საზოგადოება

საქართველოს არჩევანი გაზსადენისთვის–სომხეთი თუ აზერბაიჯანი

22 იანვარი, 2011 • 2095
საქართველოს არჩევანი გაზსადენისთვის–სომხეთი თუ აზერბაიჯანი

 

„ალიევის დაინტერესება გაზსადენით { მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთით} გამოწვეულია სურვილით, რომ სომხეთი უფრო მეტ იზოლაციაში ამყოფოს. ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,  ეს გაზსადენი სომხებმა უნდა ვიყიდოთ” – განაცხადა სომხეთის ოპოზიციური ნაციონალური კონგრესის წევრმა დავიდ შახნაზარიანმა. გახდება თუ არა მაგისტრალი დღეს ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების  შეხვედრის მთავარი თემა?

გუშინ  ერთ–ერთი სომხური გამოცემა  მიხეილ სააკაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით ექსპერტ პაატა ზაქერეიშვილსაც ესაუბრა. ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ერევანში გაზსადენის საკითხს განიხილავს და ყველანაირად შეეცდება დაარწმუნოს კოლეგა, გაზსადენის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის საკითხს უფრო მარტივად შეხედოს.

„მე ვფიქრობ, რომ გაზსადენის გაყიდვა კომერციული ინტერესებითაა გამოწვეული და ვინც უფრო მეტს შეთავაზებს სანაცვლოდ, ისიც იყიდის“, –ამბობს პაატა ზაქარეიშვილი სომხურ გამოცემასთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბაქოში ვიზიტი  სომხურმა გამოცემებმა აქტიურად გააშუქეს.  თუმცა, ისაუბრეს თუ არა ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაზსადენის გაყიდვის საკითხზე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. 

„არა მგონია, იმის რეალური საფრთხე არსებობდეს, რომ აზერბაიჯანმა ეს გაზსადენი იყიდოს“,–განუცხადა სომხეთის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე ისკანდარიანმა ჟურნალისტებს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა.

ისკანდერიანის მოსაზრებით, აზრი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილის, რომლის მეშვეობით რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება, ყიდვა შეუძლია, მცდარია და მედიის მიერ არის გამწვავებული.

ბაქოში გრიგილ ვაშაძის ვიზიტის პარალეურად სომხური გამოცემა „აიკაკან ჟამანაკი“ („სომხური დრო“) წერს, რომ ბაქო ყველანაირად ცდილობს ჩრდილოეთ–სამხრეთის 231– კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც საქართველოს ტერიტირიაზე გადის, ხელში ჩაიგდოს.

სომხურმა გამოცემებმა გრიგოლ ვაშაძის ბაქოში გამგზავრებამდე მისი მოადგილის, ნინო კალანდაძის ბრიფინგიც გააშუქეს, სადაც კალანდაძემ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები დაასახელა–მაგისტრალური გაზსადენი განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ მოხვდა.  

სომხეთის მღელვარება გაზსადენთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანულ ნავთობკომპანიის სოკარის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა მზადყოფნა გამოთქვა ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილის ყიდვაზე.

„სოკარის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ამ გაზსადენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გააჩნია და  საქართველოს მთავრობასთან და გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.  თუ ასე მოხდა, სომხეთი უბრალოდ ვეღარ მიიღებს ამ გაზსადენით ბუნებრივ აირს, რადგან ეს გაზსადენი გამოყენებული იქნება აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის  დამაკავშირებელი რგოლისთვის –Azerbaijan-Georgia-Romanian Interconnector (AGRI)“, –ნათქვამია „აიკაკან ჟამანაკში“.

ამ პროექტის (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი) თანახმად, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გათხევადებულ მდგომარეობაში საქართველოს პორტების გავლით  ტანკერებით რუმინეთისკენ უნდა გაიგზავნოს.

სომხური გამოცემების მიხედვით, აზერბაიჯანმა რომც არ გამოიყენოს გაზსადენი ამ მიზნისთვის, ბუნებრივ აირს სომხეთს პერიოდულად შეუწყვეტს, საბაბად კი, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოებს დაასახელებს.

„აზერბაიჯანის სურვილი, იყიდოს ქართული გაზსადენი,  გამოწვეულია არა ეკონომიკური, არამედ –პოლიტიკური მოტივებით. ალიევის დაინტერესება გაზსადენით გამოწვეულია სურვილით, რომ სომხეთი უფრო მეტ იზოლაციაში ამყოფოს. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს გაზსადენი სომხებმა უნდა ვიყიდოთ” – განაცხადა სომხეთის ოპოზიციური ნაციონალური კონგრესის წევრმა დავიდ შახნაზარიანმა.

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კი მაგისტრალური გაზსადენის აზერბაიჯანულ კომპანია  სოკართან გაზსადენის გაყიდვის საკითხებთან დაკავშირებით რაიმენაირი მოლაპარაკებების არსებობას არც  ადასტურებს და არც უარყოფს.

„კორპორაცია ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“, –განაცხადეს  ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ნეტგაზეთის კითხვაზე. 

2010 წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გაზსადენის გაყიდვა გამორიცხა, თუმცა საკონტროლო პაკეტის 10–15 %–ს ლონდონის ბირჟაზე განთავსების აზრი გამოთქვა. გილაურმა  მაშინ ლონდონის ბირჟაზე გაზსადენის აქციათა განთავსების პოზიტიურ მხარედ ქვეყნისთვის იმიჯის შექმნა დაასახელა.

მოგვიანებით პარლამენტმა გაზსადენის პრივატიზების კანონპროექტი დაამტკიცა.

„ოპტიმალური ვარიანტი იქნება, რომ გაზსადენი დარჩეს სტრატეგიულ ობიექტად და კანონში აღდგეს ჩანაწერი, რომ  აღარ გაიყიდოს. მაშინ, როცა პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრივატიზება დაშვებულია, ჩვენ ვითხოვდით, გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო, რომ სახელმწიფო მისი ფლობის  სულ მცირე 51 %–ს დაიტოვებდა, თუმცა ასეთი ჩანაწერი უმრავლესობის ხმებით არ გაკეთებულა“, –ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.

 „დღეს ამ გაზსადენის მეშვეობით საქართველო  გატარებული ბუნებრივი აირის 10 %–ს უნდა იღებდეს.  თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაზპრომს საქართველოს მიმართ მილიარდი კუბური მეტრის დავალიანება აქვს და არ იხდის“, –ამბობს ვეფხვაძე.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით 2010 წელს სომხეთში 1440.0 მლნ კუბური მეტრი აირი იყო ტრანსპორტირებული.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზპრომის დავალიანების შესახებ კომენტარისგანაც თავს იკავებს.

„ამ უფასო კუბურ მეტრებს, რომელსაც გაზპრომი საქართველოს არ უხდის, საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება უნდა გამოეწვია. გაზსადენის გასხვისება კი იმას ნიშნავს, რომ ამ 10 %–ს სხვა სახელმწიფო აიღებს“, –ამბობს ვეფხვაძე.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მაგისტრალური გაზსადენის არსებული მყიდველებისთვის მიყიდვით, საქართველო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 „გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონში ძალიან გაიზრდება, რადგან გეოპოლიტიკური გავლენების შექმნა  21–ე საუკუნეში ენერგომატარებლების მეშვეობით ხდება“, –მიიჩნევს ვეფხვაძე.

გაზსადენის ყიდვის კიდევ ერთი მსურველი, სომხეთის არმენგაზი რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა და მისთვის გაზსადენის მიყიდვა, ვეფხვაძის აზრით, ისევ გაზპრომისთვის მიყიდვას ნიშნავს.

საპრალამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის აზრს იზიარებს პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ემილ სულეიმანოვი და ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანული კომპანია სოკარისთვისაც გაზსადენის მიყიდვა სომხეთის მიმართ არასწორი და არამეგობრული ნაბიჯი იქნება.

 „სომხეთსა და აზერბაიჯანის 1994 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში იმყოფება და ბაქო დროდადრო  ყარაბახში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ განცხადებებს აკეთებს. თუ გაზსადენი აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდა, მას სერიოზული გავლენა ექნება სომხეთზე. მას სწორედ ამიტომ სჭირდება გაზსადენი.  საქართველო კი დაკარგავს რეგიონში ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიციას და სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩათრეული იქნება“,–ამბობს სულეიმანოვი.

თუმცა, სულეიმანოვი ფიქრობს, რომ გაზსადენის აზერბაიჯანისთვის მიყიდვით, საქართველოზე განაწყენებულ სომხეთს არ ექნება სერიოზული ბერკეტები იმისთვის, რომ მასზე  რაიმენაირად ზეწოლა მოახდინოს.

„პირიქით, სომხეთს საქართველო  დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის სჭირდება. პირველ რიგში კი რუსეთთან კომუნიკაციისთვის. არც იმის თქმა შეიძლება, რომ განაწყენებულმა სომხეთმა სამცხე –ჯავახეთის რეგიონის საკითხებთან დაკავშირებით სცადოს კონფლიქტის გამწვავება. სომხეთს  ერთდროულად  აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან კონფლიქტი ვეღარ ექნება, ამის რესურსი მას არ გააჩნია“, –მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ემილ სულეიმანოვი.

ექსპერტი ამბობს, რომ სომხეთისთვის ახლა ოპტიმალური ვარიანტია, გაზსადენი რუსეთმა იყიდოს. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც გაზსადენის შესაძლო გასხვისებაზე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ლაპარაკი, გაზპრომის სურვილს –ეყიდა გაზსადენი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ შეუშალა ხელი, რათა რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა არ გაზრდილიყო.

2004 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის პროგრამამ 70 –იან წლებში აშენებული გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. პირობა იყო ასეთი–საქართველოს გაზსადენი 5 წლის განმავლობაში არ უნდა გაესხვისებინა. ვადა 2011 წლის გაზაფხულზე იწურება.

„ამჟმად ვაშინიგტონის ახალი ადმინისტრაცია, ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, არც თუ ისეა დაინტერესებული კავკასიის საკითხებით. თუმცა, არც დღეს არის აშშ–სთვის სავსებით მისაღები, გაზსადენის საქართველოს ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. მისთვის ოპტიმალური იქნებოდა, გაზსადენი პოლიტიკურად ნეიტრალურ კერძო კომპანიას ეყიდა, რომელსაც რეგიონის საკითხებთან აპოლიტკური დამოკიდებულება ექნებოდა, თუმცა ასეთი კომპანიის მოძებნა თითქმის შეუძლებელია“, –ამბობს ემილ სულეიმანოვი.

სულეიმანოვი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი არ დაუშვებს გაზსადენის აზერბაიჯანული კომპანიისთვის მიყიდვას.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთი ამის სანაცვლოდ საქართველოს საზღვართან არსებულ რიგ სადაო ტერიტორიებსაც დათმობდა“, –ამბობს ექსპერტი, ემილ სულეიმანოვი.

საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანიც საქართველო–სომხეთის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მსჯელობისას  არ გამორიცხავს, რომ საზღვრის დემარკაცია ქვეყნებს შორის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას უკავშირდება.

„არ გამოვრიცხავ, ტაშირის ზონის სოფლებთან მდებარე სამეურნეო დანიშნულების მიწების საქართველოსთვის გადაცემას– ეს იმ საფასურის ნაწილი იქნება, რომლის გადასახდელად მზადაა სომხეთი საქართველოსთვის გაზსადენის თაობაზე სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“,–მიიჩნევს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი.

თუმცა საქართველოს დაზუსტებული საზღვარი ამ დრომდე არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი