საზოგადოება

შეზღუდული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის

3 დეკემბერი, 2010 • • 1523
შეზღუდული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თითქმის ყველა კარი ჩაკეტილია. მათ შორის, ლიფტის კარიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეტლით  ლიფტებში შესვლა, სივიწროვის გამო, შეუძლებელია.

პანდუსი (დაქანებული სიბრტყე კიბის მაგივრად) საჯარო დაწესებულების, მაღაზიებისა   და გასართობი ცენტრების უმრავლესობაში არ არის.  თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თქმით, მთავარი პრობლემა, უბრალოდ, გადაადგილებაა, რასაც ისინი რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებენ.

თბილისის 1888 ტრანსპორტის გაჩერებიდან მხოლოდ სამია ისე მოწყობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა  ტრანსპორტში ასვლა შეძლონ. 

ტრანსპორტი კი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ 40 ავტობუსის სახით 2008 წელს შეიძინა და  სადაც გათვალისწინებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის  შესაბამისი პირობები, დღეს მათთვის არ ფუნქციონირებს.

თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 40  ბოგდანის ტიპის ავტობუსი არასამთავრობო ასოციაციების მიმართვის გამო შეიძინეს. რაოდენობა კი იმით იყო განპირობებული, თუ რამდენი მიმართულებით იყო საჭირო ავტობუსების დანიშვნა.

„ჩვენ შევარჩიეთ 28 მიმართულება. ავტობუსის ყველა მძღოლი გავაფრთხილეთ, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს ავტობუსში ასვლაში დახმარებოდნენ,“–ამბობს აკაკი ჯოხაძე, თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი.

ზაზა სიხარულიძე, „ღვთისშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ამბობს, რომ მერიის მიერ შეძენილი ავტობუსებით კმაყოფილი არ არის.

„არც ერთი ავტობუსი ჩვენთვის არ ფუნქციონირებს, კი დადის, მაგრამ  უფუნქციოა. ხან ლიფტი აქვს გაფუჭებული, ხან რა.“

თუმცა, მისი თქმით, მთავარი პრობლემა უფრო ის არის, რომ ავტობუსამდე მისვლაა რთული.

„ ვერ მიუდგები ავტობუსს. გაჩერება ისე არ არის მოწყობილი, რომ მოახერხო.  ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც კმაყოფილი ყოფილიყოს და სარგებლობდეს ამ ავტობუსით.“

თავად აკაკი ჯოხაძეც ადასტურებს, რომ ავტობუსები დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.

„ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ეს ავტობუსები არ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“.

იგი ამბობს, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანებისთვის გარკვეული პირობებიც კი ჩამოაყალიბა. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ავტობუსი მისთვის სასურველ გრაფიკში ჩაესვათ.

„შევძელით, ისეთ გრაფიკში ჩაგვესვა ეს ავტობუსი, რომ მისთვის სასურველ დროს უწევდეს ავტობუსს ამ გაჩერებაზე მისვლა, მაგრამ ასეთი  სულ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს“,–ამბობს ჯოხაძე.

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ პროექტის ოფიცერი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მერიის მიერ შეძენილი ავტობუსები გამოუსადეგარია, კოორდინაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის ნაკლებობაა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია  უნარშეზღუდული ადამიანებისთვის შეძენილი 40ავტობუსის ფუნცქიის შეცვლა.

„ეს იყო ძალიან კარგი სურვილი ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან, რომელიც მისასალმებელი იყო, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით ბოლომდე ჩართული, ერთის მხრივ, რომ  რეკომენდაციები  მიგვეცა და, მეორეს მხრივ, არ მოხდა გაჩერებების კეთილმოწყობა – თუ ვერ მივიდა ინვალიდობის მქონე ადამიანი ავტობუსის გაჩერებამდე და ვერ დაიკავა იქ ადგილი, როგორი ადაპტირებულიც არ უნდა იყოს ავტობუსი, გაუჭირდება მისით სარგებლობა. დღეს ეს ავტობუსები არიან ხაზზე, მაგრამ შეზღუდული გადაადგილების უნარის  მქონე ადამიანებს ვერ ემსახურებიან“,–ამბობს იონათამიშვილი.

 

„ღვთისშვილთა კავშირი“ ექვსსართულიანი შენობის ერთ–ერთ სართულზეა. შენობა, სადაც კავშირის თავმჯდომარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების შემსუბუქებას ცდილობს, მძიმე მდგომარეობაშია. დაბზარული კედლები და ბნელი დერეფნები, თავად ორგანიზაციის ოთახი კი რამდენიმე კვადრატული მეტრია, ძველი და უბრალო ავეჯით. ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზაზა სიხარულიძეს მხედველობის და სიარულის პრობლემა აქვს. სახელი „ღვთისშვილთა კავშირი“ კი ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აერთიანებს, იმიტომ დაარქვეს, რომ არც ერთი ტერმინი, რომელიც ამ ადამიანების მიმართ დღეს საქართველოში გამოიყენება, მათ არ მოსწონთ.

„ქართულში არ არის ადეკვატური შინაარსის ტერმინი. არც ინვალიდი, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ მოგვწონს და ეს უფრო სიმბოლური სახელწოდებაა“.

1989 წელს დაარსებული პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს იმ შვიდ ორგანიზაციაში შედის, რომლებიც სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.

საბჭო 2009 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, საბჭოში შევიდნენ პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა და რამდენიმე მინისტრი, მათ შორის, დავით ტყეშელაშვილი– რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრი, კახა ბაინდურაშვილი– ფინანსთა მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი–ეკონომიკური განვითარების მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი– დიმიტრი შაშკინი და ნიკა რურუა– კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპოტის მინისტრი.

საბჭოს მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრაციაა. საბჭოს პირველი ინიციატივა კი სამწლიანი პროექტია, რომელიც 2009 წლის 15 დეკემბერს დამტკიცდა.

„მან (პროექტმა) უნდა მოახდინოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გამოვლენა და მიღება, … გააუმჯობესოს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტიაციის საკითხები. სამოქმედო გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სტატისტიკა და მონაცემთა ბაზა, მოხდეს ინფრასტრუქტურის ადაპტირება და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მოხდეს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულურულ პროცესებში, განავითარდეს საინვალიდო სპორტი,“-  ნათქვამია იმ მიზნებში, რომლებიც საბჭომ რამდენიმე თვის წინ დაისახა.

თუმცა ზაზა სიხარულიძე ამბობს, რომ 4 თვის მანძილზე საბჭო არც ერთხელ შეკრებილა. პრობლემების ნაწილი კი ისევ მოუგვარებელი რჩება.

„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა საბჭოს შეკრება,  მიუხედავად იმისა, რომ საბჭო სამი თვის თავზე უნდა შეკრებილიყო,“–ამბობს რატი იონათამიშვილი.

საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმებიც ჯერ მხოლოდ გეგმებად რჩება.

საქართველოში უკვე 15 წელიწადია მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თანაბარი პირობებით უნდა სარგებლოდნენ.

„დღემდე არ არსებობს სოციალური უსაფრთხოებისა და განვითარების სისტემა, რომელიც აღადგენდა თანაბარ სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლებლობებს– სატრანსპორტო, საგზაო, არქიტექტურული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, განათლების სისტემითა და დასაქმებით თანაბარი პირობებით სარგებლობაზე”,ამბობს კობა ნადირაძე, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში  231 280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი