ევგენია ოქროპირიძე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში ცხოვრობს. 2008 წლის 7 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის სოფელ დისევში ცხოვრობდა. 35 წელი სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო.
„ჩვენი სკოლის დირექტორმა, იმის გამო, რომ ქართველ ბავშვებთან ერთად ოსებსაც ესწავლათ, უფრო დიდ შენობაში გადაიტანა სკოლა. ახალი სკოლა ჩემი სახლიდან მოშორებით იყო. ზამთარში აღმართებზე სიარული მიჭირდა და რამდენჯერმე გავიფიქრე, ნეტავ, ოსები ჩვენთან აღარ სწავლობდნენ და ისევ ძველ შენობაში გადაგვიყვანონ-მეთქი. ჩემს თავზე ვბრაზობ, ნეტა სულ არ გამეფიქრა ასეთი რამე და ისევ ძველებურად ყოფილიყო ყველაფერი“, – ამბობს ევგენია ოქროპირიძე.
ევგენია იხსენებს, რომ მათთან სოფელში 7 აგვისტოს ერთი კაცი მივიდა და სოფლელებს უთხრა, ამ ღამით დიდი სროლები იქნება და სოფელი დატოვეთო. მისივე თქმით, სროლის ხმა სოფელში იქამდეც ისმოდა, თუმცა იმ დღეს, ორ შვილთან ერთად, სახლი მაინც დატოვა და გორში ჩავიდა. თან მხოლოდ პირადობის მოწმობა, რამდენიმე ოქროს ნაკეთობა, ერთი კაბა და დანაზოგი – 25 ლარი წაიღო.
„რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში ყოფნის ბოლო წუთები მქონდა და ვეღარასდროს ვნახავდი. ეგ რომ მცოდნოდა, იქნებ სხვა რაღაცეებიც წამომეღო. ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ რას წამოვიღებდი, პირველ რიგში, მგონია, რომ სკოლის ფოტოებს. ძალიან არ მინდა, რომ ჩემი მოსწავლეების სახეები დამავიწყდეს“, –ამბობს ევგენია.
ევგენია შვილებთან ერთად სოფლიდან გაიხიზნა, ქმარი კი დარჩა, რადგან 90 წლის დედა სახლში მარტო ვერ დატოვა. რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს.
მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ევგენიას ქმარი და დედამისი დამწვარ სახლში ცხოვრობდნენ. ევგენია ყვება, რომ ოსები მათ სახლში ცხრა აგვისტოს შევიდნენ.
„ჩემი დედამთილი ამბობს, რომ ოთახში რაღაც შავი სითხე დაასხეს. ამათ ძლივს მოუსწრიათ ოთახიდან გამოსვლა. მერე დაუნახავთ, რომ სახლი უკვე იწვოდა. აივნიდან მხოლოდ საწოლის გადასაფარებლების გადმოყრა მოასწრეს. ეს გადასაფარებლები ერთადერთია, რაც სახლს მახსენებს და თვალისჩინივით ვუფრთხილდები“,–ამბობს ევგენია.
ცხრა აგვისტოს ევგენიას სახლში, სხვა ნივთებთან ერთად, ახალი მაცივარიც დაიწვა.
„24 აპრილს გორში კრედიტით ვიყიდე. სამი თვე 85 ლარი ვიხადე. აგვისტოში კრედიტის გადახდა არავის გაგვხსენებია. მერე ნაცნობმა გვახარა, მთავრობამ გადაიხადა იმათი ბანკის კრედიტები, ვისაც 1000 ლარამდე ჰქონდაო. დავმშვიდდით. თუმცა, 2010 წლის მაისში წერილი მოგვივიდა ტაოპრივატ ბანკიდან, რომ ჩვენი დავალიანება უკვე 2000 ლარზე მეტი იყო. გავგიჟდით. ბანკის სათაო ოფისში მივედი გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ ყოფილა გადახდილი. იქ მითხრეს, მხოლოდ ორი თვის გადასახადი მოგიხსენით და მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ვალდებულები არც ვართო“, –ამბობს ევგენია.
იმის შემდეგ პენსიიდან გარკვეულ თანხას აგროვებს. სამი თვეში 150 ლარის გადახდა მოახერხა. კიდევ 2700 ლარის დავალიანება დარჩენილი აქვს.
„ვხვდები, რომ ასე ვეღარ შევძლებთ მეტს. თბილისში ახალგაზრდა იურისტები რომ არიან, იქ უნდა მივიდე, ნეტა, რამით თუ დამეხმარებიან? სკოლაში რომ ვმუშაობდი და ხელფასი მქონდა, ამიტომაც გავრისკე მაცივრის კრედიტით გამოტანა. ჩემი, ჩემი ქმრის და დედამთილის პენსიით რამდენი ერთი გადავიხადოთ? არსებობაც ხომ გვინდა“, –ამბობს ევგენია.
