საზოგადოება

მინისტრმა სამეურვეო საბჭოებს ერთთვიანი ვადა მისცა

30 ნოემბერი, 2010 • • 1667
მინისტრმა სამეურვეო საბჭოებს ერთთვიანი ვადა მისცა

,,გენერალური ინსპექციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები ტექნიკური უსწორობებია და არა – დარღვევები. დარღვევა მაშინ იქნებოდა, თუ ამ ქცევას რაიმე არასამართლებრივი შედეგი მოყვებოდა,’’ – ასე აფასებს გენინსპექციის მიერ თბილისის 149-ე და 148-ე საჯარო სკოლების შესახებ დაწერილ დასკვნას დირექტორთა ასოციაციის იურისტი რევაზ რიჟამაძე.

სასამართლო პრაქტიკა აღიარებს ცნებას ,,უსწორობის გასწორების შესახებ’’: თუ მოსამართლე პიროვნებას შეცდომით, 5000 ლარის ნაცვლად 500 ლარს დააკისრებს ზიანის ასანაზღაურებლად, მას შეუძლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით, უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, შეცდომა შეასწოროს. ,,ამისთვის მოსამართლეს თანამდებობიდან არ ათავისუფლებენ’’ – ამბობს რიჟამაძე და იქვე განმარტავს, რომ ტექნიკური შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა: მოსამართლეების შემთხვევაში, ასეთი შეცდომის დაშვების გამოსწორებას თავად კანონი ითვალისწინებს, თუმცა სკოლის დირექტორს ასეთი ტიპის შეცდომის გამო, შესაძლოა, თანამდებობის დატოვება მოუხდეს.

რევაზ რიჟამაძე ორივე სკოლის შესახებ დაწერილ დასკვნას იცნობს. ჩვენთან საუბრისას რიჟამაძე განმარტავს, რომ გენინსპექციის დასკვნაში ზუსტად ისეთ უსწორობებზეა საუბარი, რომლებიც ჩასწორებას ითვალისწინებს და არა – დირექტორის თანამდებობიდან გაშვებას. ,,ამ დასკვნის საფუძველზე დირექტორი კი არ უნდა გათავისუფლდეს, არამედ მას უნდა მისცენ გარკვეული დრო იმისთვის, რომ ჩაასწოროს ეს შენიშვნები’’, – ამბბობს რიჟამაძე.

დირექტორთა ასოციაციის იურისტის თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ზუსტად, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. მისი განმარტებით, კანონში არ არის გაწერილი, თუ რა დონის და ხარისხის დარღვევების შემთხვევაში შეიძლება დირექტორმა მიიღოს გაფრთხილება ან გათავისუფლდეს თანამდებობიდან.

148-ე საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გენინსპექციის თანამშრომლებს ყველა დოკუმენტი არ მოუთხოვიათ. ამიტომ დასკვნაში მითითებული შენიშვნების ნაწილის გაბათილებას  გიორგაძე ამ დოკუმენტაციის მოშველიებით აპირებს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე, რომელიც ვალერიან გიორგაძის მეუღლეა, განმარტავს, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის თანამშრომლები სკოლის ყველა სტრუქტურულ ერთეულს სუბიექტურად მიუდგნენ. მისი თქმით, ერთი კვირის მანძილზე იმდენი ინფორმაცია მოითხოვეს, რომ თავადაც ვერ მოახერხეს ამის გადამუშავება.

148-ე და 149-ე საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს გენერალურმა ინსპექციამ მუშაობა 19 ნოემბერს დაამთავრა. ინსპექცია კომპლექსური შემოწმებისთვის სკოლაში 12 ნოემბერს შევიდა და ერთ კვირაში დოკუმეტაციის მოკვლევა დაასრულა.

განათლების მინისტრის 24 ნოემბრის ბრძანებას საფუძვლად სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (იგივე გენერალური ინსპეცქია) უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის 2010 წლის 22 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა უდევს. ბრძანებაში მიინისტრი 148-ე და 149-ე საჯარო სკოლებს წერილობით გაფრთხილებას აძლევს; სკოლების სამეურვეო საბჭოებს  ამ სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილვას და გადაწყვეტილების სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში ცნობას სთხოვს; სკოლას ავალებს დასკვნაში მითითებულ დაღღვევებზე რეაგირებას და ასევე, ერთი თვის ვადაში სამინისტროში ინფორმაციის წარდგენას;

148-ე საჯარო სკოლის დარღვევების შესახებ ინფორმაცია 12 გვერდზეა თავმოყრილი.

დასკვნაში გენინსპექცია სამეურვეო საბჭოსა და  დისციპლინარული კომიტეტის არამართლზომიერ ქმედებებზე, დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი დოკუმენტაციის უზუსტობებზე, სკოლასა და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის არამართლზომიერ ფორმებზე, სამინისტროს მიმართ სკოლის ვალდებულების შეუსრულებლობაზე, სკოლის ფართის კონკურსის გარეშე გაცემასა და ამ კომპანიასთან თანამშრომლობის კანონდადგენელი ნორმების დარღვევაზე საუბრობს.

წარმოდგენილ დასკვნაში არ არის საუბარი ფინანსურ დარღვევებზე, 2009-2010 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას დასკვნაში მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

გენინსპეცქია დასკვნაში წერს, რომ დირექტორსა და პედაგოგს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამება ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავადლებულო პირობების შესახებ’’ მინისტრის 2007 წლის ბრძანებას. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ-ერთ ხელშეკრულებაში არ არის ინფორმაცია მასწავლებლის საგაკვეთილო საათების, ანაზღაურების ოდენობის, დასაქმებულის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

148-ე სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებას თანდართული ტარიფიკაციის დოკუმენტი მოყვება, სადაც ზუსტად არის გაწერილი მასწავლებლის სამუშაო საათებისა და ანაზღაურების ოდენობა.

,,ეს პირობები ხელშეკრულებაში რომ იყოს, ჩვენ ამ ხელშეკრულების ცვლა ხშირად მოგვიწევს, იმის გამო, რომ მასწავლებლების ხელფასი ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად იცვლება, და ასევე, სხვადასხვა სემესტრში მასწავლებელს შესაძლოა მუშაობის განსხვავებული გრაფიკი ქონდეს. სკოლის ტარიფიკაციის დოკუმენტში ეს ცვლილებები აისახება და ჩვენ აღარ გვიწევს ხელშეკრულებების ცვლა’’, – ამბობს გიორგაძე.

დირექტორი განმარტავს, რომ ყველა მასწავლებელს სკოლაში ასეთი ხელშეკრულება აქვს. მისი თქმით, თანდართული დოკუმენტი გენინსპექციას არ მოუთხოვია.

,,ხელშეკრულება რომ წაიკითხა, ეს თანდართული დოკუმენტი არ მოითხოვა. თუ ვერ ერკვეოდნენ, მე გავარკვევდი, მაგრამ იმისთვის არ იყვნენ მოსულები, რომ რაღაც გაერკვიათ’’, – განმარტავს გიორგაძე.

ასევე დასკვნაში წერია, რომ ინსპექციამ აღმოაჩინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევა. დასკვის თანახმად, მოსწავლის კლასიდან ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დირექტორის ბრძანებას ხელი არ ქონდა მოწერილი.

,,ხელმოწერა გამომრჩა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა, ეს ბავშვები ჩარიცხულები არიან კლასებში და მათ ამით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ’’, – განმარტავს გიორგაძე. 

შენიშვნებიდან ერთ-ერთი ისევ სკოლის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების დარღვევას ეხება. ბრძანების მიხედვით, სკოლამ სამინისტროს უნდა გადაუგზავნოს შესაბამის ჟურნალში რეგისტრირებული მოსწავლეების ცხრილი, რომელთაც დაამთავრეს სკოლა. გიორგაძე ამბობს, რომ ეს ცხრილი გაგზავნილი აქვს სამინისტროში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც სკოლაში ინახება.

,,ჩვენ გავუგზავნეთ ეს ცხრილი რესურს-ცენტრს. შემდეგ რესურს-ცენტრმა მიაწოდა ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტს. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მაქვს’’, – განმარტავს გიორგაძე.

განათლების მინისტრმა სკოლების სამეურვეო საბჭოებს ბრძანების შესრულებისთვის ერთი თვე მისცა. ერთ თვეში საბჭომ უნდა შეისწავლოს გენინსპექციის დასკვნა და გამართოს სხდომა. სხდომაზე დირექტორი მის მიმართ წამოყენებული შენიშვნების გაბათილებას ეცდება.

149-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თამრიკო ქავთარაძე ამბობს, რომ გენინსპექციის დასკვნას დეტალურად გაეცნო, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კიდევ მუშაობს. ქავთარაძის თქმით, ყველა შენიშვნას იურისტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს.

,,არის შენიშვნები იქ, რომლებსაც მე არ ვეთანხმები, არის შენიშვნები, რომლებიც გამოსწორებადია. მე მინდა, რომ ეს საკითხები იურისტთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარო. შემდეგ შეიკრიბება საბჭო განსაზღვრულ ვადაში და ყველა თავის პოზიციას დააფიქსირებს’’, – განმარტავს ქავთარაძე.

ქავთარაძე ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით არის დასკვნაში უმნიშვნელო შენიშვნები, ასევე, არის შენიშვნები ბუღალტერთან. ქავთარაძე განმარტავს, რომ დოკუმენტში არ არის სეთ დარღვევებზე საუბარი, რომელმაც ზიანი მიაყენა სკოლას და არ შეიძლება ამის გამოსწორება.

,,ერთი თვე, რაც მოგვცეს საკმარისია, რომ ეს შენიშვნები გამოვასწოროთ, მთავარაია, რომ არ არის მიზნობრივად რაღაც თანხები გაფლანგული. არის ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი, რომლებსაც ზიანი არ მოუტანია სასწავლო პროცესისთვის, მოსწავლეებისთვის. ამიტომ მე ამ ეტაპისთვის ქალბატონი მაიას მხარდამჭერი ვარ, მის თანამდებობიდან განთავისუფლებას სხდომაზე მხარს არ დავუჭერ’’, – განმარტა 149-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.

24 ნოემბერს ნეტგაზეთმა დიმიტრი შაშკინს სთხოვა აეხსნა, თუ რა ტიპის შენიშვნები იყო წარმოდგენილი გენინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. მინისტრმა ნეტაგზეთის ჟურნალისტს ურჩია, ეს შეკითხვა გენერალური ინსპექციის წარმომადგენლისთვის დაესვა. თუმცა ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებს გენინსპექციაში ამ დრომდე არ პასუხობენ.

თუ სამეურვეო საბჭო დირექტორს თანამდებობიდან არ დაითხოვს, განათლების შესახებ კანონით, ის ვალდებულია დაასაბუთოს თავისი განადწყვეტილება. თუმცა ამავე კანონით განათლების სამინისტრო უფლებამოსილებას იტოვებს არ დაეთანხმოს საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი ვადამდე ადრე გაათავისუფლოს.

149-ე და 148-ე სკოლებში გენინსპექცია მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი