საზოგადოება

„დინამო“ ფიფიას სიმბოლურ ფასად

21 დეკემბერი, 2010 • 1604
„დინამო“ ფიფიას სიმბოლურ ფასად

ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთი ყოველთვის თბილისის „დინამოსთან“ ასოცირდება. ასე იყო წლების მანძილზე, ასეა დღესაც, სპორტის თითქმის ყველა  მოყვარულს აინტერესებს და გული შესტკივა ამ  გუნდზე. ეს არც არის გასაკვირი, პირიქით – ბუნებრივიცაა, რადგან, ფაქტობრივად, ქართული ფეხბურთის ისტორია – თბილისის „დინამოს“ ისტორიაა. „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და ევროპის თასების თასის მფლობელიც გახდა.

ბოლო პერიოდში კი „დინამოს“ ნამდვილად არ ულხინდა, გუნდს უამრავი პრობლემა ჰქონდა, ძირითადად, ფინანსური ხასითის და ვერ ახერხებდა იმ შედეგის ჩვენებას, რომელსაც გულშემატკივარი წლების განმავლობაში იყო მიჩვეული.

გუნდის მფლობელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ისინი ვერ ახერხებდნენ კლუბის მართვას. ამის საშუალება არ ეძლეოდათ და, მათივე სიტყვებით, რეესტრიდან საბუთების მიღებასაც ვერ ახერხებდნენ, კლუბის აქტივებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გადაწყვიტა კლუბი გაესხვისებინა. მათ განაცხადეს, რომ თბილისის „დინამოს“ სიმბოლურ ფასად დაუთმობდნენ ისეთ პიროვნებას, ვინც ნამდვილად გამოასწორებდა გუნდში სიტუაციას.

ასეთი ადამიანიც მალე გამოჩნდა. „დინამოს“ შეძენის სურვილი საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენმა რომან ფიფიამ გამოთქვა და მაშინვე აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო პატარკაციშვილების ოჯახთან. სულ ცოტა ხნის წინათ ის ლონდონსაც სტუმრობდა და უშუალოდ ესაუბრა გუნდის მფლობელებს. ამჟამად უკვე ხელშეკრულების დეტალებზე მიდის მოლაპარაკებები. თუმცა უცნობი რჩება, რამდენი იგულისხმება „სიმბოლურ თანხაში“, რაც ახალმა მფლობელმა პატარკაციშვილის ოჯახს უნდა გადაუხადოს, „დინამოსთან“ დაკავშირებული გარიგების მიხედვით.

„მიმდინარეობს  ხელშეკრულების სტრუქტურიზაცია. რთული დოკუმენტია. ოჯახი თანახმაა, რომ კლუბი ჩემს მფლობელობაში გადმოვიდეს. ამიტომ გთხოვთ, დაგვაცადოთ ორი-სამი კვირა, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და შემდეგ უფრო კომპეტენტურად გაგცემთ ყველა შეკითხვაზე პასუხს“ – განაცხადა „დინამოს“ ბაზაზე გამართული პრესკონფერენციაზე რომან ფიფიამ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ იმავე პრესკონფერენციაზე კლუბის მომავალმა მფლობელმა „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელიც წარადგინა – თანამდებობაზე დაბრუნდა ერთი თვის წინ გადამდგარი კახი კაჭარავა, რომლის განცხადებითაც, გუნდის ახალი ხელმძღვანელობა იანვრის დასაწყისიდან უკვე იზრუნებს კლუბში ახალი ფეხბურთელების მოყვანასა და გუნდის მაქსიმალურად გაძლიერებაზე.

თბილისის „დინამოს“ ახალი მეპატრონის ხელში გადასვლას, ძირითადად, დადებითად ხვდებიან გულშემატკივრები.  „დინამოს“ ფანკლუბის „გლადიატორების“ ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა დაჩი ჯაიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა – „გუნდში რთული სიტუაცია იყო, ამიტომ ჩვენ დიდი ხანია ველოდით ახალი მეპატრონის მოსვლას. სასიამოვნოა, რომ გამოჩნდა ასეთი პიროვნება. ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსები და, რაც მთავარა, ფეხბურთიც ძალიან უყვარს. იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.“

დაახლოებით ანალოგიური პოზიცია აქვს „დინამოს“ კიდევ ერთ გულშემატკივარს რევაზ შავლაძეს – „უკვე აუცილებელი იყო ახალი მფლობელის გამოჩენა. მგონი ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში დიმიტრი გელოვანი არ მოვა და ფულს არ ჩადებს. აქედან გამომდინარე, ფიფიას საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც არაა მიუღწეველი მწვერვალი. მთავარია ფეხბურთელები, რესურსების სწორად მართვა და მწვრთნელი. კაჭარავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მან თავისი შესაძლებლობები უკვე დაგვანახა. ამიტომ ვისურვებდი, რომ გუნდს უფრო მაღალი დონის სპეციალისტი ჩაუდგეს სათავეში.“

ახალი მოთამაშეების მოსვლასა და  სამომავლო მიზნებზე ისაუბრა კლუბის ამჟამინდელმა ხელმღვანელმა ბუბა ტყავაძემ – „ახლა უფრო ადვილი იქნება ფეხბურთელების დამატებისა და გუნდის გაძლიერებაზე მუშაობა. მოგეხსენებათ, ჩვენ ჩემპიონობასა და ევროთასებზე წარმატებულად გამოსვლას ვისახავთ მიზნად. ამიტომ უახლოეს მომავალში უკვე დავიწყებთ მუშაობას ამ საკითხებზე“

ბიზნესმენი რომან ფიფიასთვის ეს პირველი საფეხბურთო კლუბი არაა. წლების წინათ რუსეთში მოღვაწეობისას ის სარატოვის „სოკოლის“ პრეზიდენტი იყო. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მოახერხა პროვინციულმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ამოსვლა და შემდეგ სეზონში მოწინავე ადგილებზე დამკვიდრება. თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენმა არა მარტო „სოკოლი“, არამედ რუსეთიც დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადაბარგდა.

სავარაუდოდ, რომან ფიფია უახლოეს პერიოდში უკვე საბოლოოდ გადაიფორმებს თბილისის „დინამოს“ და ჟურნალისტების შეკითხვებსაც  ამომწურავად უპასუხებს. მანამდე კი რჩება ერთი გაურკვეველი საკითხი – რა ბედი ელის საკალათბურთო კლუბ „დინამოს“, რომელიც, ასევე, ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება გახლდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი