მამუკა მდინარაძის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს განაცხადა.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა, დროთა განმავლობაში ეს დაიჯერა და მისი დღევანდელი მდგომარეობაც ამ ილუზიამ განსაზღვრა.
„სრულიად ცხადი იყო, რომ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ოხანაშვილის ბედს მდინარაძეც გაიზიარებდა, თუმცა დღეს ის უფრო ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დამდგარს ჰგავს, ვიდრე ოხანაშვილის გზაზე მიმავალს. სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მისთვის გარდაუვალი იქნება.
მდინარაძის პოლიტიკური რენომე და რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეიტინგი პოლიტიკაში არასდროს არსებულა, ისევე, როგორც არ არსებობს კობახიძის შემთხვევაში. ამის მიზეზიც მარტივია: მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების არც რეალური უნარი და არც შესაბამისი პოლიტიკური რესურსი. იყო მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი, რომელმაც დროთა განმავლობაში დაიჯერა, რომ თავადაც დამოუკიდებლად რაიმე ფიგურას წარმოადგენდა. სწორედ ამ ილუზიამ განსაზღვრა მისი დღევანდელი მდგომარეობაც, გააგდეს დამამცირებლად, არსაიდან მოსული არსად. ზუსტად იგივე ბედი ელის, მის გარემოცვასაც“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.
პარტია „ლელო – ძლიერ საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძე საკუთარი ნებით არ გადამდგარა და თავისი პოლიტიკური პედესტალიდან წიხლით დააგორეს.
„უკანასკნელი რამდენიმე კვირა შემოვლა ჰქონდა მთელ საქართველოში, დადიოდა რეგიონებში, ვიღაცებს თითი დაუქნია – აი, ახლა შენ ასე თუ არ მოიქცევი, ჩვენს ადამიანურობას თუ არ გაითვალისწინებენ, ვიღაცებს დავსჯითო, გზები რომ დიდი ხანია გადათხრილია და არ კეთდებაო. საქმეში იყო, ვერავის ვერავინ ეტყვის, რომ ეს მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილია. კაცის, რომელიც გუშინ ვიღაცებს ემუქრებოდა. ბოლოს „რაზგონი“ ჰქონდა აღებული, რომ ყოვლისშემძლეა, ყველგან ხალხი დანიშნა და მისი ხალხი პარლამენტში მოკალთდა, რაღაც კლანი შექმნა და ყველაფერს მოაჯდა. ამ „რაზგონით“ იყო გუშინწინ და დღეს იქ აღმოჩნდა, სადაც აღმოჩნდა. საყმაწვილო ლიტერატურაშიც კი ვერავინ ვერავის ვერ დააჯარებს, რომ ეს მისი გადაყწვეტილებაა. აიღო ბიძინა ივანიშვილმა, ამდენი ხანი აწამა, დასცინა, როგორც ერთ-ერთ პაიკს…
წიხლით დააგორეს მდინარაძე თავისი პოლიტიკური პედესტალიდან. რა შეურაცხყოფაც შეიძლება პოლიტიკოსს მიაყენო მისმა ლიდერმა, ყველა შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა უახლოესი 2-3 თვის მანძილზე”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა „ტვ პირველთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებითაც, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაშვება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რადგან მან „კორუფციული ყულაბიდან“ ფული მოიპარა.
„მამუკა მდინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ პოლიტიკიდანაც. გაუშვა ივანიშვილმა. ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა – ასე ვრცელდება ინფორმაცია „ქოცებში“. და კი, ეს არის კრიმინალური რეჟიმი. ეს არის კორუფციული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში. არც მამუკა მდინარაძე, არც ირაკლი ღარიბაშვილი არაფერს წარმოადგენს. ამ პირამიდის მთავარ წვერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კრიმინალური დაჯგუფება „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტია „ახალის“ წევრის, ვანო წერეთლის განცხადებით, შესაძლოა მამუკა მდინარაძე დააკავონ ან ქვეყნიდან გაიქცეს.
„როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძემ ვერ შეასრულა ის დავალებები, რომელიც უნდა შეესრულებინა, სამაგიეროდ იშოვა ძალიან ბევრი ფული, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რისიც ეშინია, ეს არის შინაურებში თანხის დაგროვება. ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ გენერალ-მაიორის ციხის ან ქვეყნიდან გაქცევის კადრებსაც, რადგან ეს ასე არ დამთავრდება. სახეზე ეწერა დღეს მამუკა მდინარაძეს, რომ ის ძალიან ნერვიულობდა და რაღაც დონეზე შეიძლება მოულოდნელიც კი იყო მისთვის“, – განაცხადა ვანო წერეთელმა „ტვ პირველთან“.
რა ხდება?
დღეს, 27 აგვისტოს, მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე ბრიფინგი მამუკა მდინარაძემ მარტომ გამართა, მასთან ერთად არ ყოფილა ირაკლი კობახიძე.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ოცნების“ თითოეულ „ჯარისკაცს“ და გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
მისი თქმით, წუხელ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, ხოლო დღეს დილით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. მდინარაძის თქმით, ისინი დაარწმუნა, რომ პოლიტიკიდან წასულიყო.
მდინარაძემ თქვა, რომ შეიძლება ძალები ბიზნესში მოსინჯოს ძალები.
მამუკა მდინარაძის პოლიტიკად წასვლის განცხადებას წინ უძღოდა ციხეში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები. გასულ კვირას ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ წერილში თქვა, რომ მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა წერილი, რომელშიც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობდნენ. მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა დააზუსტა, რომ წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ღარიბაშვილის ოჯახის წევრს. თუმცა დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ არც რამე „შეუთვლია“ და არც წერილი გაუგზავნია ირაკლი ღარიბაშვილისთვის.
