საზოგადოება

რატომ ძვირდება მგზავრობა

11 იანვარი, 2011 • 1159
რატომ ძვირდება მგზავრობა

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით მგზავრობა უახლოეს მომავალში შეიძლება გაძვირდეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში სატრანსპორტო სფეროში შეიქმნა სრული ქაოსი, შედეგად კი პატიოსანი გადამხდელი მძღოლები ზარალდებიან.

„იმდენი იძახეს, ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო, რომ სისტემა ფაქტობრივად, მოიშალა,“ – ამბობს ლავრენტი ალანია.

ამჟამად გადასახადის გადამხდელი მძღოლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ე.წ. „მტაცებელი“ მძღოლები არიან, რომლებსაც კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე მოძრაობის უფლება არა აქვთ, არც გადასახადებს იხდიან და ხაზის მიკროავტობუსებს მგზავრებს ართმეევნ.

ლავრენტი ალანიას თქმით, მხოლოდ რუსთავი-თბილისის ხაზზე 80-ზე მეტი „მტაცებელი“ მიკროავტობუსი მუშაობს, შესაბამისად, ხაზის მიკროავტობუსებს უფრო ნაკლები მგზავრებით უწევთ გადაადგილება, რაც მიკროავტობუსის ხარჯების ასანაზღაურებლად საკმარისი არ არის. იგივე სიტუაციაა თბილისი-ქუთაისისა და თბილისი-ჭიათურის სამარშრუტო ხაზებზე.

მხოლოდ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ახალი ავტოსადგური გაიხსნა, რამაც ძველი ხაზის მძღოლები, ფაქტობრივად, მგზავრების გარეშე დატოვა. ზესტაფონსა და ქუთაისში, ასევე, პრობლემაა ბათუმიდან, ზუგდიდიდან და დასავლეთის სხვა ქალაქებიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსები, რომლებსაც ცარიელი ადგილები აქვთ. ისინი, ფაქტობრივად, მგზავრებს ართმევენ ქუთაისი-თბილისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებს.

„მტაცებელი“ მძღოლების სიმრავლით გამოირჩევა თბილისი-ჭიათურის ხაზი. ჭიათურის სხვადასხვა სოფლიდან და თბილისის არაოფიციალური ავტოსადგურებიდან გასული მიკროავტობუსები გადასახადის გადამხდელ მძღოლებს მგზავრთა მნიშვნელოვან ნაკადს ართმევენ.

სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ პრობლემა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ ურჩი მძღოლების მიმართ კანონის გამკაცრებით უნდა მოაგვაროს. მისივე თქმით, მიკროავტობუსებს ყველა სამარშრუტო ხაზი ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ გააძვირებს.

”რა ვქნა, ისე გაძვირდა სასწვავი, სხვა გზა არ მქონდა და გავაძვირე”, – ამბობს თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

სამარშრუტო ტაქსში თაბახის ფურცელზე წარწერაა – 10 იანვრიდან მგზავრობის საფასური 1 ლარის ნაცვლად 1 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს.

მძღოლი ამბობს, რომ ზოგი ისევ ძველი ფასით მგზავრობს.

”აი, დილით, მაგალითად, სამხედროები ამოვიდნენ და რომ ჩავიდნენ ლარ-ლარი მომაწოდეს, ხომ არ ვეტყოდი, დაამატეთ მეთქი, ის ლარიც არ აქვთ ხოლმე ხშირად”, -ამბობს მძღოლი.

სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მგზავრობა ჯერ ისევ ძველი ფასით უწევთ მგზავრებს. დასავლეთის რეგიონში მიმავალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თქმით, ყური მოკრეს ამბავს, რომ უნდა გაძვირდეს მგზავრობის საფასური, თუმცა როდიდან, ჯერ არ იციან.

ეკა მამამთავრიშვილის ფოტო
ეკა მამამთავრიშვილის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი