საზოგადოება

პიკისთვის 14 მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა

24 იანვარი, 2011 • • 1272
პიკისთვის  14 მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 14 მილიონამდე ლარი პირველი საინფორმაციო კავკასიურისთვის (პიკ) საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა: თანხები უკვე გახარჯულია, არხი კი ახალი ფინანსების მოლოდინშია, სავაურაუდოდ, ისევ სარეზერვო ფონდებიდან.

ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის (რომლის მესამე არხია პირველი საინფორმაციო კავკასიური) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა, არხს თანხა დამატებით გამოუყოს

“ჩვენ მთავრობიდან არხის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) ოპერირებისთვის დაახლოებით 14 მილიონ ლარამდე ჩაგვერიცხა, რომელიც მათ გადავურიცხეთ. დღესდღეობით მაუწყებელში პიკისთვის არანაირი თანხა არ არის”, – ამბობს გახელაძე.

2010 წელს პიკისთვის სარეზერვო ფონდებიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი გამოიყო, 2011 წელს –დამატებით კიდევ  7 მილიონი ლარი.

არხის გენერალური დირექტორი, რობერტ პარსონი დღეს ევროპის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ არხისთვის გამოყოფილი თანხა ახალ შენობას, მის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვას და ტრეინინგებს მოხმარდა.

პირველი საინფორმაციო კავკასიური ტელეკომპანია მზის შენობის ნახევარს იკავებს.

არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ინგა ნიკაგოსიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში პიკის თანამშრომლები ვერ დაეტეოდნენ. ამიტომ მზის შენობა არჩიეს.

თანხა, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან არხისთვის იყო გამოყოფილი, უკვე დახარჯულია. ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ და რა თანხას გამოუყოფს არხს 2011 წელს არსებობისთვის და მაუწყებლობისთვის.

“ახალი ბიუჯეტი ჯერ არ ვიცით, დიახ, ეს თანხა (14 მილიონამდე ლარი) უკვე დახარჯულია”,–ამბობს ნიკაგოსიანი.

პიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს საკითხი “უახლოეს მომავალში გაირკვევა”,  ნიკაგოსიანის თქმით, თანხები, სავარაუდოდ, ისევ მთავრობის მიერ იქნება გამოყოფილი.

მთავრობის პრეს–სპიკერი ნიკო მჭედლიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არხისთვის თანხის დამატებით გამოყოფაზე მან ჯერ არაფერი იცის.

სანამ არხის ახალი ბიუჯეტი ცნობილი გახდება, მანამდე – 25 იანვარს არხი პირველად გავა ეთერში.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის პირველი სტუმარი იქნება. პირველი საინფორმაციო კავკასიურის ეთერში პრეზიდენტი მაყურებლის კითხვებს უპასუხებს.

16 გადაცემა და დღის მანძილზე 4 საინფორმაციო გამოშვება – ეს არის პიკის ფორმატი.

არხისთვის დოკუმენტური ფილმები მომზადდება. დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ არხთან ითანამშრომლებენ გიორგი ოვაშვილი (რეჟისორი ფილმისა “გაღმა ნაპირი” და ზაზა რუსაძე (რეჟისორი ფილმისა „ნაკეცები და ბზარები“).

არხზე ერთ–ერთი გადაცემის წამყვანი იქნება ნოდარ ლადარია.

სიტყვები – ობიექტური, დაბალანსებული და მიუკერძოებელი, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყველაზე ხშირად ისმოდა.

არხის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ პარსონსმა იმ ადამიანების მიმართა, ვისაც ახალი არხის ობიექტურობის წინასწარ არ სჯერა. მან თქვა: ჯერ გვიყურეთ და შემდეგ ისაუბრეთო.

სანამ არხის ნახვის შესაძლებლობა გვექნება, მანამდე პარსონსი პირობას დებს, რომ პიკი ობიექტური და დაბალანსებული მედია იქნება.

ის ამბობს, რომ მას არასოდეს უმუშავია პროპაგანდისტულ არხზე და არც არასოდეს იმუშავებს.

“ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს არხს უყურონ ყველგან, სადაც რუსულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი უპირველესი მიზანია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონები. ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ეს ხალხი საქართველოზე ფლობს, სამწუხაროდ, რუსული ტელეარხებიდან მოდის. თუმცაღა, არ გვეგონია, რომ ჩვენი არხი რუსეთით უნდა იყოს ობსესირებული”, – განაცხადა რობერტ პარსონსმა.

პირველი საინფორმაციო კავკასიური ხვალიდან დაიწყებს სატელიტზე მაუწყებლობას და დაფარავს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთს, ირანსა და საქართველოს.

არხს ინტერნეტ პორტალიც აქვს. PIK.TV.RU ხვალ მიხეილ სააკაშვილის მისამართით დასმულ კითხვებს მიიღებს მოქალაქეებისაგან.

ზოგადად კი, ეს გვერდი მხოლოდ ეთერში გასულ მასალას არ შესთავაზებს მომხმარებელს. პიკის ვებსაიტს აქვს სპეციალური გვერდი – სამოქალაქო ჟურნალისტიკა. მისი საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, არხს საინტერესო ფოტო, ვიდეომასალა მიაწოდონ.

სანამ პირველი საინფორმაციო კავკასიური გამოჩნდებოდა, მანამდე არსებობდა ტელეკომპანია პირველი კავკასიური.

პირველი კავკასიური ეთერში დაახლოებით ერთი წლის წინათ გავიდა. თუმცა თანამგზავრზე არხი მხოლოდ ორი კვირის მანძილზე გადიოდა. ფრანგულმა კომპანია “ეუტელსატმა” არხს მაუწყებლობაზე უარი უთხრა.

“პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი”, – ასე აფასებდა გასულ წელს ფრანგული კომპანიის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი კავკასიურის თანამგზავრზე გასვლისთვის ფრანგულ კომპანიას წინასწარ დაახლოებით 300 ათასი ევრო გადაუხადა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ქართულმა მხარემ მიმართა, არც არხის მაუწყებლობა აღდგა და არც 300 ათასი ევრო დაუბრუნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

2010 წლის 15 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კომპანია ქეი–1–ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ქეი1 ის კომპანიაა, რომელიც დღეს მართავს პირველ სანფორმაციო კავკასიურს (პირველი კავკასიურის მემკვიდრეს) და არხისთვის გამოყოფილ ფინანსებს.

ქეი1–ის დამფუძნებლები არხის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი და არხის საინფორმაციოს ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი