საზოგადოება

“კოსმეტიკური დესოვიეტიზაცია” – რესტორნები რუსული მუსიკის გარეშე

3 თებერვალი, 2011 • • 3035
“კოსმეტიკური დესოვიეტიზაცია” – რესტორნები რუსული მუსიკის გარეშე

აიკრძალა თუ არა რუსული სიმღერები საქართველოს რესტორნებში? ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი უარყოფითია. თუმცა რეაქცია, რომელიც რესტორნების მენეჯერებს ამ კითხვაზე აქვთ საქართველოში, ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მით უფრო მაშინ, როდესაც რესტორნების მენეჯერების უმეტესობა “აკრძალვაზე“  საუბრობს. აკრძალვაზე, რომელიც არ ატარებს კანონის სახეს, მაგრამ მოქმედებს – როგორც კანონი.

რესტორნების თუ კაფე –ბარების მენეჯერები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გააფრთხილეს ისინი, რუსული მუსიკის გაშვებისგან თავი შეეკავებინათ.

თუმცა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი სამსახურის თანამშრომლებმა რესტორნის მენეჯერები გააფრთხილეს.

„მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსული სიმღერების აკრძალვის შემთხვევაში საზოგადოებას ქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება და გაღიზიანდეს, არ მგონია. ხაზი მინდა გავუსვა, არანაირი სამართლებრივი რეგულირება ამისა არ არსებობს, ამას ვერ დაარეგულირებს კანონი, დაარეგულირებს მხოლოდ საზოგადოების განწყობა“,-ამბობს პავლე კუბლაშვილი,პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

რესტორან თაღლაურას (ორთაჭალაში) მენეჯერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ რესტორანში რუსული სიმღერებს აღარ მღერიან.

„ახლა უკვე აღარ მღერიან, ადრე მღეროდნენ. ჩვენ ხელმძღვანელობამ გაგვაფრთხილა, რომ რესტორნებში რუსული სიმღერები აკრძალულია. კანონი გამოვიდა ეგეთიო“, – ამბობს მენეჯერი.

გაფრთხილებასა და კანონზე საუბრობენ არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისის რესტორნებიც, მათ შორის– იმპერიალის და ძველი იმერეთის.

ნუნუ გიგაშვილი, ძველი იმერეთის მენეჯერი ამბობს, რომ დაახლოებით ორი კვირაა მათ რესტორანში რუსული მუსიკა აღარ ისმის: „გამოგვიცხადეს, რომ აკრძალულია. მე პირადად არავის შევხვედრივარ, მაგრამ ყველა რესტორნიდან ასეთი ინფორმაციაა და მაგის შარის თავი ვის აქვს?“

რესტორან ევრაზიაში საღამოს გატარების მსურველი კლიენტები შეკითხვაზე,  აქვთ თუ არა რუსული რეპერტუარი, პასუხობენ, რომ რუსული სიმღერა კანონით აკრძალულია.

სხვა პასუხი აქვს რესტორნის მენეჯერს:

“ჩვენთან არავინ არ მოსულა, ჩვენი მომღერლები ყველა სიმღერას მღერიან”.

კითხვაზე, მღერიან თუ არა რუსულ სიმღერებს, მენეჯერი ჩვენთან საუბარს წყვეტს და ტელეფონს თიშავს.

„დიდი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ. დღეს მოვედი და სრულიად სხვა სიტუაცია დამხვდა. რუსული სიმღერები, რომლებსაც კლიენტები ხშირად უკვეთავდნენ, საერთოდ აღარ ისმის. ადრე ამის გამო მოძულებული მქონდა აქ სიარული. თუმცა, დღეს უკვე სულ სხვა გარემოა და ძალიან ვისიამოვნე ამით“,  – ამბობს რესტორან მარტინის სტუმარი ლალი აფციაური.

ის ამბობს, რომ ყველაზე ხშირად რესტორანში რუსულ სიმღერებს –  „მოია მულატკას“ და  „მაჯანჯას“ მღეროდნენ.

რუსული მუსიკის რესტორნებში აკრძალვას რუსული საესტრადო მუსიკის მოყვარულები არ ეთანხმებიან.

„კულტურული ურთიერთობა ქვეყნებთან უნდა გვქონდეს და რა დაგვიშავა მუსიკამ? მე არ ვარ მომხრე“,–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში 60 წლის ელზა.

„მარტინის“ ერთ–ერთი ოფიციანტის თქმით,  რამდენიმე კვირაა უკვე ამ რესტორანში მუშაობს და ამ ხნის მანძილზე რუსული სიმღერა არ მოუსმენია. ამბობს, რომ ფინანსური პოლიცია მივიდა რესტორანში და მუსიკოსებს სიმღერების რუსულად შესრულება აუკრძალა.

რუსულ–ევროპულ კაფე–ბარ სსრკ–ში კი, როგორც მისმა მენეჯერმა თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბარში, რუსული სიმღერების აკრძალვა არ მოქმედებს. თუმცა, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ბარში რუსული სიმღერა არ გაჟღერებულა.  „ვერკა სერდუჩკას“ „ა ონ მნე ნრავიტსა“ სსრკ–ში მხოლოდ ერთხელ ჩართეს და რამდენიმე წამში ისევ ქართული ქალაქური სიმღერით ჩაანაცვლეს.