რამდენიმე თვის წინ მის 93 წლის დედამთილს, ეკატერინა ცოტნიაშვილს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. იმის გამო, რომ მოხუცს დაზღვევა არ ჰქონდა, მარნეულის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ოპერაცია უფასოდ გაუკეთა. თუმცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, როგორც ევგენია ამბობს, ექიმმა თავად მიმართა, რომ სამინისტროს ოპერაციის თანხა დაეფარა.
„ალბათ, არ დაფარეს, რადგან ჩვენ მარნეულის საავადმყოფოდან წერილი მოგვივიდა ტექსტით – გთხოვთ, დაფაროთ დავალიანება. რა თქმა უნდა, ვერ ვფარავთ, რით? კიდევ კარგი, სახელმწიფომ ჯერ ეს ბინა არ დაგვიკანონა, თორემ აქამდე ამ ვალების გამო ტაო–პრივატ ბანკი მაინც ჩამოგვართმევდა ბინას,“ – ამბობს ევგენია.
ევგენიას თქმით, ბანკის ვალზე ფიქრმა სხვა ყოფითი პრობლემები დაავიწყა. უვარგისი სასმელი წყალი, გაუმართავი კანალიზაცია და გამოუყენებელი სახნავ–სათესი მიწა ევგენიასთვის ჩვეული ცხოვრებაა. ამბობს, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
კოდაში თოვლი დღეს პირველად მოვიდა
ნახევარ–ნახევარი ჰექტარი სახნავ–სათესი მიწა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში ჩასახლებულ 446–ვე ოჯახს სახელმწიფომ სოფლიდან მოშორებით მისცა. თუმცა, იმის გამო, რომ სარწყავი წყალი არ არის, მიწა იქ ჯერ არავის დაუმუშავებია. კორპუსების უკან პატარა ნაკვეთები აქვთ, სადაც მწვანილს და ხახვს თესავენ. დარგული პომიდორი კი გაუხმათ, რადგან წყალი, რომელსაც ხელით უსხამდნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა.
წელიწადის თბილ დღეებში ევგენიას დედამთილი, 93 წლის ეკატერინა ცოტნიაშვილი კორპუსის წინ, სკამზე ზის ხოლმე და მთელ დღეს იქ ატარებს. ევგენია ამბობს, რომ ეკატერინა ოთხ კედელს შუა ცხოვრებას მიჩვეული არ ყოფილა. მთელი დღე ეზოში ფუსფუსებდა. საქონელიც ჰყავდა, ქათმებიც და ბოსტანშიც მუშაობდა. გამოკეტილ ბინაში კი თავს ცუდად გრძნობს და ცივ ამინდში ლოგინიდან საერთოდ არ დგება.
„ეს შეშის „ფეჩს“ იყო მიჩვეული, გაზის გამათბობელი არ მათბობს კარგადო, ამბობს. ამიტომ სულ სცივა და ვერ ვაყენებთ საწოლიდან“, –ამბობს ევგენია.
ევგენიას თქმით, ომის დღეებში ეკატერინა და მისივე ასაკის მეზობელი ქალი სულ ერთად იყვნენ და საკუთარი სახლების დაწვას ერთად უყურებდნენ. შემდეგ იმ ქალის ოჯახმა კომპენსაცია აიღო და ბინა სხვა სოფელში იყიდა. ეკატერინა კი, როგორც მისი რძალი ამბობს, სულ ნერვიულობს, რომ ვეღარასოდეს ნახავს თავის მეგობარს.
„როგორც გვითხრეს, ჩვენი სოფელი აღარ არსებობს. ჩვენი სახლი გადასწორებული ყოფილა, დამწვარი ნივთები ხევთან ახლოს, ორმოში ჩაუყრიათ. მთელ სოფელში კი რუსებს ყაზარმები აუშენებიათ, თურმე“, –ამბობს ევგენია.
ის იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე წლით ადრე მათთან ოჯახში ოსი ეროვნების ნაცნობი ბიჭი მივიდა.
„დალიეს კაცებმა და ამ ბიჭმა ასეთი რაღაც თქვა, ათი „კამაზი“ მავთულხლართები ჩამოვიტანეთ სოფელში, ახალი „გრანიცა“ უნდა გავაკეთოთო. მაშინ მისი ნათქვამი ხუმრობა მეგონა“, –ამბობს ევგენია.