სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდი პრობლემად ასახელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვას.
ფაშინიანის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.
მისი თქმით, სომხეთი მზად არის იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ამას ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად.
„ახლა, [ევროინტეგრაციის შესახებ] კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი კითხულობს, თუ როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი ნათელია: არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე“, — განაცხადა ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
შესაბამისად, ფაშინიანის თქმით, სომხეთის ამოცანა არის რეფორმების გზის გაგრძელება და ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების ობიექტურად დაკმაყოფილება.
„როცა ეს მოხდება, ორი გზა არსებობს: ან ევროკავშირი მიგვიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს, ან არ მიგვიღებს. ასე ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, ევროკავშირის გაფართოება არ არის მარტივი საკითხი, ასევე, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. შესაბამისად, თუ ევროკავშირი სომხეთს მიიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს, ძალიან კარგი. თუ არ მიგვიღებს, ჩვენ მაინც მოვიგებთ, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ამ კონტექსტში ისაუბრა ფაშინიანმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაყინვის შესახებ, რაც მისი თქმით, მთავარი წინაღობაა სომხეთისთვისაც.
„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. და ჩვენ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს უფრო ხელშესახებს ხდიდა ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პერსპექტივას და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“, — განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს შესახებ ისაუბრა ფაშინიანმა ვაჭრობის კონტექსტშიც. მისი თქმით, სომხეთი ემზადება, გამოიყენოს საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის.
„იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულება აზერბაიჯანიც გახდება. სომხეთს აზერბაიჯანიდან უკვე შემოაქვს ნავთობპროდუქტები, რამაც ჩვენს ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების კლება გამოიწვია და დაარღვია ნავთობპროდუქტების ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
