საზოგადოება

დევნილთა უშედეგო 4– თვიანი აქცია

1 თებერვალი, 2011 • 1401
დევნილთა უშედეგო 4– თვიანი აქცია

დაახლოებით 4 თვეა, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს ეზოში, კარვებში, ცხოვრობენ და სამინისტროსგან კუთვნილი ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.  აქციის მონაწილეთა  განცხადებით, მათთვის შემოთავაზებულ საცხოვრებელ ფართში არანაირი ყოფითი პირობები არ არსებობს. ეს სოფლები(ფოცხო, ლესიჭინე) დაცილებულნი არიან რაიონულ ცენტრებს. აქ არც ამბულატორიებია, არც სკოლები, არ არსებობს არანაირი სამუშაო ადგილები. მათ არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ სოფლის მეურნეუბის სფეროში და რთული იქნება 50 – 60 წლის ასაკში ახალი საქმიანობის ათვისება.

4 თვის განმავლობაში ამ საპროტესტო აქციის შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს ფაქტი მედიასაშუალებების ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ერთი უბედური შემთხვევაც. სამინისტროს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო ერთმა ქალბატონმა თავი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში დაიწვა და 25 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური გვერდი, რომელიც მიზნად ისახავს, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადეობას ამ აქციის შესახებ. ყოველდღიურად გაიზიარონ მათი ყოფა და ბლოგერებმა თუ ჟურნალისტებმა გააშუქონ მათი პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეებთან გუშინ მეც გახლდით . დაახლოებით 10 –მდე ადამიანი ყოველდღიურად კარვებში ათენებს 4 თვის განმავლობაში, ზამთარში, ისინი ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მხრიდან მათი პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. უბედურებაა, როდესაც სახელმწიფო დევნილებს როგორც ბოშათა ბანაკს ისე უყურებს. სურვილისამებრ აასახლებს ერთი ადგილიდან და მეორეში გადაასახლებს. გამოსახლების მძიმე კადრებიც გვინახავს, ალბათ. რას ვიზამთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულ მოვლენად იქცა ეს ყოველივე. მთავარია დაერქვათ, რომ პრობლემა მოგვარებულია და “უკლებლივ ყველა დევნილს” საცხოვრებელი ფართი გამოუყვეს. ინდივიდი და მათი პრობლემები ყველას მხედველობის მიღმა რჩება. აქციის მონაწილე ერთ –ერთი ქალბატონი გვიყვებოდა: ყჰავს ყრუ –მუნჯი შვილი, გარდა იმისა, რომ ყრუ –მუნჯ ბავშვთა სკოლა მხოლოდ ქუთაისში და თბილისშია,  ყოველთვიურად ესაჭიროება სპეციალური პროცედურები, რომელთა ჩატარებაც მხოლოდ ქუთაისის ან თბილისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სოფლებში გადასვლის შემთხვევაში, მისთვის შეუძლებელი გახდება, ყოველთვიურად შვილს  გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტაროს.

მათი დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ისინი იძულებულნი ხდებიან, მიატოვონ სამუშაო ადგილები და გადავიდნენ საცხოვრებლად იქ, სადაც მათი ხელობა გამოუსადეგარია. ამ დროის განმავლობაში აქციას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. აქციის მონაწილეები მინისტრ კობა სუბელიანის  და სხვა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მათდამი ცინიკურ დამოკიდებულებაზე და მიმართვის უხეშ ფორმებზე გვიყვებოდნენ.

P.S გთავაზობთ ვიდეო სიუჟეტებს, რომლებიც გუშინ ვიდეო ბლოგ vlogger.ge სთვის გადავიღე

 

მასალა გამოქვეყნდა ბლოგზე http://gabo.ge/archives/1294

მასალების გადაბეჭდვის წესი