საზოგადოება

რა შედეგით დასრულდა ჭიათურელი მაღაროელების აქცია

22 იანვარი, 2016 •
რა შედეგით დასრულდა ჭიათურელი მაღაროელების აქცია

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, ჭიათურელი მაღაროელების აქცია შედეგით დასრულდა – “ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშები დამატებით სარგებელს მიიღებენ.

შეთანხმება, პროფკავშრების ცნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციას შორის გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

პროფკავშირების ცნობით, არაუგვიანეს 2016 წლის 20 მაისისა „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ განაახლებს მუშაობას 2016 წლის 20 იანვრამდე არსებული რეჟიმით, მოქმედი თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილების სრულად შენარჩუნებით.

შეთანხმების მეორე პირობა ისაა, რომ კომპანიის თანამშრომლებს შვებულების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობებით, საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სპეციალური მუშაობის რეჟიმის დასრულებისთანავე.

ასევე, საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში, საწარმო შრომის უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს.

პროფკავშირების ცნობით, იმ თანამშრომელბს, რომელთა ხელფასის 60% უფრო ნაკლებია ვიდრე  საქსტატის მიერ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დადგენილი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 272,5 ლარი, საწარმო აანაზღაურებს ხელზე ასაღები ხელფასის 60%-სა და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს შორის სხვაობას.

პროფკავშირების ცნობით, ხელზე ასაღები ხელფასის 60% საწარმოში დასაქმებულ 200 ადამიანს აქვს. ასევე, საწარმომ დადო პირობა, რომ დაეხმარება თანამშრომლებს აღებული საბანკო ვალების გადახდის გრაფიკს 4 თვით გადაუვადებაში.

შესაბამისად, საწარმო განახორციელებს აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლების ხელფასის 60%-სა (ხელზე ასაღები) და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს შორის (272,5 ლარი) სხვაობის კომპენსირებას.

პროფკავშირების ცნობით, შეთანხმების პირობები ვრცელდება „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ ყველა თანამშრომელზე.

რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხელფასის დარჩენილი 40%-ის დაფარვას, თამნაზ დოლაბრეიძის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

გუშინ, 21 იანვარს ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროელებმა აქცია გამართეს და მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართეს.

მანგანუმის მრეწველობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო “ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი 20 მაისამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა.

აღნიშნულ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, 20 იანვრიდან  20 მაისამდე საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით დასაქმებულებისთვის ხელფასის 60%-ს გადაუხდის დასაქმებულებს. რასაც მაღაროელების პროტესტი მოჰყვა.

მაღაროელებმა აქციები 2014 წლის დეკემბერშიც გამართეს, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელი კომპანიის დირექტორ ვოლოდიმირ ლოზინსკისთან შეხვედრას ითხოვნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი