უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 36 წლის ქართველი კაცი, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული ბაზა შეერთებული შტატებისათვი სწარმოადგენს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავება ორშაბათს განხორციელდა.
მამაკაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აიყვანეს.
კრეტაზე მდებარე სუდის ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ახლახან ბაზას აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია მარაგების შესავსებად,, სანამ გეზს ახლო აღმოსავლეთისკენ აიღებდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ამოღებული ციფრული მტკიცებულებების შესწავლა.
საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილის ტელეფონში აღმოჩენილია ამერიკული ავიამზიდის ფოტოები. ამასთანავე, სამართალდამცავები იკვლევენ მამაკაცის შესაძლო კავშირს ირანში მყოფ პირთან, რომელთანაც კომუნიკაცია მობილური აპლიკაციის საშუალებით ჰქონდა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდის ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენება ჯერ არ მიუცია.
აღსანიშნავია, რომ ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი (აზერბაიჯანის მოქალაქე) დააკავა, რომელიც ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ კრეტაზე მდებარე საზღვაო და საჰაერო ბაზის სიახლოვეს ცხოვრობდა.
აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც შაბათს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელეს. ხელისუფლება იკვლევს, არის თუ არა კავშირი ამ ორ შემთხვევას შორის.





