საზოგადოება

თამბაქოს მოხმარების პირობითი აკრძალვა

20 დეკემბერი, 2010 • 3399
თამბაქოს მოხმარების პირობითი აკრძალვა

რამდენიმე თვეში საქართველოში კაფე–ბარებსა და რესტორნებში შესული მწეველები და არამწეველები,  თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, ცალ–ცალკე ისხდებიან, ხოლო რამდენიმე წელიწადში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოწევა სრულიად აიკრძალება. 

 „გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად იგნორირებულია ჩემი, როგორც პასიური მწეველის ჯანმრთელობა, კაფედან სახლში მისულს ტანსაცმლის საათობით განიავება მიწევს“, –ამბობს რესტორან „ქალაქურიდან“ გამოსული ნათია ჭანტურია.

 თამბაქოს გამონაბოლქვით შეწუხებული არამწეველი საზოგადოება იმ კანონის აღსრულების მოლოდინშია, რომელიც სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო.

 2005 წელს საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის“ რატიფიკაცია მოახდინა. შესაბამისად, ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულებები აიღო. ერთ–ერთი ასეთი ვალდებულება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული შეზღუდვა იყო.

 აქედან გამომდინარე, 2008 წლის დეკემბერში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. კაფე–ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს მოხმარების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ პირველი ჩანაწერიც კანონში სწორედ მაშინ გაჩნდა.

 ამჟამად პარლამენტში ახალი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიტანა, რომელიც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის თქმით,  არსებული კანონის გადაწერილი ვარიანტია.

 ამ კანონპროექტის თანახმადაც, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში თამბაქოს მოხმარების მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვაა –კვების ობიექტების ადმინისტრაციამ არამწეველებისთვის საერთო ფართობის 50 % უნდა გამოყოს. კანონში განმარტება არ არის, როგორ უნდა გაიმიჯნოს მწეველთა და არამწეველთა ტერიტორიები.

 „ეს განგებ არ ჩაიდო მუხლში, რადგან ამაზე ჯერ ბევრი მუშაობაა საჭირო. მთავარია, საზოგადოება თავდაპირველად ნებისმიერი პირობით გამოყოფას მაინც მიეჩვიოს“,–ამბობს კანონპროექტის თანაავტორი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, კახა ღვინიანიძე.

 იმის გამო, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის მთავრობამ შესაბამისი ცვლილებების პაკეტი  არ მოამზადა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამ მუხლის –კაფე–ბარებში და რესტორნებში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ადმინისტრირებაც ჯერ არ მომხდარა. 

 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების მოუმზადებლობა სახელმწიფომ კაფე–ბარებისა და რესტორნების მეპატრონეთა ინტერესებით ახსნა და   ცვლილების შეტანაც 2011 წლის სექტემბრამდე გადავადდა.

 „როდესაც გაიგეს მეპატრონეებმა ასეთი შეზღუდვის შესახებ, ცვლილებებისთვის დრო მოითხოვეს. მთავრობამ გაითვალისწინა მათი ინტერესი“, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, კახა ღვინიანიძე.

  „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე კი მიიჩნევს, რომ კაფე–ბარების მეპატრონეთა ინტერესების გათვალისწინების დასახელება კანონის არაღსრულების მიზეზად, მხოლოდ საბაბია და თამბაქოზე ნებისმიერ სახის შეზღუდვა მხოლოდ თამბაქოს მწარმოებელი ადგილობრივი დიდი კომპანიების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 „სახელმწიფო, სავარაუდოდ, ამ კომპანიებს ლობირებს, რაც არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ერთადერთი ბიზნესია, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანების სიკვდილს იწვევს“, –ამბობს გიორგი ბახტურიძე.

 „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოთი გამოწვეული დაავადებით დაახლოებით 11 ათასი ადამიანი კვდება, მათ შორის დაახლოებით 3 ათასი არამწეველია, რომელიც სხვის გამონაბოლქვს სუნთქავს. აღნიშნული მონაცემი გიორგი ბახტურიძეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

 კაფე–ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ არსებული სიტუაცია უსამართლობაა არამწველი საზოგადოების მიმართ, თუმცა კანონის ამოქმედებას  მაინც შიშით ელიან.

 „წარმოიდგინეთ, კლიენტების უმეტესი ნაწილი, 80 % მწეველია. კანონი კი მოგთხოვს, რომ მთელი ტერიტორიის მხოლოდ 50 % გამოყო მათთვის, ან სპეციალურ ოთახში შეიყვანო, რომ მოწიოს. ხომ შეიძლება, საერთოდ აღარ შემოვიდეს ის?!“ –კითხულობს „ქალაქურის“ ადმინისტრატორი ირინა დობილკსაია.

 „ქალაქურის“ პირველ სართულზე კლუბია, მეორეზე – ევროპული რესტორანი, მესამე სართულზე – აღმოსავლური ბარი, სადაც „ქალაქურის“ ადმინისტრატორის თქმით, ძირითადად, მწეველი საზოგადოება იყრის თავს.

 კაფე–ბარის „კალა“ მენეჯერი იაგო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ თუ კანონი ამოქმედდება, ეს ფინანსურ დანაკარგს მოუტანს „კალას“.

 „მწეველები ბევრად მეტნი არიან და სად უნდა დავსვათ, თუ არამწეველების ზონას დაეთმობა მაგდენივე ადგილი?“ –ამბობს კაფე–ბარის მენეჯერი.

 მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი წლის წინათ ასეთ შეზღუდვაზე ლაპარაკი დაიწყო, თბილისში რამდენიმე კაფე–ბარმა თუ რესტორანმა არამწეველების ზონა გამოყო. მათ შორის, რესტორანმა „თუ საიდი“ , სადაც შეზღუდვამ სწორედ იმის გამო ვერ იმუშვა, რომ მწეველებისთვის არ რჩებოდა საკმარისი ადგილი და მათ არამწეველთა ზონაში ათავსებდნენ.

 კახა ღვინიანიძე ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალი კაფე–რესტორნებში მოწევის სრული შეზღუდვა იქნებოდა, რაც  ევროკავშირის დირექტივებშიცაა – დაცული იყოს კვამლისგან არამწეველი მოსახლეობა.

 „თურქეთმა ევროკავშირის მოთხოვნა უკვე დაახლოებით ერთი წელია შეასრულა. თავიდან თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა კი მოაწყვეს მანიფესტაციები, რამდენიმე კაფე–რესტორნის მეპატრონეების ჩაბმით, მაგრამ კანონი მაინც აღსრულდა და დღეს იქ ასეთ ობიექტებში არ ეწევიან“, –ამბობს ღვინიანიძე.

 მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან აღარც პოლონეთის კაფე–ბარებსა და რესტორნებში ეწევიან. კანონის დარღვევა 165 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.

 2011 წლიდან კაფე–ბარებსა და რესტორნებში მოწევა უკრაინაშიც აიკრძალება. 

 როგორც კახა ღვინიანიძე ამბობს, თუ საქართველოს ტურიზმის განვითარება უნდა, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს.

 როგორც კაფე–ბარებისა და რესტორნების ადმინისტრატორები ამბობენ, თუ რომელიმე კლიენტი კითხულობს, არის თუ არა მათთან არამწეველებისთვის გამოყოფილი ზონა, ეს უცხოელი ტურისტები არიან.

 კახა ღვინიანიძის თქმით, თუ სრული შეზღუდვა იარსებებს, ამით არც ფინანსური დანაკარგები  ექნება კაფე–რესტორნებს, რადგან კლიენტი ვეღარ წავა სხვაგან იმის გამო, რომ იქ, სხვაგან ეწევიან.

 „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება ამ შეზღუდვას.

  „ჩვენ ეს დავადასტურეთ კვლევებით. სატელეფონო გამოკითხვებით, სადაც არამწეველების აბსოლუტური უმრავლესობის გარდა, მწეველთა დაახლოებით 60 %  თანახმა იყო შეზღუდვაზე“, –ამბობს ბახტურიძე.

 ბახტურიძის თქმით, სატელეფონო კვლევას, სადაც 800 ადამიანი გამოიკითხა, მთლიანად საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირების პრეტენზია არ ჰქონია.  ბახტურიძე მწეველთა პოზიტიურ დამოკიდებულებას მოსალოდნელი ცვლილების მიმართ იმით ხსნის, რომ მწეველსაც არ სიამოვნებს სხვისი გამონაბოლქვის შესუნთქვა.

 სხვისი გამონაბოლქვის შესუნთქვა მწეველებსაც და არამწეველებსაც იქამდე მოუწევთ, სანამ, როგორც გიორგი ბახტურიძე ამბობს, ამის პოლიტიკური ნება არ იქნება:

 „ნახეთ მანქანებში უსაფრთოების ღვედების გაკეთების რიცხვი. 100%–ს თუ არა, 99 %–ს მაინც უკეთია, იმიტომ, რომ მისი ადმინისტრირება ხდება კარგად.“

 როგორც კანონპროექტის ავტორი ამბობს, ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია, ვინ დააჯარიმებს კაფე–რესტორნებს – პოლიცია თუ საგანგებოდ შექმნილი  სამსახური.  

  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების ინტერესი ამჟამად შსს–ს რომ არა აქვს, ამას მის მიერ აღრიცხული სამართალდარღვევის ფაქტის რაოდენობაც მოწმობს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“  თავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 13 სამართალდარღვევის ფაქტია მის მიერ გამოვლენილი.

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების 2011 წლის სექტემბრამდე გადავადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. მას შემდეგ, რაც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ რატიფიკაცია მოახდინა, ხუთი წელიწადი გავიდა.

 2011 წლის თებერვალში წესით ყველა რეგულაცია შესრულებული უნდა ყოფილიყო. მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის სრული შეზღუდვა.

 „მიმდინარე წლის ნოემბერში ურუგვაიში ვიყავი მხარეთა კონფერენციაზე. იქ დადგა საკითხი, რომ ქვეყნები, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რაიმე პროექტებში ჩართვას და დახმარებებს აღარ უნდა ელოდნენ“, –ამბობს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე.

 მისი თქმით, როდესაც  2011 წლის თებერვალში საქართველოს ვადა საბოლოოდ ამოეწურება, მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. 

 „თუ  საქართველო ვერ შეასრულებს ვალდებულებებს, ვერ მიიღებს შესაბამის ტექნიკური მხარდაჭერას, რაც განვითარებადი ქვეყნებისათვისაა განსაზღვრული. რაც შეეხება წევრობიდან გარიცხვას, ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია და ამას კონვენციის მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტს“, – ამბობს თამბაქოს კონტროლის თავმჯდომარე.

 ბახტურიძის თქმით, ამასთან დაკავშირებული კითხვებით ალიანსმა საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვის წინათ მიმართა.

 „ერთადერთი დადებითი მესიჯი სახლემწიფოს მხრიდან  იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკის მერთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა, რომ საქართველო თამბაქოსგან უნდა გათავისუფლდეს“, –ამბობს გიორგი ბახტურიძე.

 დღესდღეობით სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა, რომელიც მიმართული იქნებოდა თამბაქოს მოხმარების პრევენციისკენ. არსებობს ერთადერთი ცხელი ხაზი, რომლის დანახარჯებსაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს. სახელმწიფო ხარჯი ამ შემთხვევაში ორი თანამშრომლის ხელფასია, რომლებიც „ცხელი ხაზის“ სამსახურში არიან დასაქმებულნი.  თამბაქოს მოხმარების შეზღუდვისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის ბევრად მეტს ხარჯავს საქართველოს მეზობელი სომხეთი, სადაც ამ პროგრამისთვის წელიწადში დაახლოებით 350 ათასი აშშ დოლარი იხარჯება.

  ოფიციალური მონაცემებით, თამბაქოს აქციზით  საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 170 მილიონი ლარი შედის. თუმცა, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აქვთ დათვლილი, თამბაქოს ბიზნესის რეალური შემოსავალი დაახლოებით 350 მილიონი ლარია.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი