საზოგადოება

გაუმჯობესდება თუ არა მედია გარემო

8 თებერვალი, 2011 • 1309
გაუმჯობესდება თუ არა მედია გარემო

გახდება თუ არა მაუწყებლების მფლობელებისა და ფინანსების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ღია, ჯერ კიდევ უცნობია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში,  სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დამთავრდეს.

„მარტის ბოლომდე უნდა განვიხილოთ და შევთანხმდეთ იმ ძირითადად პრინციპებზე, რაც შემდგომ უკვე საბოლოო კანონპროექტში შევა“, –ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე.

ამჟამად პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ორი პაკეტი არსებობს. პარლამენტში ორივე ერთდროულად, 2010 წლის 12 ნოემბერს, შევიდა. ერთი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის, „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ არის ინიცირებული, მეორე –  საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

„ქრისტიან –დემოკრატებმა“ პარლამენტში „ საქართველოს პრესის ასოციაციის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინეს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ცვლილების – მედიამფლობელობის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირების აკრძალვის გარდა, მედიის მფლობელობის, მისი დაფინანსების საკითხების გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სასამართლო ბაჟის, ლიცენზიის მოპოვების წესის შეცვლის და ა.შ. საკითხები შევიდა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებსაც გულისხმობს.

„ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების გატარება, ასევე, მნიშვნელოვანია, რათა კომპლექსურად შეიცვალოს სიტუაცია. ვინაიდან მხოლოდ მაუწყებლობის რეგულაციების მოწესრიგება პრობლემას ვერ გამოასწორებს, თუკი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  ჟურნალისტებს მაინც არ ექნება. დღევანდელი ჩანაწერების შემთხვევაში კი, ასეც არის,“– ამბობს ვეფხვაძე. 

ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობს ლაშა ტუღუშიც, რომელიც „ქრისტიან– დემოკრატების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის პაკეტის შექმნაში უშუალოდ მონაწილეობდა.

„საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობასთან და სასამართლოს ფუნქციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მოთხოვნები ინფორმაციის გახსნასთან დაკავშირებით თითქმის 100 %–ით დაუკმაყოფილებელია. ამასთან, სასამართლო პროცესები ძალიან ხანგრძლივია. ხშირად ორი წელიც კი გრძელდება. ასევე, ძვირია სასამართლო ბაჟი. ამ ვითარებას რეალური ცვლილებები ჭირდება“,–ამბობს ტუღუში.

ქვეყანაში მედია გარემოს გასაუმჯობესებლად მთავარი ცვლილება, რასაც ამ კანონპროექტის ავტორები მოითხოვენ,  ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევაა, რომელიც, მედია ექსპერტთა აზრით, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა.

მრგვალი მაგიდა მედია მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობაზე
მრგვალი მაგიდა მედია მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობაზე

 „ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ – ფინანსური ნაკადის გამჭვირვალობას, ამის კონტროლი მარეგულირებელ კომისიასაც შეეძლო, თუმცა ამის ნება არ ჰქონია. ამ ცვლილებათა პაკეტით მოვთხოვთ, რომ ნაციონალურ მაუწყებლებში აუდიტი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდეს. შემდეგ კი ეს აუდიტი მარეგულირებელმა თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს“, –ამბობს ვეფხვაძე.

„მაუწყებლის ფინანსების კონტროლი ძალიან მარტივად შესაძლებელია მოხდეს, ამისათვის მარეგულირებელმა კომისიამ  უნდა აიღოს ამა თუ იმ მაუწყებლის აუდიტორული დასკვნა და შეადაროს საერთაშორისო სტანდარტებს.  დეტალები იმიტომაც უნდა იყოს წარმოდგენილი აუდიტორულ დასკვნაში, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, როდესაც კომპანიებს მილიონობით საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ. ის ათეულობით მილიონები ერთ დღეში წარმოიშვა? არა, რა თქმა უნდა, თანდათანობით წარმოიშვა. მაშინ რატომ არ მოეთხოვებოდა პასუხი იქს კომპანიას ამ ათეულობით მილიონის დავალიანებისთვის, მაშინ, როდესაც პასუხს თხოვდნენ სხვა კომპანიებს 100 –ლარიანი დავალიანებისთვის?“ – აცხადებს ვახტანგ ხმალაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, რომელიც, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის უმცირესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პაკეტის შექმნაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონრპოექტის ერთ–ერთი ავტორია, ამბობს, რომ  „მაუწყებლის შესახებ“ დღეს მოქმედ კანონშიც არსებობს ნორმა, რომელიც არეგულირებს ფინანსური გაჭვირვალობის საკითხებს და ადგენს, რომ სავალდებულოა მაუწყებლობებისთვის ყოველწლიურად აუდიტის მასალების წარდგენა.

„საუბარი იმაზე, თუ რამდენად სრულდება ეს ნორმა, სხვა საკითხია. იმის თქმა კი, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ ამ ნორმის აღსრულების პროცესში, უკვე პრაქტიკის ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი“,  – ამბობს კუბლაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის აზრით, ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ არსებული ნორმები კანონში საქმეს ვერ არეგულირებდა.

„ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას მაუწყებლის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომაც კანონპროექტში ჩადებულია საკმაოდ საინტერესო ნორმა –მარეგულირებელ კომისიას საშუალება ექნება, შეარჩიოს მინიმუმ ხუთი აუდიტორული კომპანია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით განახორციელებს აუდიტს. ეს ფინანსური ინფორმაცია ასევე ვებ–გვერდზეც უნდა გამოქვეყნდეს და უფრო მარტივად იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“, –ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივას ნაწილობრივ ეთანხმება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.

„ერთი მხრივ, მედია გამჭვირვალობა არის საჯარო ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა მედია მესაკუთრეთა ინტერესებიც დაცული უნდა იყოს, ვგულისხმობ მათ კომერციულ და პირად საიდუმლოებას. ეს ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს საბოლოო კანონპროექტში წარმოდგენილი,“ –ამბობს მშვენიერაძე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის აზრს ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც იზიარებს.

3 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „აირექსის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მედია გამჭვირვალობის საკითხებს მიეძღვნა, ჩერგოლეიშვილმა თქვა:

„სწორად აღნიშნა სახალხო დამცველმა, მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო ინტერესს შორის ბალანსი არსებობდეს, კანონპროპქტის ავტორები შორს წავიდნენ და ბენეფიციარის ფინანსურ გამჭვირვალობასაც მოითხოვენ, რადგან მაუწყებელს დიდი გავლენა აქვს. მაუწყებელი არ ყოფილა ვიკილიქსი, თუმცა მასაც დიდი გავლენა ჰქონდა. მაშ, რატომ არ ვითხოვთ მის ფინანსურ გამჭვირვალობას? გარდა ამისა, თქვენ მიერ შემოთავაზებულ წინადადებებში რჩება ხვრელები. ხომ შესაძლებელია ჟურნალისტებსაც და  პროდუსერებსაც აფინანსებდნენ გარკვეული ჯგუფები?! მაშინ მოვითხოვოთ მათი ფინანსური გამჭვირვალობაც ისე, როგორც საჯარო მოხელეებს ეკისრება ფინანსური დეკლარაციების შევსება“, –განაცხადა „ტაბულას“ რედაქტორმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი

ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს საკითხები უახლოეს მომავალში პარლამენტში აუცილებლად განიხილება.

„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულის მოსაზრება ფინანსური გამჭვირვალობის ნაწილთან დაკავშირებით,  მზად ვართ, მოვისმინოთ ფორმულირებები, თუ სადამდე უნდა მივიდეს და რა სახის უნდა იყოს ეს გამჭვირვალობა. თუ ჩავყევით ღრმად, სადამდე უნდა წავიდეთ?  ამაზე ჯერ მოლაპარაკებებია საჭირო“, –ამბობს კუბლაშვილი.

„პავლე კუბლაშვილმა იკითხა, სადამდე უნდა მივიდეთ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხში. ბოლომდე უნდა მივიდეთ, ბენეფიციარამდეც კი, იმიტომ, რომ ბენეფიციარი შეიძლება ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტო რესურსებს იყენებდეს, ან იყოს მონოპოლისტი რომელიმე სხვა ბაზარზე“, –განაცხადა დისკუსიის დროს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

გამჭვირვალობის საკითხებში პრობლემას, როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, ეკონომიკური ბიზნეს სუბიექტებიც ქმიან, რომლებსაც ტელევიზიები ხშირად ანგარიშს უწევენ. 

„ისინი მსხვილი რეკლამის დამკვეთები არიან და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტებად იქცევიან – თუ ტელევიზია არ გაითვალისწინებს ამ ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს, ტელევიზია რეკლამას დაკარგავს“,–ამბობს ვეფხვაძე.

„მუდმივად ირღვევა კანონი, რომლის მიხედვით სპონსორობა არის აკრძალული საქართველოში. ხშირად გადაცემის სპონსორებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლოც გვხვდება. ძალიან უცნაურია, რომ კანონი სწორედ მათ მიერ ირღვევა“, –აცხადებს ლაშა ტუღუში.

პავლე კუბლაშვილი სარეკლამო რეგულირებებზე საუბრის დროს ამბობს, რომ ნორმა არსებულ კანონში, ფინანსების თუ რა წილი მოდის სარეკლამო შემოსავალზე და რა არის ამ შემოსავლების მიღმა, უკვე რეგულირებულია და ახალი რეგულირების გამოგონების მიზეზს ვერ ხედავს.

