოიპოვა „მეგაფუდმა“ კიდევ ერთი უმსხვილესი სახელმწიფო დამკვეთი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სკოლების სახით. „მეგაფუდი“ დაარსებისთანავე, ანუ 2007 წლიდან, საკვები პროდუქტებით ამარაგებს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაწესებულებებს, ეტაპობრივად კი მისი დაკვეთები გახდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს სამხედრო ბაზები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ოფისი, შსს-ს მთავარი ოფისი და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი.

„მეგაფუდის“ აქციების 85%–ის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრის, არჩილ გეგენავას ძმა – ანდრო გეგენავაა. არჩილ გეგენავა პარლამენტის წევრად 2008 წელს იქნა არჩეული, მანამდე ის ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. გეგენავას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ  დღემდე 10–მდე კერძო კომპანიის პარტნიორი და აქციონერია, მათ შორისაა, სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – M/GROUP–ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი