„მართალია, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რეალურ დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე“, — განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, თუმცა თქვა, რომ საქართველოსთან ითანამშრომლებენ იმდენად, რამდენადაც ამის მზაობა თბილისს ექნება.
ყოველწლიური სტრუქტურირებული დიალოგის ფარგლებში კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს (AFET) წარუდგინა ინფორმაცია გაფართოების პროცესის მიმდინარე მდგომარეობის და მომდევნო ექვსი თვის პერსპექტივების შესახებ. ხაზი გაუსვა უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს, საქართველოს შემთხვევაში კი— რეგრესს და თქვა, რომ გაფართოება მოითხოვს რეფორმებს როგორც კანდიდატი ქვეყნების, ისე ევროკავშირის შიგნით.
ვინ სად არის გაფართოების დღის წესრიგში?
მარტა კოსის თანახმად, ევროკავშირმა გაფართოების მიმართულებით 2025 წელს უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთად აღებული. ევროკომისარმა თქვა, რომ ევროპა ცხოვრობს ღრმა გეოპოლიტიკური ძვრების ეპოქაში — აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, როდესაც გაფართოება არა მხოლოდ კავშირის გაზრდის, არამედ სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხია.
„ასეთ არასტაბილურ გარემოში, ჩვენს სამეზობლოში ბევრი ეძებს უსაფრთხო ნავსაყუდელს, სტაბილურობას, პროგნოზირებადობასა და დაცვას“, — აღნიშნა კოსმა.
ევროკომისრის ანგარიშის თანახმად:
- მონტენეგრომ დახურა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 14 თავი, რაც მესამედზე მეტია;
- ალბანეთმა სულ რაღაც ერთ წელიწადში გახსნა მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი. წევრი ქვეყნები ახლა განაგრძობენ მსჯელობას კანონის უზენაესობის შესახებ შუალედური ეტაპების შესრულებაზე;
- უკრაინა აგრძელებს გაწევრიანების გზას არაჩვეულებრივ პირობებში. კომისიას იმედი აქვს, რომ უნგრეთის ახალი მთავრობის მხარდაჭერით საბჭო მალე შეძლებს, ფორმალურად გახსნას მოლაპარაკებების ყველა კლასტერი.
- მოლდოვა- რუსეთის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანმდევი ეფექტების მიუხედავად, მაღალი ტემპით ახორციელებს ხარისხიან რეფორმებს. გასულ თვეში წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ, დაიწყოს ტექნიკური მოლაპარაკებები მოლაპარაკების 33-ივე თავზე. ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, კომისია ელის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ექვსივე მოლაპარაკების კლასტერის ოფიციალურად გახსნის შესახებ;
- კოსოვოსთან დაკავშირებით დაიწყო ზომების გაუქმების პროცესი და კომისია ელის, რომ ახლა მთავრობა განახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მხარდაჭერის მისაღებად.
- საქართველოში ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს იმ ევროპულ მომავალს, რომელიც მის მოსახლეობის უმრავლესობას სურს. კომისიის მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოსთან კავშირი და დაიცვას ევროკავშირის ინტერესები.
- სერბეთში სიტუაცია შემაშფოთებელია — დაწყებული კანონებით, რომლებიც ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დამთავრებული მომიტინგეების დარბევითა და დამოუკიდებელ მედიაში პერიოდული ჩარევით. კომისია ამჟამად აფასებს, კვლავ აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებით გადახდების პირობებს.
ამასთან, ისლანდია გეგმავს, 29 აგვისტოს ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ისლანდიაში მთავრობის შეცვლის შემდეგ შეჩერდა. იმ დროისთვის მოლაპარაკებების 33 თავიდან 27 იყო გახსნილი. ისლანდია, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად, ევროპის ეკონომიკური ზონის და შენგენის წევრია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს არაერთ სფეროში.
კოსის აზრით, ისლანდიის განახლებული ინტერესი აჩვენებს, რომ ევროპული მოდელი კვლავაც მიმზიდველია და თუ ისლანდიელები სრულ ინტეგრაციას გადაწყვეტენ, ევროკავშირი ამისთვის მზად იქნება.
„გაწევრიანების პროცესი ეფუძნება ორივე მხარის ვალდებულებებს და ეს ვალდებულებები გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული ქმედებებით. ფუნდამენტური რეფორმები ყოველთვის ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ აღარ შეგვიძლია, კანდიდატებისგან წლების განმავლობაში რთული რეფორმების გატარება მოვითხოვოთ ისე, რომ მათ ხელშესახები შედეგი არ ჰქონდეთ. ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად უნდა მივაღწიოთ ჩვენს მომავალ მოქალაქეებამდე“, — განაცხადა მარტა კოსმა.
მისი თქმით, ამ დაახლოების ნაწილია ევროგადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) ინტეგრაცია, ასევე, უფასო როუმინგი, სადაც უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის ჩართვა იგეგმება.
„ვეთანხმები მათ, ვისაც სურს, რომ უფრო შორს წავიდეთ და გადავიდეთ იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნების სტრატეგიულ პოზიციონირებას – ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, შიდა ბაზარი. „ზრდის გეგმების“ მეშვეობით რეფორმების პროგრესს პირდაპირ ვაკავშირებთ ინვესტიციებთან და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. მაშინ როცა უკრაინა და მოლდოვა კარგად ან შესანიშნავად ართმევენ თავს, დასავლეთ ბალკანეთში პროგრესი ბევრად ნელი იყო“, — განაცხადა მარტა კოსმა.
ამავდროულად, წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა „დამცავი მექანიზმების“ საჭიროებას.
„დღეს გაფართოების მასშტაბი, პოლიტიკური კონტექსტი და წარსული გაწევრიანების გაკვეთილები მოითხოვს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ინსტრუმენტები. 2004 წლიდან მიღებული გაკვეთილი ისაა, რომ გვჭირდება დამცავი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ახალი წევრების მიერ წესების დაცვას და ჩვენი კავშირის მთლიანობას ხუთი, ათი თუ ოცი წლის შემდეგაც კი. მომავალი გაწევრიანების ხელშეკრულებებში უნდა შევიდეს დამცავი მექანიზმები, რომლებიც იქნება სანდო, ეფექტური და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება გაწევრიანების შემდეგ სერიოზული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში“, – დასძინა ევროკომისარმა.
გაწევრიანების პროცესში ყველაზე წინწასული მონტენეგროა. შესაბამისად, კომისია ფიქრობს, რომ სწორედ მასთან დაიდება „ახალი თაობის“ გაწევრიანების პირველი ხელშეკრულება, რომელიც დამცავი მექანიზმებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას გადაწყვეტს.
მარტა კოსი ირწმუნება, რომ ეს არ ნიშნავს ქვეყნისთვის დამატებითი კრიტერიუმების შექმნას, მაგრამ თუ ახალი წევრები უკან დაიხევენ ფუნდამენტურ პრინციპებში, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, დამცავმა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს.
„2004 წლის გაკვეთილები უნდა გავითვალისწინოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში „ტროას ცხენებს“ არ მივიღებთ“, — აღნიშნა კოსმა.
დაკავშირებადობა
კოსმა ხაზი გაუსვა თურქეთის მნიშვნელობას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
„უკრაინის [ომის] ნებისმიერ სამშვიდობო მოგვარებას დასჭირდება თურქეთი – ნატოს მეორე არმია, რადგან შავი ზღვის რეგიონში ახალი უსაფრთხოების გარემოს წინაშე აღმოვჩნდებით. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ანკარაში და შევთანხმდით სავაჭრო ბარიერების შემცირების შესაძლებლობების შესწავლაზე, თუმცა ველით, რომ თურქეთიც გადადგამს ნაბიჯებს ჩვენკენ და განსაკუთრებით კვიპროსისკენ“, — თქვა მან და დასძინა, რომ ევროკავშირმა გააძლიერა მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და სურს, განავითაროს ახალი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტები სამხრეთ კავკასიაში.
რუმინელმა ევროპარლამენტარმა კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, კრისტიან ტერჰეშმა მარტა კოსს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რუკა აჩვენა და საქართველოზე ჰკითხა:
„აი, რუკა მიმდინარე მარშრუტებით, რომლებიც აკავშირებს ევროპას აზიასთან. ერთი გზა გადის რუსეთზე. მეორე არის ე.წ. შუა დერეფანი. მესამე კი არის სამხრეთ დერეფანი. ახლა სამხრეთ დერეფანთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში. იმედი მაქვს, ამჟამინდელ კომისიას არ სურს ჩრდილოეთ დერეფნის გამოყენება რუსეთის გავლით. ასე რომ, ერთადერთი დარჩენილი გზა არის შუა დერეფანი. იმისთვის, რომ შუა დერეფანმა იმუშაოს – რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აზერბაიჯანი და საქართველო.
ახლა მიმდინარეობს დისკუსია სომხეთის გამოყენებაზე. ეს შესანიშნავი პროექტია. რატომღაც პროექტი ევროკავშირმა დაიწყო, მაგრამ მის დასრულებაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ და ახლა დამსახურება ტრამპს მიეწერება. ვნახავთ, რა დრო დასჭირდება სამხრეთ სომხეთში იმ რკინიგზის აშენებას, რომელიც ირანის საზღვრიდან რამდენიმე მეტრშია. ჩემი კითხვაა: რა არის თქვენი გეგმა, რომ ეს დერეფანი ამუშავდეს? იმიტომ, რომ ჩვენ მოვისმინეთ და თქვენც ახსენეთ აქ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით სადმე ჩართული, სხვა ჩაერთვება. ჩინეთი და აშშ-იც ზუსტად იმავე რუკას უყურებენ, რომელიც ახლა გაჩვენეთ. როდის იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც თქვენ დიალოგში შეხვედით საქართველოს ხელისუფლებასთან? ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვს კომისიას საქართველოს მთავრობის მიმართ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. თუ რამე გვაქვს პრეტენზია საქართველოს ხელისუფლებასთან – მე მთელი სია მაქვს პრეტენზიების – როგორ აპირებთ თქვენი მიზნის მიღწევას, თუ ევროკომისია და ევროკავშირი მათთან კომუნიკაციაში არ შედის?“
დეპუტატმა გაიხსენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლის ვიზიტი საქართველოში და თქვა, რომ ამას სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ზარი მოჰყვა.
„თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია? თქვენ ახსენეთ ბელარუსი. ბელარუსი პუტინის ხელებში დავკარგეთ სწორედ იმ დამოკიდებულების გამო, რომ თითქოს ჩვენ ვართ საუკეთესონი და ისინი არავინ არიან. ჩვენ გვჭირდება საქართველო, ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათ ჩვენს მხარეს შესანარჩუნებლად?“ — მიმართა ტერჰეშმა კოსს.
ევროკომისარმა თქვა, რომ გაფართოების შემდეგ მისი მუშაობის მეორე დიდი ნაწილია დაკავშირებადობის დღის წესრიგი, რაც გულისხმობს ევროპის დაკავშირებას ცენტრალურ აზიასთან.
„ბოლო სტრუქტურული დიალოგის შემდეგ ბევრჯერ ვიყავი სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. საქართველოში – არა, იმ მიზეზების გამო, რაც თქვენ ახსენეთ. მართალი ხართ, რომ განსაკუთრებით ახლა, ირანში არსებული ვითარების გამო, ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ იმ რუკას, რომელიც თქვენ აჩვენეთ. ჩრდილოეთით სავაჭრო გზა აღარ არსებობს, სამხრეთით სავაჭრო გზები აღარ არსებობს. ამიტომ საუკეთესოა შუა დერეფანი, მშვიდობის დერეფანი თუ რაც გსურთ, ის უწოდეთ და ჩვენ ჩართული ვართ. ტრამპი ჩართულია. არსებობს TRIP-ის მარშრუტი, 42-კილომეტრიანი დერეფანი, მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვმუშაობთ და ახლა ვატარებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ნახიჩევანის რკინიგზისთვის. თურქეთთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დავუკავშირდეთ უკეთესად“, — განაცხადა მარტა კოსმა.
მისი თქმით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება და მოიცავს ენერგეტიკას, ციფრულ სფეროს და სხვა.
„ჩვენ გვქონდა პროექტი და დავაფინანსეთ ენერგოსისტემა სომხეთსა და საქართველოს შორის. მართლაც, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რეალურ დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე. და ის ჩართული იყო პროექტში, რომელიც სომხეთს საშუალებას აძლევდა, მიეღო საკმარისი ელექტროენერგია მათ შორის საქართველოსგანაც. ასე რომ, რასაც სომხეთში ვაკეთებთ და ვსაუბრობთ, საქართველოსაც მოვიაზრებთ. მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით და ღია ვართ საქართველოს ჩართვისთვის მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ისინი თავად აჩვენებენ, რომ სურთ თანამშრომლობა სხვა სფეროებში“, — განაცხადა მარტა კოსმა.
AFET-ში მოსმენაზე მარტა კოსმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გაფართოება იქნება ევროპული საბჭოს ივნისის სამიტის დღის წესრიგში.
