“სუპერმამიკოების” სერტიფიკატები და წიგნის “მამა, წიგნი წამიკითხე” პრეზენტაცია თბილისში

– “ყოველთვის ამომივარდება გული შენს დანახვაზე ისე, თითქოს ვიცეკვე, ვიმღერე და კლდეზე ვიცოცე. ეს ერთადერთი რამაა, რაც არასდროს შეიცვლება”;

– “აბა, ამჯერად მეტი რა გითხრათ? იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და შეეცადეთ, ოდნავ მაინც შემცვალოთ. მანამდე კი ითამაშეთ. ჯერ ნუ ამოხვალთ, დამელოდეთ, მეც მინდა თქვენთან ერთად ვითამაშო”;

– “ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მონსტრებთან ომს და მე აუცილებლად ვისწავლი minecraft-ის თამაშს. პატივისცემით, მამა”.

ეს ამონარიდებია იმ წერილებიდან, რომლებიც პროექტ “მამა, წიგნი წამიკითხეს” ფარგლებში ქართველმა მამებმა შვილებს დაუწერეს. 6 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად წიგნის, “წერილი მამისგან”, პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გლობალურ კამპანიას, “16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”, შეუერთდა.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების ჩართულობას თავიანთი ოჯახის კეთილდღეობასა და შვილების აღზრდის საკითხში, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი ქალების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობას. მათი თქმით, ამით გაძლიერდება ოჯახი და უფრო ჰარმონიული გახდება და დადებითი შედეგის მომტანი იქნება, როგორც ცოლისა და შვილებისთვის, ასევე, მათთვისაც.

“ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას. დღეს სიტყვიერად თითქოს ბევრი უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება დასაქმებაზე, შემოსავალზე, კარიერულ წინსვლაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე, კაცები დომინირებენ. რეალურად, გენდერული თანასწორობა ეს არის პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების თანასწორად განაწილება და არა ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრა,” – ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

დღევანდელ ღონისძიებაში ის მამები მონაწილეობდნენ, რომლებიც პროექტ “მამა, წიგნი წამიკითხეს” სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულნი. ღონისძიების ბოლოს მათ საჩუქრად “სუპერმამიკოს” სერტიფიკატი და მაისურები გადაეცათ.

“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივადაც, რომელშიც ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ბევრი ასეთი პროექტი ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა მამების როლი, ზოგადად, და ოჯახური ურთიერთობების თემა უფრო ღია და უფრო ღრმა გახდეს,” – ამბობს გიორგი მოსიძე, რომელიც პროექტში აქტიურად მონაწილეობდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის გაკეთება, ბავშვებზე ზრუნვა, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა 0-6 წლამდე შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს.

16-დღიანი გლობალური კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ეროვნული და ადგილობრივი პროგრამების გაძლიერების ადვოკატირებით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ანა გვარიშვილი იყო "ნეტგაზეთის" სტაჟიორი რეპორტიორი 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე