საზოგადოება

წერილები მამისგან – ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

5 დეკემბერი, 2015 • 2469
წერილები მამისგან – ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად უერთდება გლობალურ კამპანიას „16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ და ხვალ, 6 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართავს გამოფენასა და წიგნის „წერილი მამისგან“ პრეზენტაციას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მამები, რომლებიც პროექტ „მამა, წიგნი წამიკითხეს“ სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. წარმოდგენელი იქნება ფოტო-ვიდეოგამოფენა და შედგება ქართველი მამების შვილებისადმი მიწერილი წერილების წიგნის პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიურ თანასწორობას და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საოჯახო საქმესა და ბავშვებზე ზრუნვაზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის გაკეთება, ბავშვებზე ზრუნვა, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა 0-6 წლამდე შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს.

მამების ჩართულობის ამაღლებისათვის 2014 წლიდან UNFPA-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „მამა, წიგნი წამიკითხე“, რომლის ფარგლებში ჩატარდა პოპულარული სოციალური მედიის კამპანია, სხვადასხვა ღონისძიება თუ აქცია, მათ შორის საჯარო კითხვის სესიები ბავშვებისათვის საზოგადოებისათვის ცნობილი მამების მონაწილეობით.

16-დღიანი გლობალური კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ეროვნული და ადგილობრივი პროგრამების გაძლიერების ადვოკატირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი