40-ზე მეტი ორგანიზაცია და ათასობით ცხოველმოყვარული აქტივისტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიაზრებდა 9 000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან.
ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა და მიმკედლებლებს [ადამიანები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ქუჩაში აჭმევენ და პატრონობენ] არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.
„სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული და, შესაბამისად, საჭდით მონიშნული ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილუბრალოდ ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები, განსაკუთრებით- ძაღლის ჭირი და ცოფი. ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ახალი განკარგულებით 2026 წელს 36 000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება იმავე ლოგისტიკური სქემით.
განკარგულებით „აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება“.
ეს ჩანაწერი, ცხოველთა დამცველების შეფასებით, არა მხოლოდ ბუნდოვანია, არამედ აზრს მოკლებულიც.
„თუ ძაღლს კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი. რაც მთავარია, ვშიშობთ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის საფუძველზე კიდევ მეტი მიუსაფარი ცხოველი გაუჩინარდება.
ჩვენ, ცხოველმოყვარული აქტივისტები, მოქალაქეები და ორგანიზაციები, მივიჩნევთ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემის ჰუმანურად მოგვარება რამდენიმე წელშია შესაძლებელი მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით, გამრავლების შეზღუდვით და ა.შ., თუმცა ჩვენ მოვითხოვთ შემდეგ ცვლილებებს აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
- თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
- პირვანდელ არეალში დაბრუნების ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, დაინერგოს პრაქტიკაშიც. განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
- სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ, თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდება 41 ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი და ამ დროისთვის ხელს აწერს 25 ათასამდე მოქალაქე. სია განახლებადია.
