უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის არსებული „ცხელი ხაზი“ მოსკოვს აწვდიდა სტრატეგიულ ინფორმაციას ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამას მოწმობს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც გამოცემა The Insider-მა და მისმა საგამოძიებო პარტნიორებმა შეისწავლეს.

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, მასალები მიუთითებს, რომ სიიარტო კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, მათ შორის, ლობირებდა სანქცირებული ოლიგარქების, მათ შორის ალიშერ უსმანოვის დის, ევროკავშირის „შავ სიიდან“ ამოღებას. სხვა საუბარში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, სიიარტო აცხადებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტის დასაბლოკად და სთავაზობდა დახმარებას რუსული სუბიექტების გადასარჩენად. ის ასევე აღნიშნავდა, რომ ამ კოორდინირებულ რუსულ-უნგრულ ძალისხმევაში სლოვაკეთის მთავრობაც მონაწილეობდა.

ეს არის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომლებშიც შემდეგი მედიაორგანიზაციები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან: FRONTSTORY, The Insider, VSquare, Delfi Estonia და ICJK.

ნეტგაზეთი ჟურნალისტური ამ გამოძიების თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„ალიშერის თხოვნით გირეკავ“

2024 წლის 30 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პეტერ სიიარტო სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნდა, სულ რაღაც ერთ საათში მას სერგეი ლავროვმა დაურეკა. ლავროვმა აღნიშნა, რომ ვიზიტის შემდეგ სიიარტოს ციტატები მთელ რუსულ მედიას მოედო.

„რამე არასწორად ვთქვი?“ — ანერვიულებულმა იკითხა სიიარტომ. „არა, არა. პირიქით, ამბობდნენ, რომ თქვენ პრაგმატულად იბრძვით თქვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“.

ლავროვის ზარის მიზეზი კონკრეტული თხოვნა იყო: რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს სურდა, მისი და, გულბაჰორ ისმაილოვა, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ, სიიარტო კი დახმარებას დაჰპირდა. უსმანოვი რუსულ-უზბეკური წარმოშობის მაგნატია, რომელმაც ქონება რუსეთში სამთო მოპოვებით, ტელეკომუნიკაციებითა და მედიით დააგროვა. იგი მიჩნეულია პუტინის ერთ-ერთ ფავორიტ ბიზნესმენად, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან „განსაკუთრებით ახლო კავშირები“ აქვს.

„მისმინე, ალიშერის თხოვნით გირეკავ. მან მთხოვა შეგახსენო, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებდი“, — უთხრა ლავროვმა. „დიახ, რა თქმა უნდა“, — უპასუხა სიიარტომ. „საქმე იმაშია, რომ სლოვაკებთან ერთად ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ. ამას მომავალ კვირას გავაკეთებთ… ყველაფერს ვიღონებთ, რომ ის სიიდან ამოვიდეს“.

ლავროვი კმაყოფილი დარჩა და მადლობა გადაუხადა სიიარტოს „მხარდაჭერისთვის და ყველა სფეროში თანასწორობისთვის ბრძოლისთვის“.

საუბრის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა ევროკავშირისა და პროუკრაინული ქვეყნების ლანძღვაზე გადაინაცვლეს. ორივე მათგანმა გააკრიტიკა ჟოზეფ ბორელი, რომელსაც ლავროვმა თავისი „უდიდესი იმედგაცრუება“ უწოდა, სიიარტომ კი დამცინავად „ევროპელი ბაიდენი“ შეარქვა. ლავროვმა აღნიშნა, რომ ბორელი ბევრად უფრო „გონიერი“ იყო, როდესაც მხოლოდ მადრიდის ინტერესებს წარმოადგენდა. „ანუ, შენი ქვეყნის დასახელება არ შეგიძლია, მაგრამ შენი გენდერი უნდა დაასახელო, არა?“ — ირონიულად იკითხა ლავროვმა ბიუროკრატიულ პროტოკოლებზე საუბრისას.

დამშვიდობებისას უნგრელმა მინისტრმა აღფრთოვანება გამოხატა „გაზპრომის“ ახალი სათავო ოფისის გამო, რომელიც რუსეთში მოინახულა და დაამატა: „მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ“.

შვიდი თვის შემდეგ, ისმაილოვა ევროკავშირის სანქციების სიიდან მართლაც ამოიღეს.

უნგრელი კიმ ფილბი

ეს საუბარი, რომელიც ერთ-ერთია 2023-2025 წლებში შემდგარ მრავალ ზარს შორის, ხაზს უსვამს სიიარტოს (რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნას წარმოადგენს) და ლავროვის (რომელიც ოკუპანტ და ნატოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელ ქვეყანას წარმოადგენს) განსაკუთრებულ სიახლოვეს. საუბრებში ფიგურირებს სენსიტიური ინფორმაცია ბუდაპეშტისა და ბრიუსელის შიდა დისკუსიებზე, რაც კრემლისთვის უდავოდ საინტერესოა. ეს ასევე არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დგას რუსეთი ფარულად უნგრეთისა და სლოვაკეთის მცდელობების უკან, შეაფერხონ სანქციები რუსი პირებისა თუ სუბიექტების წინააღმდეგ.

ევროპის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სპეცსამსახურებიდან, საუბრების გაცნობის შემდეგ, აღნიშნა: „სახელები რომ წაშალოთ და ეს ტრანსკრიპტები ოპერატიულ მუშაკს აჩვენოთ, ის დაიფიცებს, რომ ეს არის სპეცსამსახურის ოფიცრისა და მისი აგენტის საუბარი“.

სიიარტოს მზაობა, ჩუმად იმოქმედოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ევროკავშირის დონეზე, ხსნის, თუ რატომ დებს მოსკოვი დიდ რესურსს იმაში, რომ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ ხელისუფლებაში დარჩნენ. დამოუკიდებელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ ორბანი საგრძნობლად ჩამორჩება პეტერ მადიარის პარტია „ტისას“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა სერგეი კირიენკოს (პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს) დაავალა ორბანის კამპანიის ფარული მხარდაჭერა.

სიიარტოსა და ლავროვის მეგობრობა აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ გაჟონილი ჩანაწერები პირველად აჩვენებს მათი კოლაბორაციის მასშტაბებს. მაგალითად, 30 აგვისტოს ზარის დროს, სიიარტომ ლავროვს დეტალურად მოუყვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ. მან დასცინა ლიეტუვის იმდროინდელ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროპელი კლიენტები რუსულ ნავთობსა და გაზში ფულის გადახდით აფინანსებენ რუსულ რაკეტებს.

თავად ლანდსბერგისმა დაადასტურა ამ საუბრის შინაარსი: „როგორც ჩანს, მთელი ამ დროის განმავლობაში პუტინს ჰყავდა და ჰყავს თავისი „თხუნელა“ ევროკავშირისა და ნატოს ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე… ყოველ თაობას ჰყავს თავისი კიმ ფილბი (ცივი ომის დროინდელი კგბ-ს ცნობილი ჯაშუში). როგორც ჩანს, პეტერ სიიარტო ამ როლს ენთუზიაზმით ასრულებს“.

ანალოგია უფრო ღრმაა: ფილბიმცა და სიიარტომაც მიიღეს უმაღლესი რუსული ჯილდო, რაც შეიძლება უცხოელს გადაეცეს — „მეგობრობის ორდენი“. სიიარტოს ის პირადად ლავროვმა გადასცა 2021 წლის 30 დეკემბერს.

სახელების ამოშლა სიიდან

უსმანოვის დის გარდა, სიიარტო სხვა გავლენიანი რუსების ინტერესებსაც იცავდა. ისმაილოვასთან ერთად სანქციები მოეხსნათ ბიზნესმენ ვიაჩესლავ მოშე კანტორს და სპორტის მინისტრ მიხეილ დეგტიარიოვს. 2025 წლის მარტში უნგრეთი და სლოვაკეთი იმუქრებოდნენ, რომ დაბლოკავდნენ სანქციების გაგრძელებას, თუ ამ პირებს სიიდან არ ამოიღებდნენ.

ევროკავშირი სანქციების გაგრძელებას კენჭს ყოველ ექვს თვეში უყრის და ამისთვის 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ეს უნგრეთს აძლევს ბერკეტს, მძევლად აიყვანო სანქციების მთელი რეჟიმი რამდენიმე კონკრეტული ადამიანის გამო.

გულბაჰორ ისმაილოვა უსმანოვის ერთ-ერთი დაა. ის დასანქცირებულია აშშ-ის, ბრიტანეთის, უკრაინისა და ესტონეთის მიერ. თავად უსმანოვი კი, რომლის აქტივები 3.4 მილიარდ დოლარს აღემატება, კვლავ რჩება დასავლურ სანქციებში.

უსმანოვისა და ისმაილოვას იურიდიულმა წარმომადგენელმა იოახიმ ნიკოლაუს შტაინჰეფელმა უარი თქვა კომენტარზე ლავროვისა და სიიარტოს საუბარზე, თუმცა აღნიშნა, რომ მისი კლიენტების წინააღმდეგ სანქციები „აბსურდული“ იყო.

საინტერესოა, რომ უსმანოვის დასაცავად მოკავშირეებს ევროკავშირის გარეთაც ეძებდნენ. მარტის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წერილი მისწერა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, სადაც უსმანოვს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა და მისი სანქციებიდან დახსნა ითხოვა.

ბრძოლა სანქციების წინააღმდეგ

სიიარტო კრემლს სხვა საკითხებშიც ეხმარებოდა. მოპოვებულია მასალები მისი საუბრის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პაველ სოროკინთან. სიიარტო მას ატყობინებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების იმ პაკეტის ჩასაშლელად, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ (ნავთობტანკერებს, რომლებითაც მოსკოვი სანქციებს გვერდს უვლის) ეხებოდა.

2025 წლის 30 ივნისის საუბარში სიიარტო სოროკინთან ჩიოდა, რომ ევროკავშირი მას არ აჩვენებდა დოკუმენტებს კომპანია „2Rivers“-ის (ყოფილი Coral Energy) შესახებ, რომელიც რუსულ ნავთობს ყიდდა. სიიარტო სთხოვდა რუსულ მხარეს, მიეწოდებინათ მისთვის არგუმენტები, რატომ იყო ამ კომპანიის სანქცირებიდან გადარჩენა „უნგრეთის ინტერესში“, რათა მას ეს ბრიუსელში გამოეყენებინა.

საუბარი ამტკიცებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა მხოლოდ იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს, არამედ აქტიურად ითხოვს მათ რუსი მაღალჩინოსნებისგან.

მიუხედავად სიიარტოს მცდელობისა, 2025 წლის 18 ივლისს ევროკავშირმა მაინც მიიღო მე-18 სანქციების პაკეტი, თუმცა გაურკვეველია, ხომ არ იქნებოდა ის კიდევ უფრო ეფექტური, სიიარტოს რომ გარკვეული სუბიექტები სიიდან არ ამოეღო.

დასკვნა

2026 წლის მარტში Washington Post-მა დაწერა, რომ სიიარტო ევროკავშირის სხდომების შესვენებების დროსაც კი ტელეფონით აწვდიდა ინფორმაციას ლავროვს, თითქმის რეალურ დროში. „წლების განმავლობაში ევროკავშირის ყველა შეხვედრაზე, ფაქტობრივად, მაგიდასთან მოსკოვიც იჯდა“, — ციტირებს გამოცემა ევროპელ მაღალჩინოსანს.

უნგრეთის მთავრობამ ეს ცნობები „პროუკრაინულ პროპაგანდად“ მონათლა, თუმცა სიიარტოს სულ უფრო ხშირად ხვდებიან პროტესტით საკუთარ ქვეყანაში. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მას ხშირად ეძახიან „მოღალატეს“ და „რუს ჯაშუშს“.

უნგრეთის ჩარევა სანქციების პოლიტიკაში 2022 წლიდან დაიწყო — პატრიარქ კირილის სიიდან ამოღებით, რასაც მოჰყვა სხვადასხვა ოლიგარქების, ბიზნესმენებისა და ორგანიზაციების ლობირება. 2026 წლის მარტისთვის სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირმა დაიწყო უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რათა თავიდან აიცილონ სტრატეგიული მონაცემების მოსკოვში გაჟონვა.