საზოგადოება

ეთიკის ქარტიის დილემა

24 იანვარი, 2011 • • 1294
ეთიკის ქარტიის დილემა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრებს კვლავაც ვერ განიხილავს, რადგან საქმის წარმოების წესში შესაბამისი ცვლილებისთვის საჭირო ჟურნალისტების რაოდენობა გუშინ ქარტიის საერთო კრებაზე ვერ მოგროვდა.

ცვლილებისთვის აუცილებელი იყო, რომ გუშინდელ კრებაზე ქარტიის წევრთა 2/3, ანუ მინიმუმ 120 წევრი ჟურნალისტი შეკრებილიყო, თუმცა საერთო კრებაზე გუშინ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ჯამში, მხოლოდ 62 ხელმომწერი ჟურნალისტი გამოცხადდა. ამის გამო ქარტიის საბჭოს მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა არ შედგა.

ქარტიის საბჭომ საერთო კრებას ცვლილებების ორი პროექტი წარუდგინა: კერძოდ, ერთ–ერთი პროექტით, საბჭო წინადადებით შევიდა, რომ წევრ რედაქტორებს საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულება აეღოთ, მეორე პროექტით კი, საბჭომ მანდატის გაზრდა ითხოვა იმ თვალსაზრისით, რომ  არაწევრი ჟურნალისტების მიმართ საჩივრების განხილვის უფლებამოსილება მიეღო.

კენჭისყრა არ შედგა, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო კრებაზე ცხარე დისკუსია გაიმართა.

დამსწრე ჟურნალისტებსა და რედაქტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და კამათი არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ წევრმა რედაქტორებმა უნდა აიღონ საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულება. 

აზრი ორად გაიყო ცვლილებების მეორე პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც: „საბჭოს უფლება აქვს განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირთა მიერ ჟურნალისტური ნორმების დარღვევას, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები.“

ჟურნალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქარტიამ მხოლოდ იმ ჟურნალისტთა საკითხები უნდა განიხილოს, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს და მასში ასახული 11 პრინციპის დაცვაზე თანხმობა განაცხადეს. თუმცა, სხვა ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ხელმომწერთა საქმეების განხილვით, ქარტია მოექცევა „მოჯადოებულ წრეში“, რომელსაც ვერასდროს გასცდება, მითუმეტეს მაშინ, როცა ქარტიას საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მხოლოდ მცირე ნაწილი აწერს ხელს.  

ამ საკითხთან დაკავშირებით არც ეთიკის ქარტიის საბჭოში არსებობს შეთანხმებული პოზიცია. საბჭოს ერთ–ერთი წევრის – ნინო ზურიაშვილის თქმით, ქარტიის საბჭოში ხშირად შედის საჩივრები იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ქარტიის ხელმომწერები. მაგალითად, გასულ წელს ქართულმა პარტიამ საჩივარი შეიტანა ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ. ასევე, ლეიბორისტული პარტია უჩიოდა სააგენტო პირველს. ეთიკის ქარტიის საბჭოს ეს საქმეები არ განუხილავს, რადგან აღნიშნული ჟურნალისტები ქარტიის ხელმომწერები არ იყვნენ.

Media.ge-ს რედაქტორმა, დავით მჭედლიძემ განაცხადა: “ამ შემთხვევაში იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ქარტიის საბჭოს რა უფლებას ვანიჭებთ, არამედ უნდა ვიფიქროთ მედიის  მომხამრებლის უფლებების დაცვაზე, მას თავდაცვის რა ინსტრუმენტს ვთავაზობთ.“

დავით მჭედლიძემ „რუსთაველ მანიაკთან“ დაკავშირებული ფაქტი გაიხსენა. მაშინ ჟურნალისტმა მანიაკის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. მისი თქმით, ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტთა სწორედ მსგავს გადაცდომებზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, კონკრეტული ჟურნალისტი არის თუ არა ქარტიის ხელმომწერი.

დავით მჭედლიძის მოსაზრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თქვა, რომ მსგავსი გადაცდომა სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მასზე ეთიკის ქარტიის საბჭომ არ უნდა იმსჯელოს. მისივე აზრით, ქარტიის საბჭო სადამსჯელო ორგანო არ უნდა გახდეს და სასამართლოს ფუნქციები არ უნდა შეითავსოს.

განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდა გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს. მისი აზრით, ქარტიის საბჭომ მედიის მომხმარებელს ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მხოლოდ ანალიზი, მონიტორინგის შედეგი უნდა გააცნოს. მას მიაჩნია, რომ ქარტიის საბჭომ არაწევრებთან დაკაშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

ქარტიის კიდევ ერთ ხელმომწერ ჟურნალისტს, ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ქარტიის საბჭომ არ უნდა დაარღვიოს ნებაყოფლობითობის პრინციპი და მან მხოლოდ ხელმომწერ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მიღებული საჩივრები უნდა განიხილოს.

თუმცა დარბაზში, ასევე, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს ქარტიის საბჭოსადმი მოსახლეობის უნდობლობას გამოიწვევს, რადგან ის ვერ განიხილავს ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური ნორმების აშკარა დარღვევის ფაქტებს.

საბოლოოდ, კითხვა – „უნდა ჰქონდეს თუ არა საბჭოს უფლება, განიხილოს საჩივრები იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები?“ – კვლავ უპასუხოდ დარჩა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ქარტიის რიგით მესამე საერთო კრება არ გაიმართება და ამ კრებაზე ცვლილებისთვის საჭირო წევრთა 2/3 არ შეიკრიბება.

ამავე თემაზე:

1. ჟურნალისტთა ქარტიის წევრების შეკრება მოულკოდნელი ფინალით

2. ჟურნალისტთა ქარტიის ერთი წელიწადი

მასალების გადაბეჭდვის წესი