საზოგადოება

Opendata: ღია დახურული მონაცემები

15 დეკემბერი, 2010 • 1569
Opendata: ღია დახურული მონაცემები

ახალი ვებ-გვერდი opendata.ge  ყოფილ სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის სატელეფონო საუბრებისა და საწვავის ხარჯების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გამოაქვეყნებს.  გამოქვეყნდება თუ არა ვებ-გვერდზე ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც საქართველოს მთავრობას არ სურს?

ვებ–გვერდი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს  მხარდაჭერით შექმნა, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის.  მისი პრეზენტაცია 16 დეკემბერს  გაიმართება და  საიტზე განთავსებული მონაცემებიც გაიხსნება.

საიტის შემქმნელების მიზანს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება არ წარმოადგენს. ისინი გეგმავენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია საიტზე განათავსონ.  თუმცა, თუ საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკას გავითვალისწინებთ, საიდუმლოდ  დარჩება ბევრი საჯარო ინფრომაცია, რომლის საჯაროობის უზრუნველყოფაც მთავრობას არ სურს.

მაგალითად, დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა  საიტის გახსნამდე ნეტგაზეთს მიაწოდა,  საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი მოადგილეების  2009–2010 წლებში მიღებული  პრემიების ოდენობას ასახავს.  თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას თვეების მიხედვით ითხოვდა,  ხვალ ვებ–გვერდზე კვარტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ასეთი ინფორმაცია მიაწოდა.

მოკლედ, Opendata.ge-დან ხვალ გავიგებთ, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა ბოკერიას 2009 წელს მიღებული პრემია წლის ოთხივე კვარტალში 37 550 ლარია. კვარტლებს შორის მცირე სხვაობაა, თუმცა არა არის მონაცემი თვიურად პრემიის ოდენობის შესახებ, რაც ასევე საჯარო ინფორმაციაა.

ეს დაახლოებით ის ინფორმაციაა, რასაც ქონებრივი დეკლარაციების ბიურო აქვეყნებს, მცირედი განხსხვავებით – opendata, პრემიების წლიური ჯამის გარდა, კვარტალურ მონაცემსაც გამოაქვეყნებს.

„სამწუხაროდ, პრეცედენტი, ყოველთვიურად რა თანხას ან პრემიას იღებს  მინისტრი, არ არის. თუმცა, ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა თანხა შეიძლება იყოს“,–ამბობს თეონა აქუბარდია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ამბობს, რომ გამონაკლისი რეინტეგრაციის სამინისტროა, რომელმაც ორგანიზაციას ყოველთვიური ხელფასებისა და პრემიების დეტალური ანგარიში მიაწოდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია და, ჩვენდა გასაკვირად, იაკობაშვილის ყოფილი უწყებიდან საკმაოდ დეტალური მონაცემები მოვიდა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მედიისთვის და საზოგადოებისთვის, მაშინ, როცა ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა დეკლარირებული,  რა ხარჯებს გასწევენ ამ პირობებში კონკრეტულად მინისტრები და მათი მოადგილეები“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

თავდაპირველად Opendata.ge–ზე სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაცია განთავსდება, თუმცა მოგვიანებით ინფორმაციის მოძიების წყარო, ოფიციალური სტრუქტურების გარდა, რიგითი მოქალაქეების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მონაცემებიც გახდება.

„ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას განვათავსებთ, გარდა ამისა –  ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციას“,–ამბობს თეონა აქუბარდია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

პარტნიორი ორგანიზაციებიდან ერთ–ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, რომელმაც 2010 წლის 28 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში საიამ ოცდაჩვიდმეტ საჯარო დაწესებულებას მიმართა. საიას აინტერესებდა დაწესებულების თანამშრომლების სია, მათი ხელფასები, პრემიები და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა. აგრეთვე, საჯარო დაწესებულების თანამშრომლების დანახარჯები სატელეფონო საუბრებსა და ავტომობილებით მომსახურებაზე. ასევე, მობილური ტელეფონებისა და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა.

კვლევაში ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულების ნაწილმა საიას ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა, მათივე თქმით, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, რომლებმაც უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე.

”კანონთან შეუსაბამო და გაუგებარი დასაბუთებით, არ მოგვცეს ინფორმაცია”,- ნათქვამია საიას კვლევაში.

ინტერნეტ გვერდის პრეზენტაცია ხვალ, 16 დეკემბერს, 12 საათზე, თბილისი–მარიოტში გაიმართება.

პრეზენტაციაზე დასახელდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და დახურული სამინისტროები.

მიუხედავად იმისა, რომ 18 სამინისტროდან მხოლოდ 1–მა მიაწოდა საჯარო მოხელეების დეტალური, ყოველთვიური სახელფასო–პრემიალური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ახალი საიტის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს. მათი მიზანი კი სამინისტროებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა, რაც შესაძლოა საჯარო სამსახურების მხრიდან მათთან თანამშრომლობის ერთ–ერთი პირობა გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი