ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალის ფარგლებში, მის ახალ საქმეზე მსჯელობა დაიწყო სასამართლომ. პირველი წარდგენის სხდომას მოსამართლე დავით კურტანიძე გაუძღვა.

30 მარტს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი, სადაც იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობაზე, ასევე გადაწყდება, აღნიშნული საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა თუ არა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ამჟამად ისედაც პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად, მისთვის ახალი ბრალის შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე წარდგენის სხდომაზე არ უმსჯელიათ.

ადვოკატები ამბობენ, რომ ერთი წლის წინანდელ „თაროზე შემოდებულ” საქმესთან პროკურატურამ ალეკო ელისაშვილი თითქოს „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ დააკავშირა. შემდეგ ჩატარდა ძაღლების საშუალებით ექსპერტიზა. ე.წ. ოდოროლოგიური კვლევა. არ არსებობს მოწმე და სხვა მტკიცებულება, გარდა ძაღლებისა.

ელისაშვილი უარყოფს, რომ შარშან მომხდარ ინციდენტზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონაა. ნეტგაზეთი გთავაზობთ სასამართლოში მის სიტყვას სრულად ამ ახალ საქმესთან დაკავშირებით:


დაახლოებით 10 დღეა, ვიცით მე და ჩემმა ადვოკატებმა, რომ ახალი ბრალის წარდგენა უნდოდათ ტერორიზმის მუხლით. გასაგები იყო ჩემთვის პოლიტიკური პროცესი. 4 თვეა, ციხეში ვარ [2025 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდის, სასამართლოს კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით]. ეს ამბავი [2024 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივის შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობა] მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ. რომ დამაკავეს, ეს საქმე ხომ იცოდნენ, რომ გაუხსნელი იყო?! დაკავებისთანავე კი არ წარმიდგინეს ბრალი, ერთი, ორი, სამი თვის მერე კი არა, არამედ ახლა. მინდა ეს პოლიტიკური კონტექსტი ავხსნა.

ორბრალდებიანი ტერორისტი ვარ, პროკურატურის წყალობით, ღიმილის მომგვრელია ეს ამბავი. კადრები რომ ვნახე [პროკურატურის მიერ გავრცელებული], მოვკვდი სიცილით. ჯეკა უნდა მოიყვანონ, ცუგა, იმერეთში რომ იტყვიან, „პაკუსია“ და იმან დამადოს ხელი. ჩემი ტანსაცმელიც აქვთ, ჩემი წინდები, მაისური, ყველაფერი შენახული აქვთ. რა უნდა. ასუნინებ ამათზე, მერე ამ ჯეკას მომიყვან და ჩვენება უნდა მისცეს ჩემ წინააღმდეგ? ამით მიჭერენ. ჯეკა მიჭერს. მოლაპარაკე ძაღლიც რომ მოიყვანონ, არ გამიკვირდება.

გუშინ ვფიქრობდი ორ ვერსიაზე, რატომ აკეთებს ამას პროკურატურა.

1. ბავშვებს რომ მშობლები დატოვებენ ხოლმე მარტოებს, მერე მურაბა რომაა კედელზე წასმული, ბავშვები უნიტაზში ჭყაპუნობენ და ყველაფერი არეულია. ასეთი განცდა მაქვს, რომ იურისპრუდენციის გიგანტმა ფარცხალაძემ დატოვა პროკურატურა და რაღაც სახლობანას თამაშობენ პროკურატურაში. აერიათ, მტკიცებულება რა არის. ძაღლი სად უნდა გამოიყენონ და ა.შ.

2. მეორე ვერსიაა, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და სინამდვილეში, პროკურატურას ყელში ამოუვიდა საშინელი დავალებების მიღება და გადაწყვიტეს საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს მოუწყონ საბოტაჟი, დივერსია ამ საქმით, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი, რომ ხელი დამადოს.

ეს საქმე მე დამეხმარება, რომ ამ საქმეშიც გავმართლდე და მეორეშიც. საერთო საქმესაც დაეხმარება. დრო გავა და იურიდიულ ფაკულტეტზე ამ ამბავს ასწავლიან, როგორც ოროსნობის მაგალითს. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ მე არ მაქვს იურიდიული ცოდნა, მაგრამ ვკვდებოდი სიცილით, გუშინ რომ ვუყურებდი [ვიდეოს].

რა ვნახე გუშინ: კაცი მოდის ჯოხით. პირბადიანი. მოდის თავისთვის. ტროტუარზე დგომა დანაშაული კი გახდა, მაგრამ ხელჯოხით ქუჩაში სიარული დანაშაული ხომ არ არის?! ერთი ეპიზოდი იყო ეს. კაცი მოდის ჯოხით. მერე აჩვენებენ სადღაც კილომეტრიდან გადაღებულ სილუეტს. ქალია, კაცია, ვინ არის, გაუგებარია. მართლა რაღაც დანაშაულებრივს შვრება. რაღაცას ისვრის, იქიდან ცეცხლი გამოდის. კილომეტრიდან სიბნელეშია გადაღებული. ბიჭო… ან ერთი ეპიზოდი მეორესთან რა შუაშია?! ან მე რა შუაში ვარ?!

