პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში შალვა პაპუაშვილმა იმანიპულირა, როდესაც მზია ამაღლობელის სასჯელი შეადარა იმ ფრანგი მონარქისტის განაჩენს, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნა.
რა ხდება
მზია ამაღლობელის საკითხი შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ნათია კუპრაშვილთან პოლემიკაში განიხილა. კუპრაშვილი, მას მზიას გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა და მათ შორის აპელირებდა სასჯელის არაპროპორციულობაზე ქმედებასთან მიმართებით. როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში პოლიციელისთვის გაწნული სილის გამო ზის.
“პროპორციულზეც მოგახსენებთ ზუსტად, რაც ასევე ტყუილია…
…საფრანგეთში მაკრონს ადამიანი თავს დაესხა და რამდენი მიუსაჯეს იცით? 18 თვე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და განავითარა ლოგიკა, რომ უცხოელი დიპლომატების წაქეზების ბრალია ის, რომ ამაღლობელმა არ აღიარა დანაშაული და უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე.
ვინ გააწნა სილა პრეზიდენტ მაკრონს
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა ახალგაზრდა ფრანგმა მამაკაცმა, სახელად დამიენ ტარელმა მართლაც გააწნა.
ეს ინციდენტი მოხდა 2021 წლის 8 ივნისს, როდესაც მაკრონი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა. პრეზიდენტი ხალხთან მისალმების მიზნით ბარიერთან მივიდა, რა დროსაც ტარელმა მას სახეში სილა გააწნა და თან იყვირა: „Montjoie Saint-Denis!“ (ძველი ფრანგული სამეფო საბრძოლო ყიჟინა) და „ძირს მაკრონიზმი!“.
დამიენ ტარელი, რომელიც მონარქისტული იდეების მიმდევარი იყო, მალევე დააკავეს. სასამართლო პროცესზე მან აღიარა, რომ სილა გააწნა და განაცხადა, რომ ეს წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი. მისი თქმით, პროტესტის დაფიქსირება სურდა და სილის გაწვნა სპონტანურად მოხდა, თუმცა თქვა, რომ მაკრონი საფრანგეთის დაცემის სიმბოლოდ მიაჩნდა და ქმედება არ ინანა.
სად არის მანიპულაცია?
შალვა პაპუაშვილი მართალია იმაში, რომ სასამართლომ მას 18-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა უშუალოდ ციხეში მას მხოლოდ 4 თვის გატარება მოუწია. 14 თვე პირობითი სასჯელი იყო. სასამართლოზე ტარელს არ უნანია მომხდარი. ის თავს მაკრონის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუშიც თქვა, რომ მომხდარს არ ნანობს.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის შემთხვევას. დგებუაძეს რომ სილა ნამდვილად გააწნა, ეს მზიამაც აღიარა და არ უარუყვია. თქვა, რომ მოძალადეს, რომელმაც სახეში აფურთხა და ტუალეტით სარგებლობის უფლება არ მისცა, ბოდიშს არ მოუხდის. უშუალოდ სილის გაწვნას მან იმპულსური რეაქცია უწოდა შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებაზე.
რაც შეეხება ბრალის აღიარებას და საპროცესო შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მზიას წაუყენა ისეთი მძიმე მუხლი (თავდასხმა), რომელიც მხოლოდ პატიმრობას ითვალისწინებდა ისიც 4-დან 7-წლამდე. სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ანუ თავდასხმის აღიარებას სთავაზობდა პროკურატურა ამაღლობელს და ამას უნდა დაჰფუძნებოდა საპროცესო შეთანხმება.
მზიამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მართალია სილის გაწვნას არ უარყოფდა და პასუხისმგებლობისთვისაც მზად იყო, ამ ქმედების თავდასხმად კვალიფიცირებას (რაც აუცილებლად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ნიშნავს) იგი ბოროტებას უწოდებდა. მისი ადვოკატები ამბობდნენ, რომ კანონმდებლობაში მოიძებნებოდა ბევრად უფრო მსუბუქი მუხლები, რომლებიც უშუალოდ სილის გაწვნას შეესაბამებოდნენ. დაცვის მხარის პოზიციით, ასეთი მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსში იყო. ადვოკატი მაია მწარიაშვილის შეფასებით, მზია ამაღლობელის დასჯა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით (ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით) სავსებით ადეკვატური იქნებოდა.
ანუ მზია აღიარებდა ფაქტს – სილის გაწვნას, მაგრამ არ აღიარებდა, რომ ეს ფაქტი “თავდასხმა” იყო, რაც საქართველოს კანონმდებლობით 7 წლამდე ციხით ისჯება.
საბოლოოდ მზიას 2-წლიანი პატიმრობა სულ სხვა მუხლით (პოლიციელისადმი წინააღმდეგობა) მიუსაჯეს. ეს მუხლი მანამდე სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული არც იყო და შესაბამისად დაცვის მხარემ მასზე სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება ვერც მოახერხა.
შეჯამებისთვის, დამიენ ტარელი საფრანგეთის პრეზიდენტისთვის გაწნული სილისთვის ციხეში მხოლოდ 4 თვე იჯდა, მზია უკვე წელიწადზე მეტია საპატიმროშია და იქ ჯამში 2 წლის გატარება მოუწევს.