„კანონით რეგულირებულია, თუმცა მათი დარღვევა პრაქტიკაში ხშირია. ამიტომ აუცილებელია, რეალურად აეკრძალოს ადმინისტრაციულ ორგანოს მაუწყებლის დაფინანსება ნებისმიერ ფორმით. გარდა სოციალური რეკლამისა და საზოგადოებისთვის მნიშნვნელოვანი არაპოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებისა.  საეთერო დროის მოპოვება უნდა ხდებოდეს ტენდერით, ეს ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით. სამწუხაროდ, 2010 წლის დეკემბერში გატარდა ცვლილებები, რომლის შედეგად ეს პუნქტები საერთოდ ამოვარდა  ამ კანონის რეგულირების სფეროდან. რაც, რა თქმა უნდა, მართებული არ ყოფილა“,–ამბობს „საია“–ს თავმჯდომარე.  

ამ კანონპროექტების განხილვაში, ისევე როგორც ადგილობრივი, საერთაშორისო მედია ექსპერტებიც არიან ჩართულნი. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის გაცნობის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილ მიმართვაში წერს, რომ დეპარტამენტი მზადაა, დახმარება გაუწიოს და დამატებითი სამართლებრივი შეფასებები და რეკომენდაციები მისცეს კანონპროექტის ავტორებს.

„მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა არსებითია ჭეშმარიტი მედია პლურალიზმის წახალისებისათვის და კონკურენტუნარიანი და ცოცხალი მედია მარკეტის ხელშეწყობისათვის, განსაკუთრებით, სატელევიზიო მაუწყებლობის სფეროში. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის სამომავლო საპარლამენტო მოსმენები გაითვალისწინებს სხვა მონაწილეთა მოსაზრებებსაც, მათ შორის მედიის არასამთავრობო ორგანიზაციებისა“, –ნათქვამია მიატოვიჩის წერილში.

ბარბარა სვონი
ბარბარა სვონი

საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მედია სამართლის ექსპერტი ბარბარა სვონიც ეხმაურება და იურიდიული კომიტეტისადმი მიმართვაში აღნიშნავს:

 „საერთაშორისო კრიტიკა საქართველოს სამაუწყებლო სექტორში მისი რეგულირებისკენ არის მიმართული. ჩვენ ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან შეშფოთებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიის მფლობელობის არასაკმარისმა გამჭვირვალობამ კონკურეტუნარიანი პლურალისტური სამაუწყებლო გარემო დათრგუნა. ჩვენ, ასევე, სათანადოდ ვაფასებთ იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავის ძალებს ისეთი კანონმდებლობის შემოღებისკენ მიმართავს, რაც მედია მფლობელობის გამჭვირვალობის „უფრო მაღალ სტანდარტებს“  შექმნის“.

მრგვალი მაგიდა მედია მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობაზე
მრგვალი მაგიდა მედია მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობაზე

გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა მედიისა და არასამთავრობოთა მოსაზრებებს საბოლოო კანონპროექტში, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. იქამდე კი პრინციპების განსახილველად საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიმართოს.

„პარლამენტში მედია მფლობელებისა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხების განხილვა დეკემბერში იმ ერთადერთი მოტივით შეჩერდა, რომ ჩვენ გვქონოდა უფრო მეტი დრო ჩვენი პოზიციების შესაჯერებლად“, –განაცხადა რამდენიმე დღის წინ პავლე კუბლაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ შესაძლებლად მიაჩნია  ორივე საკანონმდებლო ინიციატივის გაერთიანება და ერთი მსხვილი პაკეტის მიღება, რომლის მიხედვით,  უზრუნველყოფილი იქნება მაუწყებლობათა ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობა და მედია გარემო, ზოგადად. 

„გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ვიმყოფებოდი.  იქ მოსახლეობას  ვკითხე, თუ რა არის მათი ინფორმაციის მთავარი წყარო. პასუხი იყო: ნაციონალური მაუწყებლებიდან და ადგილობრივი ტელეარხიდან, რომელიც დაფინანსებას პირდაპირ მუნიციპალიტეტიდან იღებს. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 30–35 %–ს ალტერნატიული საშუალება ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პროპაგანდის მსხვერპლი ხდება. სრულიად მიუკერძოებელი ტელევიზია არ არსებობს და ყველას აქვს თავისი ფსიქოლოგიური ფილტრი, თუმცა ეს სუბიექტივიზმი ნორმალურ ქვეყნაში იმით იფარება,  რომ შენ შეგიძლია ერთ არხზე უყურო ერთს და მეორეზე მეორეს, რაც გარკვეულ ბალანსს ქმნის“, –ამბობს ვეფხვაძე.

პოლიტიკური ნება  მთავრობამ მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით 2010 წლის ოქტომბერში გამოავლინა.  მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორკვირიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხების გამჭვირავლობა საზოგადოებისთვის სამართლებრივად ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი