საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრაციაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი იძულებით დააბრუნა აზერბაიჯანში, რითაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის მოსალოდნელი საფრთხის წინაშე დააყენა.

ამის შესახებ დღეს, 10 აპრილს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა განაცხადა.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ სადიგოვი დაადეპორტა ამ რისკების სათანადო შეფასების გარეშე, იმ პროცედურების ფონზე, რომლებიც სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს. “მათი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ორივე მთავრობის კეთილსინდისიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართ”.

„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო და ის, თუ როგორ მოხდა ეს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია“, — განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. „საქართველოს ხელისუფლებამ სადიგოვი დააბრუნა ქვეყანაში, სადაც მას დევნის რეალური საფრთხე ემუქრება. ეს მოხდა რისკების სათანადო შეფასების გარეშე და დაჩქარებული პროცედურებით, რაც სამართლიანობის კუთხით სერიოზულ ეჭვებს ბადებს“.

სადიგოვი მედიაპლატფორმა Azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც აზერბაიჯანში დანაშაულისა და მთავრობის სავარაუდო კორუფციის შესახებ ამზადებს მასალებს. ის 2023 წლის დეკემბრიდან საქართველოში ცხოვრობდა, სადაც ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობდა. 2016 წლიდან სადიგოვს აზერბაიჯანში არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ფართოდ განიხილება, როგორც შურისძიება მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე. 2020 წლის ნოემბერში ბაქოს სასამართლომ მას გამოძალვის საეჭვო ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2022 წელს ვადამდე ადრე, შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

2024 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით დააკავა, მას შემდეგ, რაც იქაურმა ხელისუფლებამ ახალი ბრალდებები წაუყენა. მან პატიმრობაში შვიდ თვეზე მეტი გაატარა. სადიგოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვა სთხოვა, თუმცა ხელისუფლებამ უარყო მისი თავშესაფრის მოთხოვნა და შემდგომი სააპელაციო საჩივრები, მიუხედავად აზერბაიჯანში დევნასთან დაკავშირებული მისი დასაბუთებული შიშისა.

2025 წლის იანვარში სადიგოვმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) სარჩელი შეიტანა იმ საფუძვლით, რომ მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას დაარღვევდა. 2025 წლის 28 თებერვალს სასამართლომ გამოსცა დროებითი ღონისძიება (იანვარში თავდაპირველად გაცემული ღონისძიების გაგრძელება), რომლითაც საქართველოს დაევალა, არ განეხორციელებინა სადიგოვის ექსტრადიცია საქმის განხილვის დასრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 2025 წლის 16 აპრილს გირაოთი გაათავისუფლა.

გათავისუფლების შემდეგ სადიგოვი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. შეკრებების დროს მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებული სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სასამართლოებმა ის მრავალჯერ დააჯარიმეს. ჯამურმა ჯარიმამ 275,000 ლარი (დაახლოებით 102,000 აშშ დოლარი) შეადგინა. ხელისუფლებამ ასევე ორჯერ, 14 და 7 დღით, მიუსაჯა მას ადმინისტრაციული პატიმრობა. 2026 წლის იანვარში მოსამართლემ მისი საქმე პოტენციური სისხლის სამართლის გამოძიებისთვის გააგზავნა ახლახან მიღებული საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე, რომლებიც განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს კრიმინალად აცხადებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში მოვლენები სწრაფად გამწვავდა. 1 აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას აცნობა. 3 აპრილს საქართველოს სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა. 4 აპრილს, გვიან ღამით, პოლიციამ სადიგოვი საკუთარ სახლში დააკავა. მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ მედიას განუცხადა, რომ სამართალდამცავები ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ და იგი ყოველგვარი მკაფიო განმარტების გარეშე წაიყვანეს.

5 აპრილს, შუაღამის დადგომიდან მალევე, პოლიციამ განაცხადა, რომ სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის სავარაუდო შეურაცხყოფის გამო დააკავეს. დაახლოებით დილის 4 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, 2000 ლარით (დაახლოებით 745 აშშ დოლარი) დააჯარიმა, მისი აზერბაიჯანში გაძევების განკარგულება გასცა და ქვეყანაში შემოსვლაზე სამწლიანი აკრძალვა დაუწესა. საქართველოს ხელისუფლებამ იგი აზერბაიჯანში იმავე დღეს გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაძევების გამართლებას სადიგოვის მიერ არაერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში სავარაუდო მონაწილეობითა და აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მოწოდებული დაუზუსტებელი „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილებით“ შეეცადა. სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება ვრცელდებოდა მხოლოდ ექსტრადიციაზე სისხლის სამართლის პროცესის კონტექსტში, რომელიც აზერბაიჯანმა შეწყვიტა.

თუმცა ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ დროებითი ღონისძიებები სავალდებულოა და ძალაში რჩება მანამ, სანამ თავად სასამართლო არ გააუქმებს მათ. აზერბაიჯანიც და საქართველოც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი სახელმწიფოები არიან და სამართლებრივად ვალდებულნი არიან, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

„2025 წლის 14 იანვარს, შემდეგ კი 27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვი არ უნდა იქნეს გადაყვანილი აზერბაიჯანში, სანამ სასამართლოში მიმდინარე წარმოება არ დასრულდება“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურში ამ საკითხის კომენტირებისას.

სადიგოვის ადვოკატის თქმით, საქართველოს სასამართლომ, რომლის სხდომაც შუაღამისას გაიმართა, უარყო დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ევროსასამართლოს დროებით ღონისძიებას ეფუძნებოდა და არ განიხილა ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივები, როგორიცაა ნებაყოფლობითი გამგზავრება ან თავშესაფრის მოთხოვნა მესამე ქვეყანაში. ამის შემდეგ მოხდა მისი დეპორტაცია.

6 აპრილს აზერბაიჯანში სამართალდამცავებმა სადიგოვი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გააჩერეს. მოგვიანებით მას განუცხადეს, რომ ამის მიზანი ძებნილთა ბაზიდან მისი ამოღება და თითის ანაბეჭდების აღება იყო, რის შემდეგაც  გაათავისუფლეს.

Human Rights Watch-ის განცხადებით, სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით საგანგაშოა აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული პრაქტიკის ფონზე. ხელისუფლება სისტემატურად იყენებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ ბრალდებებს ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. კრიტიკოსები ხშირად ხდებიან დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვისა და შევიწროების სხვა ფორმების სამიზნე.

ორგანიზაციის შეფასებით, სადიგოვის გაძევების გარემოებები აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად მოიქცა და აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად იმოქმედა, რათა თავი აერიდებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ამავე განცხადების მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დადგომა ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ეს მოიცავს აბსოლუტურ აკრძალვას იმ ქვეყანაში დაბრუნებაზე, სადაც არსებობს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რისკი (არგაძევების — Non-refoulement პრინციპი), ასევე სათანადო სამართლებრივი პროცესის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და დროებითი ღონისძიებების დაცვის გარანტიებს. საქართველომ ასევე უნდა გამოიძიოს სადიგოვის დეპორტაციის გარემოებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვა.

„აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან იმ აშკარა თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევებას. ეს მოხდა მისი უსაფრთხოებისთვის არსებული მკაფიო რისკებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე“, — აღნიშნა გოგიამ. „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს აფგან სადიგოვის უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი თვითნებური დაკავება ან დევნა და მისცეს მას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება, მათ შორის, ქვეყნის დატოვების უფლება“.