„ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა და ზუსტად არ ვიცი, სად წაიყვანეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა.
სევინჩ სადიგოვა ამჟამად შვილებთან ერთად ევროპაში იმყოფება. სწორედ იქ სურდა წასვლა აფგანსაც, თუმცა ამას ვერ ახერხებდა მის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი-ბუროკრატიული გამოწვევების გამო.
აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში გუშინ გააძევეს.
“გუშინ საქართველოდან აზერბაიჯანში დაადეპორტეს, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანების საფუძველზე”, – წერს სევინჩ სადიგოვა.
2026 წლის 4 აპრილის ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook-ის პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე, ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაიწყო, რის საფუძველზეც აზერბაიჯანული მხარე წლების განმავლობაში ითხოვდა მის ექსტრადიციას.
აფგან სადიგოვი არის ჟურნალისტი და საიას შეფასებით, მისი აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის რეალური და გარდაუვალი საფრთხე.
“სწორედ ამას ადასტურებს ის, რომ 2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში”.
ჟურნალისტის უფლებებს საქართველოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 2 აპრილს ეს ინფორმაცია აფგან სადიგოვმა შეიტყო. 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს, საღამოს, სადიგოვი დააკავეს, 5 აპრილს, გამთენიისას გამართულ სასამართლო პროცესზე კი გადაწყდა მისი აზერბაიჯანში გაძევება.