მუსიკა, რომელიც რუსულ სიმღერებს ანაცვლებს, ძირითადად, ქართულია, ან ინგლისურენოვანი.

რესტორან ძველი იმერეთის მენეჯერი ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც ხშირად უკრავდნენ რუსულ სიმღერებს, კლიენტების მოთხოვნა იყო.

„რუსული სიმღერების აკრძალვა კლიენტების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. შეკვეთებიც არის, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხევავაში არ ვუშვებთ“.

სიტყვიერი დირექტივა აკრძალვის შესახებ არ მოქმედებს რამდენიმე რესტორანში, მათ შორის რამდენიმე ბარში ახვლედიანის(ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე. ბარების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია და, შესაბამისად, რუსულ სიმღერებსაც თავისუფლად უშვებენ.

ერთ–ერთი რესტორანი, რომელმაც რუსული სიმღერები თავის რეპერტუარში თამამად შემოგვთავაზა, რესტორანი მატრიოშკაა, სადაც რუსული სამზარეულო და რუსული მუსიკაც დიდი დოზით არის.

მაღაზია „აუდი




ო ვიდეოში“ ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ მაღაზიაში ძალიან ხშირად კითხულობენ რუსული სიმღერების კომპაქტ დისკებს, ასევე – რუსულ ფილმებსაც.

„ერთ გაყიდულ უცხოურ დისკზე ათი რუსული მოდის“, – ამბობს ირაკლი, მაღაზიის თანამშრომელი.

მისი თქმით, ასევე კარგად იყიდება რუსული ფილმები, უფრო მეტად – ძველი.

რადიო აფხაზეთის ხმის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ხაჩიძე ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ რუსულ სიმღერებზე მათ რადიოში მოთხოვნა მაღალია.

„მსმენელები ითხოვენ როგორც თანამედროვე, ასევე – ძველ რუსულ სიმღერებს, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ ქართულ სიმღერაზე უფრო მოთხოვნადია რუსული. ჯერ არის ქართული, შემდეგ მოდის რუსული და შემდეგ უკვე სხვა ენაზე შესრულებული სიმღერები“.

რადიო აფხაზეთის ხმის ეთერში რუსული სიმღერა საათის მანძილზე დაახლოებით ორჯერ გადის.

„დერუსიფიკაცია არ უნდა ხდებოდეს ადამიანების სურვილის კანონთან დაპირისპირებით,“ – ფიქრობს შოთა დიღმელაშვილი, ჟურნალ ცხელი შოკოლადის მიმომხილველი.

 „ეს კეთდება დესოვიეტიზაციის ეგიდით, რასაც აკეთებენ სტალინის ძეგლების მოხსნით, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ დესოვიეტიზაცია არის კოსმეტიკური და უფრო ჰგავს წარწერის წაშლას მეიდ ინ უსსრ და არა რეალურად წაშლას. მაგალითად, მოია მულატკას რუსულად არ იმღერებენ და იმღერებენ ქართულ ენაზე. დერუსიფიკაცია და განსაბჭოების პროცესი სიღრმისეულ მიდგომებს მოითხოვს და არა ადამიანების სურვილის დაპირისპირებას კანონთან“ – ამბობს დიღმელაშვილი.

საქართელოში რუსული მუსიკის პოპულარობის მიზეზად კინომცოდნე თეო ხატიაშვილი თაობიდან თაობაზე გადასულ ინერციას ასახელებს:

„საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსული პოპმუსიკა. თან ეს არ არის მხოლოდ ერთგვარი ნოსტალგიიის გამოვლინება იმ თაობის მხრიდან, რომელიც ამ მუსიკაზე გაიზარდა, არამედ ის ახალგაზრდებიც უსმენენ, რომლებსაც საერთოდ არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, ერთგვარი ინერციაც, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა, სიახლის მოძიებისა და გაზიარებისადმი, ზოგადად, ჩვენში არსებული ინდიფერენტულობაც და თავად ამ მუსიკის უკუდურესი პრიმიტივიზმი (მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდია), რაზეც, სამწუხაროდ, დიდი მოთხოვნილებაა მასობრივ აუდიტორიაში“.

ქვეყანაში რუსული მუსიკის მოყვარულების დიდ რადენობას, მით უფრო ახალგაზრდა თაობაში, დიღმელაშვილიც ქვეყნის პოლიტიკას უკავშირებს.

 „ალტერნატივაც არ არის. მეინსტიმ არხებზე ისევ საბჭოთა ესთეტიკა გვხდება– კონცერტები, კლიპები, გადაცემები. რა ალტერნატივა აქვს მაყურებელს? შეიძლება ვინმე შევიდეს იუთუბზე, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს. ადამიანი იქცევა ისე, რა სისტემაშიც ჩააგდებ, ეს სისტემა ახდენს ადამიანის ბუნების ტრანსფორმაციას. ამ ქვეყანას ოიდიპოსის კომპლექსი აქვს. თითქოს მოკლა მამა, საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც მას ეპოტინება. ამ თავისუფალი ნიშის, იდეოლოგიური ვაკუუმის ამოვსება ხდება ახალი იდეოლოგიით, რომელიც ზიზღით არის სავსე. შესაბამისად, შედეგიც იგივეა, ვიღებთ ისევ საბჭოთა ტიპის ადამიანს. მიმართება არ იცვლება, ალგორითმი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი