ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოდან დაადეპორტეს, უკვე ბაქოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა — Qazetci.org.
ეს არის დევნილობაში მოქმედი ონლაინ პლატფორმა, რომელიც რეპრესიების გამო აზერბაიჯანის ფარგლებს გარედან მუშაობს.
ადვოკატ ნემატ ქარიმლის მიერ რეპორტიორისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიგრაციის სამსახურში გასაუბრების შემდეგ აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს.
აფგან სადიგოვმა ჟურნალისტთან განცხადებაში აღნიშნა, რომ ის აზერბაიჯანს „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე გადასცეს: „მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადამცეს. მათ ბაქოში, მიგრაციის მთავარ სამმართველოში ჩამომიყვანეს. სამმართველოში მაცნობეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ასე რომ, ჩემი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გათავისუფლებული ვარ, ბაქოში ვიმყოფები“.
ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს: „თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავდა ჩემს დეპორტაციას აზერბაიჯანში, უხეშად დაირღვა. საქართველოს მთავრობა დაისჯება ამ უკანონო გადაწყვეტილებისთვის“.
აფგან სადიგოვი ფიქრობს, რომ მისთვის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია:
„საზღვარგარეთიდან დეპორტირებულებს მაშინვე არ აკავებენ, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. საქართველოდან დაბრუნებული რაშად რამაზანოვი და გერმანიიდან დეპორტირებული პირები ბაქოში დაბრუნებიდან მალევე დააკავეს“.
სადიგოვის ბაქოში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი. საქართველოში სადიგოვის უფლებებს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა.
“მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვრიდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმის სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას”, – წერს მიქელაძე.
