საზოგადოება

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლით დასჯადი გახდება

16 თებერვალი, 2026 •
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლით დასჯადი გახდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონში შესატანი მორიგი რეპრესიული ცვლილების განხილვისას ისაუბრეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, იმისთვის, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება დასჯადი იყოს, ორი მთავარი კომპონენტია მნიშნელოვანი, ეს უნდა ხდებოდეს კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემურად და საჯაროდ.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები სანამ ამ [კონსტიტუციური დამხობის] მოწოდებამდე მივლენ, ჯერ ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, რომ თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონმდებლობა, არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება პარლამენტის არჩევის გზით. საბოლოო ჯამში, ამ აღქმის შექმნის მიზანიც არის, რომ ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნაყოფიერი ნიადაგი და შემდეგ უკვე კონსტიტუციური დამხობის მცდელობა მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელ გარემოებად დაემატება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.  ამ დროს მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს შემდეგს:

„საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

სასჯელის სახით გთავაზობთ, რომ გამოყენებული იყოს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი