მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმი აქვეყნებს 2025 წლის მედიის თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშს (MapMF).
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს საქართველოში მედიის თავისუფლების 143 დარღვევა დაფიქსირდა.
„2025 წელს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, განაგრძო მკაცრი რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. MapMF-მა დააფიქსირა მედიის თავისუფლების 143 დარღვევა, რაც მიმართული იყო მედიასთან დაკავშირებული 263 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ. განსაკუთრებით საგანგაშო იყო სამართლებრივი თავდასხმების მკვეთრი ზრდა — 60 დოკუმენტირებული შემთხვევა (42%), წინა წელს დაფიქსირებულ 33 ინციდენტთან შედარებით. ყველა აღრიცხული ინციდენტიდან უმეტესობა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მიერ იყო ჩადენილი (28.0%), მათ მოსდევდა სამთავრობო და საჯარო მოხელეები (25.2%) და სასამართლო ხელისუფლება (18.9%)“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე და ნათქვამია, რომ საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე იგი იქცა სიმტკიცის სიმბოლოდ.
„აგვისტოს დასაწყისში, 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლო წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა და მაღალი პოლიტიზებულების მქონე სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს — საქართველოს ორი ყველაზე გამორჩეული დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს — მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი დაპატიმრების დღიდან ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები გახდნენ ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ფინანსური შურისძიების სამიზნე. მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე იგი იქცა სიმტკიცის სიმბოლოდ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში ჟურნალისტთა თვითნებური დაკავებები კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა.
„MapMF-მა დააფიქსირა ჟურნალისტების დაპატიმრების, ციხეში ჩასმის ან საზღვარზე დაკავების 18 შემთხვევა. ერთ-ერთი დაკავებული ჟურნალისტი იყო გურამ მურვანიძე, ამაღლობელის კოლეგა და მედიასაშუალება „ბათუმელების“ ოპერატორი, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ამაღლობელის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მაშინ, როდესაც პროტესტებსა და სოციალურ არეულობას აშუქებდა. ხელისუფლებამ მას ბრალი წაუყენა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებით. შემოდგომაზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნინია კაკაბაძე (Mediachecker-ის ჟურნალისტი) და მამუკა მგალობლიშვილი („პუბლიკა“)“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ უცხოელ ჟურნალისტებს.
„მათ შორის იყვნენ: ბრიტანელი ფრილანსერი ჟურნალისტი უილ ნილი, ფრანგი ფრილანსერი ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო და ჟურნალისტი კლემან ჟირარდო, იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა და შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი გრეგორ ზომერი“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რამდენიმე რეპრესიული საკანონმდებლო აქტი, მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტისა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონებთან ან უცხოური დაფინანსების ან გავლენის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით პრესის თავისუფლების 72 დარღვევა დააფიქსირეს, საიდანაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა (18) საქართველოში აღირიცხა, ხოლო ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე მაღალი რაოდენობა (18) უნგრეთში დაფიქსირდა.
„საქართველოში მკვეთრად გაიზარდა [მედიის წინააღმდეგ მიმართული] სამართლებრივი ქმედებები, რამაც დაფიქსირებული დარღვევების საერთო რაოდენობის 42% შეადგინა. 2025 წელს აღრიცხულია 60 ასეთი შემთხვევა, რაც თითქმის გაორმაგებულია 2024 წელს დაფიქსირებულ 33 შემთხვევასთან შედარებით. “
აპრილში „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ახალი ვერსია, სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც აწესებს ვალდებულებებს, რომელთა დარღვევაც ითვალისწინებს ჯარიმას 25,000 ლარამდე (8,250 ევრო) და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომელიც უცხოელ დონორებს ავალდებულებს, გრანტების გაცემამდე მიიღონ წინასწარი თანხმობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რომლებიც ივნისის დასაწყისში შევიდა ძალაში, გააფართოვა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები ფაქტობრივი სიზუსტის, სამართლიანობისა და კონფიდენციალურობის რეგულირების მიმართულებით — რაც მანამდე თვითრეგულირების მექანიზმით კონტროლდებოდა. ცვლილებებმა კომუნიკაციების კომისიას, რომელიც მიჩნეულია „მიტაცებულ“ მედიარეგულატორად, მისცა უფლება, დააწესოს ჯარიმები მაუწყებლის წლიური შემოსავლის 3%-მდე ან გააუქმოს მისი ლიცენზია ახალი წესების დარღვევის გამო.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც შეამცირა არსებული დაცვის გარანტიები და გაზარდა პასუხისმგებლობა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. იმავე თვეში პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა, აწარმოონ რეპორტაჟები სასამართლოებიდან.
ამ კანონების საფუძველზე დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები აქტიური თავდასხმის სამიზნე გახდნენ, მათ შორის ონლაინმედია „პროექტი 64“, ორგანიზაცია, რომელიც მართავს „მთის ამბებს“, და „ორგანიზებული დანაშაულის კვლევის მედიაცენტრი“, რომელიც მართავს საგამოძიებო გამოცემა „აიფაქტს“. ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შემოწმება „გრანტების შესახებ“ ახალი შემზღუდავი კანონის საფუძველზე და მათგან ახალი კანონმდებლობის შესაბამისად დონორებისა და გრანტების შესახებ მონაცემების გამჟღავნება მოითხოვა.
გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილებები მისცა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ფორმულა მულტიმედიას“, ასევე რადიომაუწყებლებს: „ჟურნალისტთა კავშირი — ხალხის ხმა“ (რადიო მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ (რადიო პოზიტივი)“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კვლავ დაუსჯელი რჩება, გამოძიებები ხშირ შემთხვევაში ფორმალურია, დამნაშავე პირები კი პასუხისგებაში არ მიცემულან.
„MapMF-ის მონაცემებით, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა 33 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი, მათი უმრავლესობა (21) — პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მხრიდან. თავდასხმების უმეტესობა მოხდა დემონსტრაციების დროს, სადაც სამიზნე 25 ჟურნალისტი იყო.
გარდა ამისა, 36 ჟურნალისტს დაეკისრა თვითნებური ჯარიმები, რომელთაგან 25 ასევე დემონსტრაციების კონტექსტში იყო მიზანში ამოღებული. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ისინი დააჯარიმეს ვითომდა „გზის გადაკეტვისთვის“ მაშინ, როდესაც რეალურად დემონსტრაციებს აშუქებდნენ და მათი, როგორც ჟურნალისტების, იდენტიფიცირება ადვილად შესაძლებელი იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც და ნათქვამია, რომ ის „მიტაცებულ“ საზოგადოებრივ მედიას წარმოადგენს.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს, გააძლიერა ცენზურა და ზეწოლა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკას გამოხატავდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან დაითხოვა ცნობილი ჟურნალისტები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის გამო, რასაც შემდგომში ზაუტაშვილის თოქ-შოუს გაუქმება მოჰყვა. MapMF-მა დააფიქსირა სამსახურის დაკარგვის ხუთი შემთხვევა, რომლებიც გამოწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებით და შეეხო 21 ჟურნალისტსა და მედიის თანამშრომელს“, – ნათქვამია ანგარიშში.
MFRR არის ევროპული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პრესისა და მედიის თავისუფლების დაცვას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „სწრაფი რეაგირების ჯგუფი“ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.
მისი ძირითადი ფუნქციებია:
მონიტორინგი და დოკუმენტირება: ისინი აკვირდებიან და აღრიცხავენ მედიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც).
იურიდიული და პრაქტიკული დახმარება: ჟურნალისტებს, რომლებიც სასამართლო დევნას ან ფიზიკურ საფრთხეს განიცდიან, MFRR სთავაზობს იურიდიულ კონსულტაციებს, გრანტებსა და თავშესაფარსაც კი (ჟურნალისტების რეზიდენციის პროგრამები).
ადვოკატირება: ისინი ხმას აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე, რათა მოხდეს პოლიტიკური რეაგირება.
ეს არ არის ერთი ცალკეული კომპანია, არამედ კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF). პროექტი თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
პარტნიორებს შორის არიან ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორიცაა:
ARTICLE 19
ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ხშირად ხვდება მათ ანგარიშებში. MFRR აქტიურად აკვირდება საქართველოში მედიაგარემოს, ჟურნალისტებზე თავდასხმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს.