ის კაცი ჰგავდა თენგიზ შარმანაშვილს. ვუყურებ და ვფიქრობ, მეთქი, უეჭველი თენგიზ შარმანაშვილია. წითელი შრიფტით მიაწერეს ელისაშვილიაო. თენგიზ შარმანაშვილი რომ მიეწერათ, ათასჯერ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ან დავით მათიკაშვილი. მაგრამ უფრო შარმანაშვილი.

იმედი მაქვს, რომ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ასე არ გადაყლაპავენ ამ სისულელეს. არაფერი მაცინებს ხოლმე იმ ჩემს საკანში, მაგრამ გავიგუდე სიცილით. მაგრამ სერიოზულად ავხსნი, პოლიტიკური კონტექსტი რა უძღოდა ამას.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმმა, სამართლებრივად სახელმძღვანელო დოკუმენტმა, ამათ [„ქართულ ოცნებას“] ჩასცხო ურო. პირდაპირ წერია, რომ ისინი არ ენდობიან ამ რეჟიმს, ხელისუფლებას, რომელმაც აწამა ადამიანები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირი რეკომენდაციებია, დიპლომატიური „მიაცვ-მააცვი“ კი არა, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებდა, ვინც დაასახიჩრა ხალხი, ნაკერები რომ დასჭირდათ თავზე. ხელისუფლების ნათქვამის არ სჯერათ, რომ ვიღაცებს ნიღაბი ჰქონდათ და ა.შ. ეს იყო ურო, რომელიც მათ ძალიან მოხვდათ. ჩალის ფასიაო, იძახდნენ. ჩალაზე ამდენს არ ლაპარაკობენ.

ერთადერთი პაუზა გაჩნდა, ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქი, მისი გარდაცვალების გამო, მაგრამ ისევ დაბრუნდა ეს დღის წესრიგი. გუშინ რომ რუბიომ დარეკა, ეგეც ამ კონტექსტში ჯდება. წილოსანის და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკავს. იმ დასკვნამ ამათ ჩამოხსნა ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს.

ამის შემდეგ გამოდის პაპუაშვილი ყოველდღე, მართავს ბრიფინგებს და იძახის, ვინ არის პოლიტპატიმარი, ელისაშვილია პოლიტპატიმარი? სააკაშვილია პოლიტპატიმარი? ატრიალებს ამ ორ გვარს. საჯარო განცხადებები არის აისბერგის წვერი. გაცილებით მეტი რამ იმალება კულუარებში. იმ წამს მივხვდი, რომ პოლიტიკური პატიმრების სია უდევთ მაგიდაზე, როგორც თავისი ვერსია, ასევე უცხოელების, ან სხვადასხვა ჯგუფების მიერ შედგენილი ვერსია. ალბათ ჩემი სახელი და გვარიც იქ იყო. ჩახედეს, ამომარჩიეს და დაიწყეს ტრიალი, — „ტერორისტი, ტერორისტი“.

მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება, რომ დაემძიმებინათ ჩემი სახელი და გვარი ახალი დანაშაულით. გაიხედ-გამოიხედეს, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი გამოუძიებელი ამბავი, რომელიც ტერორიზმის მუხლით არც იძიებოდა. თაროზე ჰქონდათ შემოდებული. შეტენვა მოინდომეს ჩემთვის, ჩემი გვარ-სახელის, საქმის დამძიმება. რატომ? იმიტომ, რომ უცხოელებისთვისაც, ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, დაჟინებული ტერორისტიაო, ხელჯოხით დადის, შარმანაშვილს კი ჰგავს, მაგრამ წითელი ასოებით ნამდვილად ელისაშვილიაო. რისთვის? რომ ჩემი სახელითა და გვარით დაემძიმებინათ, გაეფუჭებინათ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი.

არ მინდა მოლოდინი შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი. არც ის დასკვნა და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით. მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ამ ადამიანების გამოშვება. ვიგრძენი ეს ყველაფერი, ვიგრძენი პასუხისმგებლობა და დავწერე განცხადება, ახლაც ვამბობ — სულაც არ მიხარია ციხეში ჯდომა, მაგრამ ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში და იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. ჩემი პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები.

რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკურია თავიდან ბოლომდე ჩემ წინააღმდეგ. რისთვის ვზივარ? ოქროს ზოდები მიპოვეს? დოლარები იპოვეს თუ კარტიეს საათები? ლუკმა მოვპარე ჯარისკაცს? საქართველო რომ მიყვარს, რომ ვუყურებდი, ხალხს როგორ ჩაგრავდნენ, მათ შორის, ამ შენობაში და გულმა არ გამიძლო, ამიტომ ვზივარ მე ციხეში. მაგრამ ჯანდაბას. არ მინდა ზედმეტი პათეტიკა, მაგრამ საკანში მერაბ კოსტავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ კვინიტაძის და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიკიდია. ეგენი არიან, ვის გამოც ვცხოვრობ.

ვგრძნობ, რომ მალე გაიღება ციხე და მალე გამოვლენ. ვენაცვალე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ქალების ციხეა გვერდით. აღფრთოვანებული ვარ. საქართველოს ისტორიაში ერთ ძალიან მაგარ ფურცელს და თავს წერენ მზია ამაღლობელი და დანარჩენები. ელენე ხოშტარიაც, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია, მაგარი გოგოა, ვაჟკაცი. ის რუსი გოგოც, ზინოვკინა. თამარ ლორთქიფანიძე, გამბედავი და შეუპოვარი გოგო ბავშვობიდან, რომელიც ბავშვობიდან ვიცი, საბურთალოდან. 18-19 წლის ბავშვები, გამაოგნეს, ისეთი ვაჟკაცები, გაუტეხლები არიან.

მაგარი ამბავი ისაა, რომ პოლიტიკურმა, ცვლილებების ზურგის ქარმა დაუბერა ჩვენს სასარგებლოდ. რუსთაველზე მყოფი ხალხის შეუპოვრობა რომ არა, მარშები რომ არა, ციხეში გამომწყვდეული პატარა, ჯერ კიდევ უწვერული ბიჭების შეუპოვრობა რომ არა, ქალების შეუვალობა რომ არა, ეს მომენტი არ დადგებოდა. ჩვენმა ზურგის ქარმა დაიწყო ბერვა. როგორმე გავუძლებ ამ ორვარსკვლავიან ტერორისტობას. მითუმეტეს, თავს ისე ვგრძნობ უკვე ციხეში, როგორც სახლში.

ძალიან საინტერესო ციხეში ვზივარ, სხვათა შორის. სულ მაინტერესებდა მენახა და აღმექვა, რეალური ციხე როგორია. რუსთავის მე-12 სუფთა სანატორიუმია, ხუთვარსკვლავიანი, ამასთან შედარებით. აქ არის ხმაურიანი, გემრიელი, ბინძური ციხე, ნამდვილი დუღილი ხდება ურთიერთობების. ჰოდა, კოვზი ნაცარში ჩავუგდე მეტი არაფერი გამიკეთებია. სხვა გზა აღარ დარჩათ, ჯეკას მოიყვანენ, იმ ჯოხიანი შარმანაშვილის კადრები გაუშვეს და დამაბრალეს მე.

ერთი რამ მამოძრავებს, რომ ამ ქვეყანას კარგი რაღაცები გავუკეთო. ხან მეშლება, ხან გამომდის, ხან არა. მაგრამ ვცდილობ. ციხესიმაგრეები მიყვარს ბავშვობიდან. ისტორიული მემკვიდრეობა ჩვენი, რომელსაც ძალიან ცუდად ვექცევით. უმადურად ვექცევით. ამ ნაგებობებმა გადაგვარჩინეს ფიზიკურად, როგორც ერი. შესაბამისად, ციხეში ყოფნის დრო იმისთვის გამოვიყენე, ამბისთვის, რა ჯდებოდა, ვინ აშენებდა, პონტიფიკატორი ვინ იყო. ტექსტი დავწერე, გამომცემლობას გადავუგზავნე. პრეზენტაცია როდის იქნება, არ ვიცი. ახლა არდადეგები მაქვს. მერე კიდევ რაღაცას დავწერ.


დღევანდელ მოსამზადებელ სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებობს ერთადერთი მტკიცებულება, ე.წ. ოდოროლოგიური კვლევა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით კი შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო:

ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ 2025 წლის 4 მაისის ეპიზოდზე გამოძიება მიმდინარეობდა სხვისი ქონების დაზიანების და არა ტერორიზმის მუხლით. კვალიფიკაცია შეცვალეს ბოლოს. ადვოკატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ როდესაც ბრალდება მიხვდა, შეუძლებელია იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის იმის დამტკიცება, რომ 2 ლიტრი ბენზინით 3 ჰექტარი ფართობისა და შენობა-ნაგებობების გადაწვა უნდოდა, დაიწყეს მტკიცება, რომ დამხმარე შენობების გადაწვით აპირებდა ამის გაკეთებას.

ალეკო ელისაშვილი უკვე ბრალდებულია ტერორიზმის ერთ ეპიზოდში. მას ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას. ამ საქმეზე არსებითი განხილვის პირველი ეპიზოდიც სწორედ დღეს შედგა, ახალ ბრალთან დაკავშირებით მოსამზადებელ სხდომამდე ერთი საათით ადრე. ამ ეტაპიდან ელისაშვილის საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახლა უკვე მეორე პროკურორის მოთხოვნითაც და ორმაგად, ელისაშვილს აღკვეთილი აქვს გარესამყაროსთან კავშირი, კომუნიკაცია და სატელეფონო კავშირის უფლებაც, მათ შორის, ოჯახის წევრებთან.

„სუსი ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან“, — აცხადებენ ელისაშვილის ადვოკატები მისთვის წარდგენილ ახალ ბრალთან დაკავშირებით.

ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და შარშან მომხდარ ხანძარს ელისაშვილს ედავებიან – ადვოკატები